„ამით არ ავშენდებით, მაგრამ კიდევ 2 მილიონ ადამიანს ექნება საშუალება, ის სერვისები, რომლებიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში ან ნაწილობრივ იფარება, დაფაროს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სადაზღვევო კომპანიიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა მოქალაქეებისათვის და მთელი ჯანდაცვის სისტემისთვის,“ – ასე ხსნის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მნიშვნელობას.
სადაზღვევო სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთი წელია სთხოვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მონაწილეებისთვის შემავსებელი, ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტები დააბრუნოს.
ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ დუმს. სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები კი აქცენტს იმ სარგებელზე აკეთებენ, რასაც სახელმწიფო, მოქალაქე და კერძო სექტორი მიიღებენ, თუკი შემავსებელი სისტემა აღდგება.
- რა არის დაშენებული სადაზღვევო პაკეტი
დაშენებული სადაზღვევო პაკეტი მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ხოლო ის დაავადებები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შეივსოს.
დაშენებული სადაზღვევო სისტემა ხელისუფლებამ 2017 წლის მაისიდან გააუქმა, მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.
2021 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი ცვლილებების რეკომენდაციით მიმართა. ამ რეკომენდაციებში ცალკე პუნქტად იყო გამოყოფილი „საყოველთაო და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა“.
„მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა – სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში,“- ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.
„არასოდეს არ მომისმენია არგუმენტი, ეს რატომ გაკეთდა. არც პრეცედენტია მსოფლიოში, რომ ასეთი რამ ხდებოდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, დღეისათვის დაშენებული პაკეტით სარგებლობის უფლება აქვთ უმწეოებს, პენსიონერებს, ბავშვებს და 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს.
„იმ ჯგუფს, ვისაც საყოველთაო დაზღვევაზე დაშენების უფლება აქვს, ყველაზე მეტად უჭირს ამის გაკეთება. უმწეოებს იმიტომ, რომ ფული არ აქვთ. ძირითადად გვხვდება ბავშვებში, ნაკლებად – პენსიონერებში, რომლებიც სარგებლობენ ორივე პროგრამით, როგორც საყოველთაო, ისე – დაშენებით.
მოსახლეობის ნახევრისთვის, რომელიც ძირითადად შრომობს, შემომტანია, ეს თემა არის დახურული. იმიტომ, რომ თუ იყიდიან დაზღვევას, დაკარგავენ საყოველთაოს. ჩვენ ვამბობთ, რომ მოხსნან ეს შეზღუდვა.
მოვუწოდებთ [მთავრობას] დავსხდეთ, გავიაროთ რისკები. ამ ცვლილებას ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ ერთი ჩანაწერი პროგრამაში,“- ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს ვკითხეთ, რა სარგებელი ექნება დაშენების სისტემის აღდგენით მოქალაქეს, სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიას.
„მაგალითად, ავიღოთ მოქალაქე, რომელსაც აქვს 1500 ლარი ხელფასი და სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით. გეგმიური ამბულატორია ძალიან სუსტია, ძალიან ცოტა რამე ფინანსდება. წამალი მცირედით ფინანსდება, ახლა უკვე უწევს თანაგადახდები ჰოსპიტალში. ეს ხარჯები შეეძლება დაიფაროს სადაზღვევოდან, თუკი იყიდის ამ, ე.წ. დაშენებულ პაკეტს. ეს არის ის უპირატესობა, რაც აქვს ამ პაკეტს, მოქალაქე აღარ შიშობს – ვაიმე, ახლა 500 ლარი სად ვიშოვო.
სახელმწიფოსთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა ადამიანებზე, მათთვის ჯანდაცვის იმ ნაწილების დაფინანსება, რასაც სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.
ორივესთვის არის ეს მომგებიანი, როგორც მთავრობისთვის, ისე – მოქალაქეებისთვის. ნამდვილად დაეზოგება მთავრობას ბიუჯეტური სახსრები.“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
- რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან
„ახლა კიდევ პატარა წერილს ვამზადებთ მინისტრის სახელზე, სადაც ვთხოვთ დაშენებულ სადაზღვევო პაკეტებთან და DRG სისტემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი კითხვის პასუხად, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან.
საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ცვლილებები შესაძლებელი იქნება.
„მიმაჩნია, მთავრობამ სტიმულირება უნდა გაუკეთოს იმას, რომ ადამიანებმა იყიდონ დაშენებული პაკეტები და არ ის, რომ აკრძალოს. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესია ამაში, მნიშვნელოვანია თვითონ მოქალაქეთა ინტერესიც. ამ სისტემით ადამიანი არის დაცული.
ახლა ვფიქრობ, რომ ეს საქმე გამოვა. რეალურად რომ დაფიქრდე, აწონ-დაწონო, მთავრობის და მოქალაქის ინტერესი უფრო დიდია აქ, ვიდრე სადაზღვევო ინდუსტრიის. სადაზღვევო ინდუსტრიას აინტერესებს მეტი ახალი კონტრაქტი, ახალი გამოწვევა. თორემ ძირითადი ბენეფიციარი არის ადამიანი და მთავრობა,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.
„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობენ.