მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

28.02.2023
რა საფრთხის შემცველია მუსიკის ხმამაღლა მოსმენა ყურსასმენებით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მილიარდი ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში შესაძლოა სმენის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, ძირითადად რეკრეაციულ სივრცეებსა და პირად მოწყობილობებში მუსიკის არაუსაფრთხო მოსმენის პრაქტიკის გამო.

ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ [მუსიკალურ ფლეერებსა და სმარტფონებში] ყურსასმენებით არაუსაფრთხოდ და ხანგრძლივად მოსმენილი ხმა სმენის შეუქცევადად დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა მაღალი ხმის მავნე ეფექტი, როგორც წესი, მყისიერად არ ვლინდება.

„ადრეულ პერიოდში ვერ ამჩნევს პრობლემას პაციენტი, გადის რამდენიმე  წელი და შემდგომ იჩენს თავს შესაბამისი სიმპტომები“ – ამბობს ექიმი.

ოტორინოლარინგოლოგ ზებურ ალიშანიძის განმარტებით, მთავარი ნიშნები დაზიანებული სმენა, ყურებში ხმაური და სმენის დაქვეითებაა – „იქამდე  შესაძლოა იყოს  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა და იშვიათ შემთხვევაში – ყურის ტკივილიც“.

ექიმი ამბობს, რომ ხმამაღალი ბგერები სმენის დაქვეითებას იწვევს სმენის რეცეპტორების, ნერვული უჯრედების „მოკვლის“ გზით.

„ყური სამ ნაწილად იყოფა – გარეთა ყური, შუა და შიგნითა ყური. გარეთა და შუა ყურს შიგნითა ყურამდე ბგერის გამტარის მოვალეობა აკისრია. შიგნითა ყური ბგერებს ელექტროიმპულსებად გარდაქმნის, რის შემდეგაც ბგერებს აღიქვამს ტვინი. მაღალი ხმის შედეგად, შიგნითა ყურში ხდება ამ სმენის რეცეპტორების, იგივე ნერვული უჯრედების დაზიანება” – განმარტავს ზებურ ალიშანიძე.

ჯანმოს ანგარიშში განმარტებულია, რომ ხმამაღალი ბგერების ზემოქმედება, თუნდაც მოკლე დროით, იწვევს ყურის სენსორული უჯრედების დაღლას. ამის შედეგი ხდება სმენის დროებითი დაქვეითება ან ტინიტუსი – ყურებში ხმაური.

მაგალითად, ხმამაღალი კონცერტიდან თუ კლუბიდან, სადაც მუსიკა ძალიან ხმამაღლა ისმის, ადამიანი შეიძლება გამოვიდეს „ჩახშული“ სმენით ან ტინიტუსით. მაგრამ სმენა უმჯობესდება სენსორული უჯრედების აღდგენასთან ერთად.

„როდესაც ექსპოზიცია განსაკუთრებით ხმამაღალი, რეგულარული ან ხანგრძლივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს სენსორული უჯრედების და სხვა სტრუქტურების მუდმივი დაზიანება, რაც გამოიწვევს სმენის შეუქცევად დაკარგვას“ – წერს ჯანმო.

რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ექიმი ამბობს, რომ ბავშვებისთვის საერთოდ არ არის რეკომენდებული ყურსასმენების გამოყენება.

ბგერა დეციბელებით იზომება. ჯანმოს რეკომენდაციით, მოზრდილი ადამიანებისთვის ნორმალურია ხმის სიმაღლე – 80 დეციბელი, ბავშვებისთვის – 75 დეციბელი. დასაშვები ექსპოზიციის დონე არის კვირაში ორმოცი საათი, უსაფრთხო მოსმენის დასაშვები დრო მცირდება ხმის დონის მატებასთან ერთად.

ჯანმოს რეკომენდაციით, ყურსასმენი უნდა იყოს ყურზე კარგად მორგებული.

ზებურ ალიშანიძე ამბობს, რომ სჯობს  უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ ყურსასმენებს, რომლებიც მექანიკურად, ადგილობრივად არ აღიზიანებს ყურს, „ყურსასმენები კი, რომლებიც პირველ რიგში უხეშია, მორგების დროს მტკივნეულია, არ არის რეკომენდებული”.

ყურსასმენებთან დაკავშირებით ჯანმო რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • დააყენეთ თქვენი მოწყობილობის ხმის დონე არაუმეტეს 60%-ზე
  • გამოიყენეთ კარგად მორგებული და ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები
  • აირჩიეთ მოწყობილობები ჩაშენებული უსაფრთხო მოსმენის ფუნქციებით

დაქვეითებული სმენა, უმეტეს შემთხვევაში, აღდგენას არ ექვემდებარება.

„მკურნალობის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის სმენა, რაც არის, რათა მეტად აღარ დაქვეითდეს სმენა,“ – ამბობს ზებურ ალიშანიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: