მთავარი,სიახლეები

ქობულეთში 5 მილიონად 25 ჰექტარი იყიდა კაცმა, რომელსაც აქამდე ბიზნესი არ ჰქონია

13.01.2023 • 34207
ქობულეთში 5 მილიონად 25 ჰექტარი იყიდა კაცმა, რომელსაც აქამდე ბიზნესი არ ჰქონია

„მეხმარებიან“, – გვითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ქობულეთში 25 ჰექტარი მიწა 5 მილიონ 250 000 ლარად იყიდა და 150 მილიონის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. შპს „სმარტ სითი ქობულეთის“ დამფუძნებელს ამ დრომდე ბიზნესი არ ჰქონია და, შესაბამისად, არც სერიოზული შემოსავალი. მან კომპანია ქობულეთში კაიკაციშვილის ქუჩაზე, უკვე შეძენილ ნაკვეთზე დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად დააფუძნა.

მაინც ვინ „ეხმარება“ აჭარის მთავრობის ახალბედა ინვესტორს? – ნიკა ევგენიძემ გვითხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს: „მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებო“.

აუქციონის პირობების მიხედვით, პროექტი „Smart City Kobuleti“ მრავალფუნქციური ობიექტების, სასტუმროების, საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.

რენდერი -კონცეფციის მონახაზიდან

რაც შეეხება ღირებულებას, აუქციონის პირობა საპრივატიზებო საფასურის ორ ეტაპად გადახდას ითვალისწინებს, ღირებულების 25 პროცენტი შემსყიდველს 2022 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, დარჩენილი ნაწილი კი 2024 წლის ივნისამდე უნდა დაფაროს.

აუქციონის პირობებიდან ირკვევა, რომ, საერთო ჯამში, ეს პროექტი არამხოლოდ მთავრობის მიერ გაყიდულ ნაკვეთზე აქვს წარმოდგენილი, არამედ სამინისტრო ქონების შემსყიდველისგან მიწის ნაკვეთის გაგრძელებაზე, ჯამში 100 ჰექტრის განვითარების კონცეფციის წარდგენას ითხოვს. გარკვეულ მონაკვეთზე კი შემსყიდველს განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] მომზადებაც მოუწევს.

შპს „სმარტ სითი ქობულეთი“ ნიკა ევგენიძემ 2020 წლის 8 ივნისს დააფუძნა და კომპანიის ხელმძღვანელადაც თავად ფიქსირდება.  2020 წლის 20 ივნისს კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ იგივე დასახელების „Smart City Kobuleti“-ს პროექტის შესაძლო განხორციელების შესახებ საქართველოს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს მისწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა – დაგეგმილი პროექტისთვის გათვალისწინებული ადგილი სახელმწიფო მნიშვნელობის გზას ესაზღვრება.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ მინისტრს აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი თუ „პროექტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ქობულეთის შემოსავლელის საავტომობილო გზის ღერძიდან 100 მეტრის ფარგლებს მიღმა განხორციელდებოდა.“ ამავე წერილში მოკლედ არის აღწერილი, თუ რა ტიპის, რა გაბარიტებისა და ფუნქციის მქონე შენობების მშენებლობას მოიაზრებდა აქ პროექტი.

მინისტრმა მოსაზრებები სხვა უწყებებისგანაც მიიღო, რის შემდეგაც ნაკვეთი აუქციონზე პირველად 2022 წლის თებერვალში გაიტანეს. ამ დროს კონცეფციის მონახაზი შპს „სმარტ სიტი ქობულეთს“ უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა და არც კომპანიის მფლობელი უარყოფდა, რომ ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დაწყებული იყო, მაშინ ვერ შეთანხმდნენ. აუქციონი ჩაიშალა.

სამინიტრომ ნაკვეთი გასაყიდად განმეორებით 2022 წლის ივნისში გაიტანა. კომპანიამ ის ერთი ბიჯით, უკონკურენტო გარემოში შეისყიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: