მთავარი,სიახლეები

მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

08.12.2022 •
მუქარა მოქალაქეობის წართმევაზე და „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება რუსეთის ინტერესებშია – ქაცარავა

დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ალუდა ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. დღეს, ასევე, მმართველი პარტიის წევრებმა იმაზე  გაამახვილეს ყურადღება, რომ კანონის თანახმად უკრაინაში მებრძოლები მოქალაქეობას დაკარგავენ. დეპუტატ ღუდუშაურის განცხადებას უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა გამოეხმაურა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

„ბათუმელები“ დავით ქაცარავას უკრაინაში დაუკავშირდა.

  • ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველების საწინააღმდეგო კამპანია, რას უკავშირებთ ამას?

ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ იმას, თუ ხელისუფლებას როგორ გადაჰყავს საქართველო რუსეთის ლიანდაგებზე. ფაქტობრივად, საქართველო დღეს მთლიანად მოექცა რუსეთის გავლენის ქვეშ და ამაზე მეტყველებს ის ყოველდღიური განცხადებები, რასაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ფაქტობრივად, ღიად გინების რეჟიმზე არიან გადასულები.

აგინებენ დასავლელ პარტნიორებს, ვხედავთ, როგორი შეტევა მიაქვთ უკრაინაზე, დღეს ალუდა ღუდუშაურმა პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა როგორც ცოცხალ, ასევე დაღუპულ გმირებს და „კიკუები“ უწოდა.

ბუნებრივია, ღუდუშაურისგან ვითხოვ ბოდიშის მოხდას ყველა გმირის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პირადად შევხვდე მას და მოვთხოვო ბოდიში.

სასამართლოსთვის მიმართვაზე არც მიფიქრია, რადგან დღეს სასამართლოც გახლავთ „ქართული ოცნების“ ხელში პოლიტიკური იარაღი და სამართლიანობის მოპოვების იმედი აბსოლუტურად არ მაქვს. ამიტომ ვითხოვ ღუდუშაურისგან ბოდიშის მოხდას პირადად. თუ არა და, პარლამენტის მთავარ შესასვლელთან დაველოდები იმდენი ხანი, სანამ არ მოიხდის ბოდიშს.

ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსული გავლენა ძლიერდება და საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთის ფილიალი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული გაფორმებაღა დარჩება, რომ ჩვენ გავხდეთ რუსეთის კოლონია.

  • ბოლო დროს ჩანს, რომ უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ საკმაოდ გააქტიურდნენ ტროლები სოციალურ ქსელებში, თქვენ პირადად თუ გრძნობთ იმავეს სოციალურ ქსელებში, თქვენ წინააღმდეგ გააქტიურებას?

პირადად მე ჩემს გვერდზე შევზღუდე კომენტარები და მხოლოდ მეგობრებს შეუძლიათ კომენტარების გაკეთება. თუმცა საერთო ფონს თუ გადავხედავთ, „ოცნება“ გადასულია აშკარა შეტევაზე, აშკარა შეურაცხყოფაზე, პროპაგანდაზე და, ფაქტობრივად, ამზადებენ პროვოკაციას, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს სამოქალაქო ომის დაწყებას.

  • „ქართული ოცნება“ აპირებს სამოქალაქო ომის პროვოცირებას?

დიახ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები საქართველოს ოკუპაციისთვის და შემდგომი ანექსიისთვის.

არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ რუსეთს მიმართოს – მიშველეთ, აი, ხომ ხედავთ რა ხდება, რადიკალური ოპოზიცია და რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები აქ დესტრუქციას აწყობენ და ესენი დავაშოშმინოთო.

რუსეთის ხელწერა ეს არის ერთმნიშვნელოვნად და ამას ვხედავთ ყველგან.

  • დღეს მამუკა მდინარაძემ ასევე გააჟღერა ქართველი მებრძოლებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხი, ამაზე რას ფიქრობთ?

არაფერია გამორიცხული, ეს არის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იმ ბინძურ, რუსულ პროპაგანდაში და რუსულ ნარატივში, რასაც „ქართული ოცნება“ აჟღერებს და ტრანსლირებს.

ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება რუსულ ინტერესებს, როდესაც საუბარს იწყებენ მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე.

  • თუკი მართლა დაიწყებენ მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურებს, რას აპირებთ ასეთ შემთხვევაში?

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს ალტერნატივა არ ექნება. ეს იქნება პროტესტი, რომელიც შეიკრიბება და არ დაიშლება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს ან არ ვიცით, რა მოთხოვნები შეიძლება დადგეს მომიტინგეების მხრიდან.

თუ ეს პროცესი დაიძვრება და ამის ნიშანი, სიგნალი იქნება ხელისუფლების მხრიდან, უნდა დაიწყოს პროტესტი, რომელიც არ დასრულდება. ვიმედოვნებ, რომ ეს პროტესტი დასრულდება „ქართული ოცნების“ მარცხით.

  • პრემიერ ღარიბაშვილზე მინდა გკითხოთ, თავდაპირველად მან თქვა, რომ „ომის პარტიას“ მიჰყავს ქართველები უკრაინაში საომრად, შემდეგ კი ეს შეფასება ოდნავ შეარბილა. რა აიძულებს პრემიერს ასე მოიქცეს?

ღარიბაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა პირველი განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა გმირებს, ეს იყო ალბათ მორიგი შეურაცხყოფა, რომელიც ისევ და ისევ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც ახლა თვალყურს ვადევნებთ ყველა.

იქნება ეს მოქალაქეობის წართმევასთან დაკავშირებული განცხადება, „კიკუებად“ ჩვენი მოხსენიება თუ სხვა, ყველაფერი ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ის „სამძიმარიც“, რომელიც პრემიერმა, ფაქტობრივად, გადმოგვაფურთხა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის და აბსოლუტურად სამართლიანი აღშფოთების გამო იყო, თუმცა ამას მოაყოლა შეურაცხმყოფელი ზღაპრები.

ესეც არის მოგონილი ნარატივი, რომელიც მებრძოლებს და მათი ოჯახის წევრებს უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს.

  • რატომ იბრძვით ქართველები უკრაინაში, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ საზოგადოებას?

ეს არის ჩვენი ომიც მათ შორის, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც. მარტივად ამბობენ უკრაინელები: 2 ქვეყანა – 1 მტერი.

ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ დღეს თუ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომია. ეს ჩვენი ომია და ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა.

ამიტომ ქართველებმა, დიახ, უნდა ვიბრძოლოთ უკრაინელების გვერდიგვერდ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს საერთო მტერი დამარცხდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: