ავტორი: ნინი თურაძე
მას შემდეგ 11 წელი გავიდა. ჰო – 11. მაშინ ექვსი წლის ვიყავი, ორ თვეში კი ჩვიდმეტის ვხდები.
მამაჩემისგან არაფერი ისმოდა ახალი. ომი იყოო. ბევრი აღარ დაბრუნებულა უკან, არც მამა. ვისზე რა ლეგენდა დადიოდა, ვისზე – რა.
სოფელში ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდებოდა ცხოვრება. მე, დედას და ბებოს არაფერი გვებადა მამაჩემისგან დანატოვარი მიწისა და პატარა ფიცრულის გარდა.
მახსოვს, შუა ღამით ტუალეტი რომ მომინდებოდა ხოლმე, წამოვხტებოდი და ძილ-ბურანში გახვეული მივდიოდი გარეთ. ჯერ დედას ოთახთან უნდა ჩამევლო, შემდეგ ბებოს და მოვხვდებოდი კიდეც დანიშნულების ადგილზე.
ერთ ღამეს, დედის საძინებელთან ჩავლისას, უჩვეულო ხმები მომესმა. კართან შევიყუჟე და ჭუჭრუტანაში შევიჭყიტე. რატომღაც ვერ გავბედე შესვლა, ალბათ შემეშინდა ან ვინერვიულე. დედა იყო, შფოთავდა რაღაცაზე: ხან ლოგინზე ჩამოჯდებოდა, ხან ნერვიულად გაივლ-გამოივლიდა, ქვითინებდა. ჩემდა უნებურად სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, რამე ხომ არ სტკივა, შევალ ვნახავ-მეთქი. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე არ იყო.
საბოლოოდ, ის-ის იყო კარი უნდა შემეღო, რომ ბებო გამოჩნდა – აქ მოდიო. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცას გადავურჩი, დაუფიქრებლად გავიქეცი და მივეხუტე ბებოს. აღვუწერე – ეს ვნახე-მეთქი. ბებომ დამამშვიდა, ალბათ ცუდი სიზმარი ნახა და მაგიტომო.
მივხვდი, რაღაც დამიმალა.
მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე ქალაქში გადავდიოდით. აქ აღარ დაგვედგომებოა. მიწაც გავყიდეთ.
ნელ-ნელა ბარგის ჩალაგება დავიწყეთ. მეც ჩემი ორი წყვილი ტანსაცმელი დავკეცე, რამდენიმე სათამაშო ძველ, გახუნებულ ჩანთაში ჩავტენე და ჩემი ნივთებით დედას ვეახელი. მკითხა, მიხაროდა თუ არა ქალაქში წასვლა. არ ვიცი-მეთქი ვუთხარი. იქ ბევრ ბავშვს გაიცნობო, ასე მითხრა.
ქალაქში, უსახური, პატარა ბინა ვიყიდეთ. ძალიან პატარა. დედამ მალევე მკერავად დაიწყო მუშაობა, ბებო ჩემთან იყო მუდამ. ასე გაგვქონდა თავი.
ამასობაში, ჩემი სკოლაში შესვლის დროც დადგა.
პირველ დღეს გაგვაფრთხილეს აუცილებელი ნივთები გვეყიდა. დღის ბოლოს დედამ გამომიყვანა სკოლიდან, მერე ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა. გზაში გამომკითხა სკოლის ამბები – როგორ მოგეწონაო. ძალიან მომეწონა-მეთქი.
ბევრი ამბავი მოვუყევი, ყველაფერი, რაც შემეძლო. ბოლოს ვუთხარი მასწავლებელმა რვეულების, კალმების და ასეთი რაღაცების ყიდვა დაგვავალა-მეთქი. მხიარულად მომიგო, აბა რას ვიზამთო. წამო, გავიაროთ, ახლა გიყიდიო. სიცილ-კისკისით შევედით საკანცელარიო მაღაზიაში და ავიღეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა.
ქალბატონო, მობრძანდით სალაროსთან – 33.35.
მხოლოდ ის მახსოვს, რაც გამყიდველმა გვითხრა. მერე დედამ და გამყიდველმა რაღაცაზე ისაუბრეს. საბოლოოდ, რამდენიმე კალმის, ფლომასტერის, რვეულის, ფანქრის და ამგვარი რამერუმეების მაგივრად, 2 კალამი, რვეული და ერთიც საშლელი ვიყიდეთ. დედას ხასიათი გაუფუჭდა.
მომერიდა, მაგრამ გზად დედას მაინც ვთხოვე, ჩურჩხელა ვიყიდოთ-მეთქი. დღეს ვერაო, მითხრა და სახლში მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია. მახსოვს, რომ სახეზე წამოწითლდა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. ისღა ჩამჩურჩულა, წესიერად იარე, არ წაიქცეო.
რამდენიმე თვეში დედამ პატარა, წითელი ჩემოდანი და წითელი კაბა იყიდა. მას შემდეგ, ყველა მოგონებაში დედა წითელი კაბითა და წითელი ჩემოდნით ხელში ცოცხლდება. იმ დღეებში დედა და ბებო გამუდმებით რაღაცას ჩურჩულებდნენ. არავინ არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი.
ერთ დღესაც დედამ ხელი დაავლო წითელ ჩემოდანს, ჩაიცვა წითელი კაბა და გაიხურა ჩვენი პატარა ბინის პატარა კარი. ზამთრის მიწურული იყო. წასვლამდე გვერდით დამისვა და მითხრა – არ ინერვიულო, თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ, უკან დავბრუნდებიო.
მას შემდეგ ბევრჯერ მოვასწარი თვალის დახამხამება, მაგრამ დედას ჩვენი ბინის პატარა კარი აღარ შემოუღია.
წამოვიზარდე და უკვე კარგად ვიცოდი, რომ დედა სხვა ქვეყანაში, მომვლელად მუშაობდა.
ხშირად ველაპარაკებოდი დედას. ბევრ საჩუქარს მიგზავნიდა – ტანსაცმელს, ძალიან ბევრ რვეულსა თუ კალამს, ფულსაც მიგზავნიდა. არც ერთი თვე არ ჩაუგდია ისე, რვეული რომ არ გამოეგზავნა. ძალიან ლამაზი რვეულები იყო, საუცხოო, უცნაური. მენანებოდა შიგ წერა და ვაგროვებდი. აი, ახლაც მიწყვია მაგიდის კუთხეში, ასე 125-მდე იქნება ან 225-მდე.
ყოველ დარეკვაზე მეუბნებოდა, რომ, აი, სულ ცოტა დარჩა, მალე წამოვალ აუცილებლადო. დანაზოგი მაქვსო, მოვდივარო. ხშირად იმეორებდე. ამასობაში, ერთ წელს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე და მეათეს მეთერთმეტე. ერთ დღესაც ვუთხარი, ვერასდროს ჩამოხვალ-მეთქი. შეიძლება მაშინ სიმართლე ვუთხარი. ჩემი დაბადების დღე იყო. წესით უნდა ჩამოსულიყო, ასე დამპირდა.
მისი წასვლიდან მეშვიდე წელს, მე ჩავაკითხე. უცნაურად გამოიყურებოდა. ისე არა, როგორც ვიდეოში. ისე არა, როგორც მახსოვდა. უფრო ჩამომხმარიყო, სახე ჩავარდნოდა, თვალები ჩაშავებოდა, ნაოჭები გასჩენოდა. თითქოს შვიდ წელში თხუთმეტი წელი მოემატა. თითქოს დაბერდა. ზუსტად ერთი კვირით დავრჩი. უკან ისევ იმ წითელი კაბით გამომაცილა.
დედის გახსენებისას რამდენიმე კადრი წარმომიდგება ხოლმე:
ღამის სიბნელეში, თავის ოთახში მოსიარულე, ანერვიულებული და მშფოთვარე დედა.
ახალნაყიდი რვეულით ხელში მოსიარულე დედა.
წითელი ჩემოდნით ხელში, ლამაზ წითელ კაბაში გამოპრანჭული დედა.
ამავე ჩემოდნით ხელში უმისამართოდ მიმავალი ახალგაზრდა დედა.
ჩამომხმარი, გაძვალტყავებული, უდროოდ დაბერებული, არაქათგამოცლილი, წითლებში გამოწყობილი დედა.
თითქოს მე და დედა ხიდის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. ვერც მე გადავკვეთე ხიდი ბოლომდე და ვერც მან.
***
აქეთ რთულია, შეუგუებელი.
26 წლის ვიყავი ჩემი გოგონა რომ დავტოვე. ახლა 37-ის ვხვდები. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი აქ გავლიე. ჩემი შვილი უჩემოდ გაიზარდა. ცხოვრების დევნაში ბევრი რამ დავკარგე და გამომრჩა.
ვუყურებ ხოლმე შორიდან ჩემს გოგონას, ჩემს ანგელოზს. ყოველ დარეკვაზე, ყოველი საუბრისას თითქოს იცვლება. თმა ჩამოეზარდა, ყურები გაიხვრიტა, სხვანაირად იცვამს, სულ სხვანაირია. მაგის იმედით ვაგრძელებ ასე ფესვებამოგლეჯილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ცხოვრებას. დედამთილი მამშვიდებს ხოლმე, ძალიან კარგი დადგებაო, აი ნახავო. ასე მეუბნება. კარგი ქალია.
წამოსვლიდან, დიდი ხნის შემდეგ, პირველად რომ ვნახე, ვიგრძენი, როგორ გამიუცხოვდა. მივხვდი აქაურობა არ მოეწონა. ბილეთიც მალე მაყიდვინა და უყოყმანოდ დაუბრუნდა თავის ბუდეს. მინდოდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. ის დრო, რომელსაც ვერ დავიბრუნებ და რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა ორივეს.
წასვლამდე მითხრა ჩემოდნები გავცვალოთო – შენსას წავიღებ და ჩემსას დაგიტოვებო. ვიცოდი, რომ ძალიან უნდოდა, მაგრამ არა-მეთქი, ვუთხარი. აბა, ასეთ ძველ ჩემოდანს როგორ გავატანდი. მეტი, არც არაფერი უთხოვია ისე დაბრუნდა უკან. ის დაბრუნდა, მე და წითელი ჩემოდანი კი ისევ ერთად დავრჩით.
ნეტა გამეტანებინა.
***
საღამოობით, ძილის წინ, როცა ნოსტალგია მომაწვება, დავფიქრდები ხოლმე ჩემს ცხოვრებაზე. იმ 11 წელზე, რომელიც აქ გავატარე. ვფიქრობ, აქამდე როგორ მოვედი-მეთქი. გამუდმებით ვეძებ პასუხებს. იქნებ რამის შეცვლა შემეძლო.
მახსოვს, როგორ დამაქორწინეს, როგორ გამიჩნდა შვილი, როგორ წამოვედი აქ. ბუნდოვნად მახსოვს, ისე, ვითომც ეს სხვისი მოგონებები იყოს.
20 წლისა გარიგებით დავქორწინდი, როგორც სოფლებში იციან ხოლმე. დიდად არ მინდოდა, მაგრამ არც შევწინააღმდეგებივარ ჩემს ხვედრს. ცოლისა და დედის მოვალეობაც ისე შევასრულე და შევითავსე, როგორც შემეძლო. არ მყოლია ცუდი ქმარი. კარგი კაცი იყო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდა და დაუზოგავად მუშაობდა ოჯახი რომ ერჩინა. მისი წასვლის შემდეგ, პატარა ბავშვი და მოხუცი ქალი დამრჩა მოსავლელი.
რა უნდა მექნა? ხომ უნდა გვეჭამა? ხომ უნდა გვეარსება? მას შემდეგ მარტომ მოვიკიდე ეს გაცვეთილი და მტკივნეული ცხოვრება ზურგზე. ნელ-ნელა, დროის გასვლასთან ერთად, ვგრძნობ, როგორ მძიმდება და მამტვრევს ძვლებში.
ახლაც ვნანობ, რომ ჩემი ქმრის დატოვებული ბოლო ნაგლეჯი ქონება გავყიდე და გავანიავე…
არავინ მოგვეხმარა.
არ მინდოდა წამოსვლა.
ის დღე მახსოვს, ჩემი გოგო პირველად რომ მივიყვანე სკოლაში. არ მინდოდა რამე დაჰკლებოდა. არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, სხვა ნივთები. ახლაც მწარედ მახსოვს ის დღეს, ჩურჩხელა რომ ვერ ვუყიდე. ფული არ მქონდა. მაშინ ვიფიქრე ასე ვეღარ გავაგრძელებ, დღეს თუ ჩურჩხელა ვერ ვუყიდე, ხვალ უნივერსიტეტშიც ვერ გავუშვებ-მეთქი.
წამოსვლა ჩემი შვილის, მისი უკეთესი, ჩემგან განსხვავებული მომავლისთვის გადავწყვიტე.
ბავშვი მოხუც დედამთილს დავუტოვე, ავიღე წითელი ჩემოდანი და წამოვედი. ეს პერიოდი სულ იმას ვუმეორებდი თავს, რომ 2-3 წელიწადში უკან გავბრუნდებოდი. მოვკიდებდი ჩემ შვილს ხელს, კარგ ბინაში გადავიდოდით, კარგად ისწავლიდა, ზრუნვას არ მოვაკლებდი. ყველაფერ იმას ავისრულებდით, რაც არასდროს გვქონია.
უკან დაბრუნება მწყუროდა. დღეში 13-14 საათიც მიმუშავია, საკმარისი ფული რომ მომეგროვებინა. ვზოგავდი – ვცდილობდი არც საჭმელში დამეხარჯა და არც ტანსაცმელში. აქ ისე კარგად ცხოვრობენ, მინდა ჩვენც ასე ვიცხოვროთ.
სათანადო განათლება არასდროს მიმიღია, ამის გამო ცხოვრებაში ბევრჯერ მომატყუეს: მამუშავეს და ხელფასი არ მომცეს. შუა ღამით გარეთაც გამოვუგდივარ პატრონს. ბევრი შეურაცხყოფა ამიტანია უსიტყვოდ.
***
ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ წამოსვლიდან 8 წლის თავზე ოჯახს ახალი ბინა ვუყიდე. ახლა იქ ცხოვრობენ. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბინის ყიდვის შემდეგ უკან დავბრუნდებოდი. ვერ შევძელი: ჩემი გოგო უკვე გაიზარდა. მალე თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაიწყებს – სტუდენტობის პერიოდი დაუდგება. ამიტომაც დავრჩი.
მგონია, რომ უკან დაბრუნება არც მიწერია.
არ მინდა ჩემსავით იცხოვროს. მინდა ისწავლოს და კარგი სამუშაო იპოვოს. არ იყოს ჩემსავით დაჩაგრული.
ახლა ესღა დამრჩა იმედად.
___
შენიშვნა: ნინი თურაძის „ჩემი ცხოვრების 11 წელი“ არის ბათუმის ამერიკული კუთხის ესსეების კონკურსის გამარჯვებული. კონკურსის თემა – „ადამიანის უფლებები.“ ნინი თურაძე არის ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე.