მთავარი,სიახლეები

„მეზღვაურებო, გააპროტესტეთ, დაგმეთ რუსული საქმე“ – მეზღვაურის მიმართვა კოლეგებს

08.03.2023 • 1064
„მეზღვაურებო, გააპროტესტეთ, დაგმეთ რუსული საქმე“ – მეზღვაურის მიმართვა კოლეგებს

„მე, როგორც გერმანული ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო კომპანიის, Reederei Nord-ის მეზღვაურს, მემუქრება აგენტურული იარლიყის მიკვრა!

თქვენც, ვინც ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ, გემუქრებათ ეს ყველაფერი!“ – ამ სიტყვებით მიმართავს საზღვაო აკადემიის სტუდენტებს სულო ჩებინოვი, რომელიც ბათუმის საზღვაო ნავიგაციის კურსდამთავრებული და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა.

ის პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.

„პროფესიით ვარ მეზღვაური.

თავს ვალდებულად ვთვლი, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, ღირსეული საქმის მკეთებელ მეზღვაურებს, რომ მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით!

მეზღვაურებო, გააპროტესტეთ ის, რაც დღეს ხდება, ამოიღეთ ხმა, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შორეული ნაოსნობიდან დაბრუნებულებს, რუსეთში არ მოგვიწიოს ჩამოსვლა“ – ამბობს სულო ჩებინოვი.

სულო ჩებინოვი, მეზღვაური

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მიმდინარეობს.

„უნდა გავერთიანდეთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც პრორუსი მთავრობა გვთავაზობს. დღეს რაც ხდება, არის სრული მარაზმი და დანაშაული ქართველი ერის წინაშე.

გააპროტესტეთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, დაგმეთ რუსული საქმე, დაგმეთ „შულავერის კომიტეტის“ 76 მონა.

ჩვენი ურთულესი პროფესიიდან გამომდინარე, ნახევარი ცხოვრების გემზე გატარება გვიწევს, ნუთუ მეორე ნახევარი რუსეთში გვინდა მოისპოს?!

გვარწმუნებენ, რომ ფიზიკურ პირზე არ გავრცელდება ეს კანონი და რა მოხდა რუსეთში? – დღეს, ყველა ადამიანი, ვინც არ ეთანხმება რუსეთის ტერორისტულ რეჟიმს, აგენტად და ხალხის მტრად არის გამოცხადებული. რეპრესიების თავიდან ასაცილებლად, ყველას დატოვებული აქვს ქვეყანა.

მე, როგორც გერმანული ერთ-ერთი წამყვანი საზღვაო კომპანიის მეზღვაურს, მემუქრება აგენტურული იარლიყის მიკვრა!

თქვენც, ვინც ურთულეს და უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ, გემუქრებათ ეს ყველაფერი!

თქვენ ხართ სტუდენტების და ახალი თაობის მაგალითი. თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ ის, თუ როგორ გიყვართ თქვენი სამშობლო.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოხატოთ თქვენი მოსაზრება ამ ბინძური კანონის წინააღმდეგ“ – ამბობს სულო ჩებინოვი.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ, რომლის მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა. კანონი მიღებული აქვს რუსეთს, რის შემდეგაც რუსეთში გაქრა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია და მედია.

საზოგადოება რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიან აქციებს მართავს. გუშინდელი აქცია თბილისში ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბია.

საპროტესტო აქციები დღესაც იმართება თბილისსა და ბათუმში.

__________________

მსგავს თემაზე:

მივმართავ ბსუ-ს რექტორს, ღიად გამოხატოს თავისი პოციზია რუსულ კანონზე – სტუდენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: