მთავარი,სიახლეები

დაუწესდეს სანქციები კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს – ქართველი ემიგრანტების მიმართა ევროკავშირს

08.03.2023 • 1266
დაუწესდეს სანქციები კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს – ქართველი ემიგრანტების მიმართა ევროკავშირს

ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვის თხოვნით ევროკავშირის ინსტიტუტებს  წერილობით მიმართეს. ემიგრანტები შეშფოთებას გამოხატავენ რუსული კანონპროექტის გამო და აცხადებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

ქართველი ემიგრანტები ევროპის სტრუქტურებს სთხოვენ:

  • „გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერა
  • დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც არიან უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ინიციატორები და მხარდამჭერები
  • დაუწესდეს პირადი სანქციები საქართველოს არაფორმალურ მმართველ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მისი როლისა და გავლენისთვის საქართველოს მმართველ პარტიაზე, მთავრობასა და დემოკრატიის მოშლაში, როგორც ეს უკვე აღინიშნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში“,

„ქართველი ემიგრანტები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები, რომელთა წლიური შემოსავლის 20% ან მეტი „უცხოური ძალისგანაა“ მიღებული, სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ფინანსური სანქციები, ხოლო შემდეგ სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

საქართველოში სამოქალაქო სექტორს ევროპის კავშირი მხარს აქტიურად უჭერს. ევროპის კავშირსა და მის წევრ ქვეყნებში არსებული ფონდების მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ათწლეულებია, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს, როგორც ქართული საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდებაზე, ისე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის.

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ რუსული კანონპროექტი კი აღვივებს არასამთავრობო სექტორის, მედიის, ასოციაციების, სათემო ორგანიზაციების თუ პროფკავშირების მიმართ მტრულ დამოკიდებულებას.

პარალელურად, „ქართული ოცნების“ სატელიტი, პრორუსული და კონსერვატიული ძალების ღია მუქარები საფრთხეს უქმნის აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა საქმიანობასა და პირად უსაფრთხოებას.

მაგალითად, კრემლის მიერ დაფინანსებული, პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ საკუთარ ეთერებსა და სოციალურ ქსელებში, ასახელებს ამა თუ იმ აქტივისტს და ღიად ემუქრება „აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ ფიზიკური განადგურებით.

„ქართული ოცნების“ ღია მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟია, რაც 2022 წლის ივნისში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიურ გადაწყვეტილებაშიც გამოიხატა.

ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია. ევრო-ატლანტიკური კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებმა მრავალჯერ დაადასტურეს.

ის ასევე განსხეულებულია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც ეროვნული თვითმიზანი“- წერენ ემიგრანტები ევროსტრუქტურებში გაგზავნილ წერილში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროპულ ოჯახში გაწევრიანების უნიკალური შანსი მიეცა, „თუმცა დღეს, საქართველოს მოქალაქეებს – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ – ამ შესაძლებლობას პრორუსული სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ ართმევს.

აღნიშნული წერილის ხელმომწერები მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ინიცირებული კანონპროექტი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.

კანონპროექტის თითოეული მხარდამჭერი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ეს არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართული ღია ნაბიჯი, რომლის მიღებაც ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე უარის თქმას.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს არა მხოლოდ დასავლეთისკენ გზის ჩარაზვას, არამედ ქართული საზოგადოების 80%-ზე მეტისთვის ღიად თქმას, რომ ჩვენ აღარ გვექნება ევროპული მომავალი, მაგრამ გვექნება რუსული.

იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმყოფება „მოლოდინის რეჟიმში“ და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, უცხოური გავლენის აგენტების კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყებაც დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის“ – ნათქვამია წერილში, რომელიც ემიგრანტებმა დღეს, 7 მარტს,  ევროპის პარლამენტს, ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს გაუგზავნეს.

ამ დროისთვის წერილს ხელს აწერს 473 ემიგრანტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

„ბათუმელები“ წერილის ერთ-ერთ ავტორს, კრისტინა პიტალსკაიას ესაუბრა, რომელიც ამ დროისთვის ბელგიაში ცხოვრობს.

მისი თქმით, ქართველი ემიგრანტები აპირებენ შესაძლებლობის ფარგლებში ყველას მიაწვდინონ მათი ხმა და დაიცვან საქართველოს ევროპული არჩევანი.

„მიმართვას ხელს აწერენ ქართველი ემიგრანტები ევროპაში და მის გარეთ, განურჩევლად პროფესიისა და პოლიტიკური გემოვნებისა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის დასაცავად და წინ ვუდგებით ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსეთთან დაახლოების მცდელობას“-ნათქვამის წერილში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: