დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების აქცია გაგრძელდება.
პირველი აქცია ბათუმში გუშინ, 7 მარტს, სპონტანურად, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დაანონსებული 9 მარტისა, კანონპროექტს 7 მარტს განიხილავდა.
გარდა ამისა, დღეს საქართველოს ყველა ქალაქში რუსული კანონის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის მიერ, დაგეგმილია საპროტესტო მარში “ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ”. ბათუმში მსვლელობა 14:00 საათზე, სასამართლოს შენობასთან დაიწყება და 15:00 საათზე ევროპის მოედანზე გადაინაცვლებს.
ასევე, დღეს, 17:00 საათზე, ბათუმელი სტუდენტები იკრიბებიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, შადრევანთან, ისინი ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძვრებიან.
„ვნახავთ რეალურად რას წარმოადგენს ახალგაზრდული ძალა და ვაჩვენებთ სხვებსაც. განსაკუთრებით უნდა ვაჩვენოთ ლექტორებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არ არიან და იმ ხალხს, რომლებიც ისტორიის არასწორ მხარეს დგანან” – წერენ სტუდენტები.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. გუშინ, 7 მარტს, აქციაზე, მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანი ისროლა აქციის ზოგიერთმა მონაწილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 7 მარტს, ადმინისტრაციული წესით 66 ადამიანი დააკავეს.