მთავარი,სიახლეები

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის – რას აპირებს უნივერსიტეტი

13.01.2023 • 2349
ბსუ-ს სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურს ვერ იხდის – რას აპირებს უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი გამოცდები დაეწყოთ. ბსუ-ში სულ 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს და მათგან, როგორც ბსუ-ში გვეუბნებიან, 450 სტუდენტი მიმდინარე დასკვნით გამოცდებზე გასვლას, სწავლის საფასურის გადაუხდელობის მიზეზით ვერ ახერხებს.

საგამოცდო აუდიტორიებში გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებლები ხმამაღლა აცხადებენ, რომ სტუდენტების ნამუშევრები გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეფასდება.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებს სემესტრის დასკვნით გამოცდაზე გასვლა, ანუ გამოცდის გადაბარება თვის ბოლოდან შეუძლიათ, თუ გადაიხდიან სწავლის საფასურს. რა ელით სტუდენტებს, რომლებიც სწავლის საფასურს ვერც თვის ბოლომდე იხდიან? – ბსუ-ს პრესსამსახური ამბობს, რომ „აღნიშნულზე უნივერსიტეტი თვის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას [სტუდენტის] დავალიანების მოცემულობიდან გამომდინარე და სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“.

ბსუ-ში სწავლის საფასური დავალიანების მქონე 450 სტუდენტიდან 88-ს კორონავირუსის პერიოდის, ანუ ონლაინსწავლების დროინდელი დავალიანებაც აქვთ გადასახდელი. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ სტუდენტებთან ბსუ-მ ინდივიდუალური შეთანხმება გააფორმა – დაგროვილი სწავლის საფასური ეტაპობრივად, 2022 წლის 30 აგვისტომდე უნდა გადაეხადათ.

სტუდენტებმა მაშინ გადახდა ვერ შეძლეს, თუმცა უნივერსიტეტს სტატუსი მათთვის არ შეუჩერებია და ახალი შეთანხმების მიხედვით, სწავლის საფასურის თარიღი 2023 წლის 30 იანვრამდე გადაწიეს.

ანრი ქამადაძე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. ის მიმდინარე დასკვნით გამოცდებს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აბარებს. „ბათუმელებმა“ ანრის ჰკითხა, თუ მიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გადახდის თარიღის გადაწევის თხოვნით, რატომ ვერ იხდის სწავლის საფასურს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას და ა.შ.

ამ ეტაპზე ანრის დავალიანება 1125 ლარია. გვიყვება, რომ სწავლის საფასური აქამდე რამდენჯერმე სახელმწიფომ დაუფინანსა, როგორც სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რამდენჯერმე კი – თავად გადაიხადა.

„2020 წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, კოვიდი იყო. პირველი კურსის პირველი სემესტრის სწავლის საფასური სრულიად დამიფინანსა სახელმწიფომ. მეორე სემესტრი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჭირდა, მაინც გადავიხადე. მეორე კურსზე მქონდა სწავლის საფასურის დავალიანების პრობლემა, რაც ასევე სოციალურად დაუცველი სტუდენტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, მეორე სემესტრის თანხა კი ისევ მე გადავიხადე. ახლა კიდევ შევეჯახე მსგავს პრობლემას“, – ამბობს ანრი.

ანრის, როგორც სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ახლა სწავლის საფასური იმიტომ არ უფინანსდება, რომ მისი ნიშნების საშუალო მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, რასაც ამ პროგრამით სარგებლობა ითვალისწინებს და პროგრამაში მონაწილეობის მიღებაც დააგვიანა. ანრის თქმით, გასულ წლებთან შედარებით დაბალი ქულები იმიტომ აქვს, რომ მეცადინეობისთვის დრო არ რჩება.

ანრი ამ ეტაპზე ერთ = ერთ სასტუმროში მუშაობს. მისი ხელფასი 900 ლარია, თუმცა ხელფასიდან სწავლის საფასური მაინც ვერ დაზოგა, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„სამსახურის გამო ყოველთვის ვერ დავდივარ უნივერსიტეტში. ცოტა რთული, 8 საათიანი გრაფიკი მაქვს. ძირითადად დილის საათებში ვმუშაობ. დილის 6 საათიდან 2 საათამდე, ან 8-დან 4 საათამდე. კვირაში 2 დღე მაქვს დასვენება და ვცდილობ [დასვენების დღეები] მაშინ ავიღო, როცა უნივერსიტეტში უნდა ვიყო. კვირაში 4 დღეს ვსწავლობ ბსუ-ში, აქედან გამომდინარე 2 დღეს დავდივარ, 2 დღის გაცდენა მიწევს, რადგან სამსახურს ვერაფრით გავაცდენ.

ქირით არ ვცხოვრობ, მაგრამ ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით ვარ. დიდია ყოველდღიური გზის ხარჯი და პლუს, ოჯახური პრობლემები… მეტწილად მე ვარ ოჯახში შემომტანი. ჩემი მშობლები პენსიონერები არიან, ვერ მუშაობენ. დედაჩემს ეპილეფსია აქვს, მამა პირველი ჯგუფის ინვალიდია…“ – გვიყვება ანრი.

ანრი ფიქრობდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო მხოლოდ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე შეეზღუდებოდა წვდომა და არა დასკვნით გამოცდებზე გასვლა.

„როცა აუდიტორიაში შევედი და ვიწყებდი გამოცდის წერას, იქ თქვეს, რომ არ გასწორდება სტუდენტების ნაშრომი, ვისაც 400 ლარზე მეტი აქვს დავალიანება. დაწერთ რექტორის სახელზე განცხადება და თვის ბოლომდე თუ გადაიხდით დავალიანებას, მოგეცემათ გამოცდაზე გასვლის საშუალება გადაბარების კვირაშიო. პირველ სემესტრის საფასური სულ 1125 ლარია და ფინალურ გამოცდამდე თანხის 70 % მაინც უნდა გქონდეს გადახდილი.

აუდიტორიიდან გამოვედი. დამსწრე დამედევნა და თუ შემდეგ გამოცდამდე ახერხებ დავალიანების გადახდას, შეგიძლია ახლაც დაწერო ეს გამოცდაო. 2 დღეში მქონდა შემდეგი გამოცდა. ვერაფრით მოვახერხებდი დავალიანების გადახდას. ვარჩიე განცხადება დამეწერა რექტორის სახელზე. ველოდები ბატონი მერაბ ხალვაშისგან პასუხს. იმედია, მომეცემა შანსი, რომ თვის ბოლოს დავწერო ფინალური გამოცდები“, – ამბობს ანრი.

ანრი ამბობს, რომ ფაკულტეტის დეკანატში ვერ უპასუხეს კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი სწავლის საფასურის გადავადება.

„ახლა, როგორც კი ხელფასი დამიჯდება ანგარიშზე, ვაპირებ დავალიანების გადახდას. ჩემი ოჯახისთვის ჩემი სწავლა პირველ ადგილზე“, – ამბობს ანრი.

იცის, რომ მას და მის ოჯახს გაუჭირდება, მაგრამ სემესტრის დასასრულებლად გადაწყვეტილი აქვს ფინალურ გამოცდებზე გასვლა. ანრი სტუდენტის სტატუსის შეჩერებას არ ფიქრობს. უნდა შემდეგ სემესტრებში მოახერხოს მობილიზება და სწავლის საფასურის პრობლემად აღარ შეიქმნას.

____

მთავარ ფოტოზე: ანრი ქამადაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: