მთავარი,სიახლეები

დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ

25.05.2016 • 1346
დეპუტატები აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიშს ისმენენ

აჭარის ბიუჯეტის 2016 წლის პირველი კვარტალის ანგარიშს უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში ისმენენ. ანგარიშს დეპუტატებს რამაზ ბოლქვაძე აბარებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კვორუმის არარსებობის გამო, დღემდე ვერ მოახერხა აჭარის ბიუჯეტის გასული წლის ანგარიშის ჩაბარება. 

„ყველა პარამეტრი კარგი გვაქვს“ – მოკლედ გვიპასუხა რამაზ ბოლქვაძემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგვპირდა. ბიუჯეტის შესრულებაზე შენიშვნები არ აქვს თავად საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს – „კომისიებში უკვე განიხილეს ბიუჯეტის შესრულება და წარმოდგენილია შენიშვნები. ვნახოთ, როგორ მოხდება მათი გათვალისწინება,“ – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროსთან კითხვები აქვს ეკა თარგამაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „მაგალითად, მაინტერესებს, რის გამო ვერ ხორციელდება ეფექტურად მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. ეს პროგრამა ფაქტობრივად იპოთეკარებისთვის გაკეთდა. ჩვენ თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი ამ პროგრამის მიმართ. მგონი, ამჯერად თავადაც აღიარებენ, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა. წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, ეს პროგრამა მხოლოდ 2 პროცენტით არის შესრულებული“.

ეკა თარგამაძეს რამაზ ბოლქვაძისგან ასევე აინტერესებს, რის გამო გაჭიანურდა ეკომიგრანტების პროგრამის ამოქმედება, რისთვისაც ბიუჯეტში 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული: „ჯანდაცვის კომისიის ამ შენიშვნას ეკონომიკის სამინისტრომ უკვე უპასუხა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი ბაზა მზადდება, თუ როგორ შეირჩეს ეკომიგრანტები“.

აჭარის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია ცნობად მიიღებს. უცნობია, როდის მოახერხებს უმაღლესი საბჭო გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშის ჩაბარებას. „ბიურომ უნდა გადაწყვიტოს და ჯერ არ გადაწყვეტილა,“ – გვიპასუხა ანზორ თხილაიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: