მთავარი,სიახლეები

უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს

28.02.2023 • 1125
უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი – მონაზონი ილია II-ს

მონაზონი დედა სიდონია  ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის პატრიარქ ილია მეორეს და სხვა სასულიერო პირებს მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით. „უნდა ვიცოდეთ რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ – რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა“, – ამბობს მონაზონი.

მონაზონმა ვიდეომიმართვა დღეს, 28 თებერვალს, გაავრცელა:

„პატრიარქო! 17 წლისამ გაგიცანით, როცა მონასტერში მოვედი.

იმ წლებში, მოგეხსენებათ ეროვნული თვითშეგნება მაღალი იყო და გარდა სარწმუნოებისა, სამშობლოს სიყვარულმა მაგრძნობინა თავი იმდენად ზრდასრულად, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა!

თქვენ შემმოსეთ, თქვენ მიწოდეთ სიდონია 20 წლის ასაკში!

17 წლის ასაკში „გავწირე“ თავი – თავის უარსაყოფად! წელს 50-ის ვხდები და სამშობლო ისევ იგივე განსაცდელშია!

ალბათ მოგეხსენებათ უნდა დააკანონ „უცხოეთის აგენტის“ კანონი, ეს სამშობლოს დააკარგვინებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ის ადამიანები უნდათ, რომ იწოდებოდნენ უცხოეთის აგენტებად, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს მეცნიერება, ხელოვნება, ეკონომიკა, როგორღაც ჩიხიდან გამოიყვანეს უცხოეთიდან დაფინანსებული წარმოებით და უამრავმა ქართველმა ნახა ამით განვითარება.

ჩემთვის ისიც გაუგებარია, რატომ ითვლება დასავლეთიდან დაფინანსება „უცხოეთის აგენტებად“ და განიხილება თუ არა რუსეთიდან შემოსული დაფინანსება ამ კანონში?

პატრიარქო! თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს ქვეყანას, განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომელიც მე ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გავწირე?

სამშობლოსთვის, ქართველი ხალხის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თქვენ უნდა გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი და ხალხს უთხრათ სიმართლე, თუ რა განსაცდელის წინაშე დგას სახელმწიფოს თავისუფლება, თუ ამ რუსულ კანონს მიიღებენ.

არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს რუსეთთან ხედავთ. თვითონ რუსეთი არ ვითარდება, ის რომ ვითარდებოდეს, შეიძლება პირველი ჩვენ წავსულიყავით მასთან, რუსეთი კი არ გვძულს, გვძულს მისი ქმედებანი, რომელსაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და არა მარტო ჩვენი.

ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, თავმოყვარე ერი უნდა შევდგეთ. ღმერთს ვერ ვიპოვით, თუ თავისუფლება ვერ ვიპოვეთ, თუ საკუთარი თავი ვერ ვიპოვეთ.

პატრიარქო, თუ არ არის თქვენი მიზანმიმართული არჩევანი რუსეთი, ეპისკოპოსებო, ნუ შეიკეტებით საკუთარ კეთილდღეობაში. თქვენ იმიტომ მოგენდოთ ხალხი, რომ სამშობლო, მისი მომავალი უნდა დაიცვათ.

მარტო ლოცვა რომ იყოს საკმარისი, მაშინ ამბორისი ხელაიაც ლოცვით შემოიფარგლებოდა და არ გააკეთებდა იმ განცხადებებს, რის გამოც ის ძალიან გვიყვარს და დღემდე ითვლება ღირსეულ პატრიარქად.

დღეს 19-20 წლის ბიჭები თავს სწირავენ უკრაინაში სამშობლოსთვის და დღეს ეს ღირსებაა. საქართველო იარსებებს თუ არა როგორც სამშობლო, ასეთ თავგანწირვაზეა დამოკიდებული.

თქვენი არჩევანი აგვიხსენით. ნუ ხართ ჩუმად, ნუ დუმხართ მონაზვნებო, მღვდლებო, ეპისკოპოსებო, ეს ჩვენი ვალია.

ჩვენ არ ვართ რაღაც ცალკე განყენებული ორგანიზმი. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რას ვემსახურებით. ვლოცულობთ? რისთვის ვლოცულობთ, – რუსეთი გვინდა, თუ საქართველოს დამოუკიდებლობა.

დღეს რუსეთი საქართველოს იმას ვერ მისცემს, რისი იმედიც ერეკლე მეორეს ჰქონდა და ძალიან გაუცრუვდა ეს იმედი.

დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და იქნებ, როგორმე გავაცნობიეროთ ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე“, – ამბობს დედა სიდონია თავის ვიდეომიმართვაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: