განათლება,მთავარი,სიახლეები

„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ – კონკურსი, რომელშიც ციხისძირელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

19.12.2022 • 1498
„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ – კონკურსი, რომელშიც ციხისძირელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

„მედიის განვითარების ფონდის“ კონკურსის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა 2022“ გამარჯვებული აჭარიდან სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდი „ოპიზა“ გახდა.

„ოპიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა ამ კონკურსში. 

მოსწავლეთა გუნდის მიზანია ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას და მათი პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა ყალბი და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა შეძლონ.

გუნდი ხუთი წევრისგან შედგება. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

„ოპიზას“ ერთ-ერთი წევრია მეათეკლასელი ნინა ბერიძე. მისი აზრით, დღეს მწვავე პრობლემა ყალბი და რეალური ინფორმაციის ამოცნობაა, რომელიც ბევრ ადამიანს უჭირს.

„აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, რომ მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დალი მასწავლებელთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი და ჩამოვწერეთ აქტივობები, რომლებიც არ იყო დამღლელი ბავშვებისთვის და უფრო მოსახერხებელიც იყო“, – გვიყვება ნინა.

მისი თქმით, როცა რაიმე ინფორმაციის გადამოწმება სურს, ცდილობს ინფორმაცია იმ წყაროებთან გადაამოწმოს, რომლებსაც ენდობა საზოგადოება.

„თუ ეს ინფორმაცია ემთხვევა იმ ინფორმაციას, რაც ჩემთვის სანდო წყაროს მიერაა გავრცელებული, მაშინ ვრწმუნდები, რომ ინფორმაცია ყალბი არ არის.

თუ სამეცნიერო ინფორმაციის გადამოწმება მსურს, უფრო მეტად ვენდობი ინგლისურენოვან ვიკიპედიას, თუ ჯანდაცვის საკითხია, ოფიციალურ ვებგვერდებზე ვამოწმებ ხოლმე“, – გვითხრა ნინამ და პანდემიის წლები გაიხსენა, როცა ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ინფორმაცია ირეოდა სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ უცნობ ვირუსთან დაკავშირებით.

„იგივე ვაქცინებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ვაქცინა ადამიანებს კი არ იცავდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და ბევრს სჯეროდა ამის.

BBC-ზე ვკითხულობდი ხოლმე ვაქცინებზე ინფორმაციას და ეს იყო პირადად ჩემთვის სანდო ინფორმაცია.“

მისი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ცნობილი პირების ფოტოები გაყალბებული წარწერებით.

„ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების ფოტო გავრცელდა, უფრო სწორად, კადრი იყო ამოჭრილი სატელევიზიო გადაცემიდან და გამოტანილი იყო რაღაც ფრაზა, რის გამოც ამ ადამიანს ლანძღავდნენ ფეისბუქში.

ჩვენ მოვძებნეთ ეს გადაცემა და როცა გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ფოტოზე მიწერილი ფრაზა გაყალბებული იყო. ამ მეთოდით ვცდილობთ ხოლმე ვიდეოების გადამოწმებას“, – გვეუბნება ნინა.

მისი თქმით, გუნდის წევრები ასევე აქტიურად ცდილობენ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობას.

„ახალგაზრდებიც ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას იჯერებენ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვასწავლოთ ბავშვებს ყალბი ამბების ამოცნობა და ამაში ძალიან გვეხმარება არაფორმალური განათლება.“

დავით რომანაძეც „ოპიზას“ წევრია და ისიც მეათეკლასელია.

ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაზე საუბრისას, ნინის მსგავსად, ისიც პანდემიის პერიოდს იხსენებს, როცა ადამიანებს ყალბი ინფორმაციის ნაკადში უწევდათ სიმართლის გარკვევა.

„ამ დროს ყველაზე მეტად ჯანმოს ვენდობოდით და  შემდეგ NCDC-ის გვერდზე ვამოწმებდით ინფორმაციას.

ასევე, ანტივაქსერების რიცხვი იყო ძალიან მაღალი ქვეყანაში, რადგან ადამიანები ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი იყვნენ. ამაზეც გვქონდა დებატები სკოლაში, რომელ წყაროებს უნდა დავყრდნობოდით სინამდვილის გასაგებად და იყო თუ არა ნამდვილად სახიფათო ვაქცინა“, – გვეუბნება დავითი.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, დავითი ამბობს, რომ  Youtube – ზე ხშირად უყურებს რუსულენოვან არხებს, სადაც კარგად ჩანს რუსული პროპაგანდის მასშტაბი.

„უკრაინის ომმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რამდენად ძლიერად მუშაობს რუსული პროპაგანდა და ყალბი ამბები.

„რაშა თუდეიზე“ ვრცელდებოდა, მაგალითად, ინფორმაცია, რომ „სპუტნიკი“ იყო კარგი ვაქცინა და აიცერითო, ხოლო თავის უცხოენოვან არხზე კი ამბობდნენ, რომ ვაქცინა ცუდია და სხვადასხვა დაავადებას იწვევსო. ორი განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ერთმა და იმავე მედიამ ორ სხვადასხვა ენაზე.

ასე, რომ ვცდილობთ ვისწავლოთ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა და ჩვენს თანატოლებსაც დავეხმაროთ  პროპაგანდის და ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში“, – გვეუბნება დავითი.

„ოპიზას“ ხელმძღვანელი დაწყებითი განათლების მენტორი მასწავლებელი დალი თურმანიძეა. მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ყალბი და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა შეეძლოთ.

„შარშან ამ დროს, დეკემბერში, ათი რეგიონი იყო დასახელებული მედიაწიგნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და იმ ათ რეგიონს შორის აჭარიდან დასახელდა ჩვენი სკოლა.

საჭიროება არსებობს, რადგან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში, მიდის დისკუსიები, დებატები და შემდეგ ვიგებთ, რომ ამბავი არარეალურია.

სკოლაშიც იყო შემთხვევა, როცა დებატკლუბში თამაშის დროს არასწორი ინფორმაცია მოიტანეს ბავშვებმა და შემდეგ ამაზეც გაიმართა ცალკე დებატები, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ ტყუილი და რეალური ფაქტები.

ამიტომ მოსწავლეებმა ინფორმაციის მოძიების პროცესში უნდა იცოდნენ, რომელი წყარო გამოიყენონ და რომელი – არა. ყალბის და რეალურის ამოცნობა რომ იცოდნენ ბავშვებმა, ამიტომ არის მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია საჭირო,“ – ამბობს მასწავლებელი.

პედაგოგის თქმით, მედიაწიგნიერების შესახებ პროექტები შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, მიიღონ სანდო წყაროების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმების დროს, ეს წყაროები გამოიყენონ მოსწავლეებმაც.

პროექტს „ყველაზე წიგნიერი სკოლა“ ახორციელებს „მედიის განვითარების ფონდი“  (MDF) The Critical Mass LLC-თან (TCM) თანამშრომლობითა და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის (NATO in Georgia) თანადაფინანსებით.

________________

მთავარი ფოტო: გუნდი „ოპიზა“: დავით რომანაძე, ნინა ბერიძე, ანანი ხინკილაძე, ლანა დიასამიძე და ნიკა შავაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: