მთავარი,სიახლეები

რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

24.11.2022 • 7938
რატომ აღარ ჰყავთ ხულოს სოფლებში ბევრი ძროხა – „პირუტყვის გამრავლებამ აზრი დაკარგა“

45 წლის რუსლან კოჩალიძე ხულოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელში, რიყეთში ცხოვრობს. მის ოჯახს ყოველთვის ჰყავდა მსხვილფეხა პირუტყვი. წინა წლებში უფრო მეტს, წელს კი 10 სულ საქონელს უვლის. რუსლანი ფიქრობს, რომ მომავალ წლებში პირუტყვის რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს. იგი იმ სირთულეებზე გვიყვება, რაც მას და ხულოს სხვა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს – პირუტყვის შენახვასა და გამოზამთრებაზე, მიზეზებზე, რის გამოც იკლო მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ მუნიციპალიტეტში.

აჭარაში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის კლებას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარის რეგიონში 2011 წელს 87 700 მსხვილფეხა პირუტყვი იყო, 2021 წელს კი, ეს მაჩვენებელი 53 900-მდე შემცირდა. შესაბამისად, აჭარაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 1/3-ით შემცირდა.

რუსლანის თქმით, ბოლო წლებში რიყეთი ბევრმა ოჯახმა დატოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. „ყველა აქედან ქალაქში წასვლას ცდილობს,“ – ამბობს ის და დასძენს, რომ  რიყეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 30-40 პროცენტია დარჩენილი.

„ადრე ძირითადი საქმე აქ მესაქონლეობა იყო. მსხვილფეხა პირუტყვი ყველა ოჯახს ჰყავდა. ოჯახებს, რომლებმაც სოფელი დატოვეს, პირუტყვი თავისთავად აღარ ჰყავთ და ვინც სოფელში დარჩა, ყველა დასაქმებას ცდილობს, რადგან ძროხის შენახვა ხარჯიანია.

თივა [სოფელში] არ მოდის იმდენი, რომ საქონლის გამოზამთრებას ეყოს. ყიდვა ძვირი გვიჯდება. ახალქალაქიდან მოგვაქვს. ახალქალაქი აქედან 170 კილომეტრითაა დაშორებული. ჯამში 300-350 კილომეტრი უნდა გაიარო, ნამჯა და თივა რომ ჩამოიტანო.

რუსლან კოჩალიძე

გასულ წელს თივის ფასი 30 ლარამდე ავიდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე – შეშინდა ხალხი, ზამთარი გაგრძელდა და ძალიან ბევრმა პირუტყვი შეამცირა. რაც თივა მოთიბა და რამდენიც პირუტყვისთვის გამოსაზამთრებლად იქნება საკმარისი, იმდენი დაიტოვა ყველამ. ძალიან გაძვირდა ქატო და ამანაც გამოიწვია პირუტყვის შემცირება.

კიდევ, გზა [ხულო-ბათუმი] ძალიან ცუდია. ძალიან ძვირი გვიჯდება, აქედან რომ ბათუმში რძის პროდუქტი ჩაიტანო რეალიზებისთვის.

ერთი ადამიანის მგზავრობა, ერთი გზა, „მარშუტკით“ 15 ლარი ღირს. ჩავიდეს-ამოვიდეს 30 ლარი მხოლოდ მგზავრობაში უნდა გადაიხადოს ადამიანმა. ამას პროდუქტის ჩატანის ხარჯი ემატება, სხვა რაღაცებიც და გადასახადი იმდენი ხდება, რომ მოსახლეობას აღარ უღირს მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა.

ჩვენი სოფლიდან არ დადის ყოველდღე „მარშუტკა“, საქონელი ცოტა რომ გვყავს. რძის ნაწარმის რეალიზება მათთვისაა მარტივი, ვინც ქალაქთან შედარებით ახლოს ცხოვრობს“, – გვიყვება რუსლანი.

სოფელ რიყეთთანაა ახლოს კურორტი გოდერძი. რუსლანის თქმით, ყველა, ვინც სოფელში დარჩა, შემოსავლის სხვა წყაროს გაჩენას ცდილობს, რადგან მესაქონლეობა მის მიერ დასახელებული მიზეზების გამო აღარ ტოვებს შემოსავალს.

ადგილობრივები ცდილობენ, დასაქმდნენ კურორტზე, გზაზე და თუნდაც სხვადასხვა მშენებლობაზე, რამაც კიდევ უფრო შეამცირა პირუტყვის რაოდენობა იქ მცხოვრებ ოჯახებში.

„არც ერთი მოსახლე არ ფიქრობს აქ პირუტყვის გამრავლებაზე. ამას მშენებლობაზე, კურორტზე, გზაზე მუშაობა ურჩევნიათ. იმაზე მეტს მაინც გააკეთებენ [რასაც რძის ნაწარმისგან აიღებენ], ძროხებს რომ არ შეჰყურებდნენ“.

ისინი, ვისაც მსხვილფეხა პირუტყვი ჯერ კიდევ ჰყავს, ძირითადად მხოლოდ მეწველ ძროხებს ინახავენ და ძროხების მოგებულ ხბოებსაც პირველი შესაძლებლობისთანავე ყიდიანო – გვეუბნება რუსლანი. ასე ხდება მისი მეურნეობის მაგალითზეც.

სოფელი რიყეთი

„პირუტყვის გამრავლებაზე ფიქრს აზრიც კი არ აქვს.

ხბოები 300-400 ლარი ღირს მაქსიმუმ. უფრო მაღალ ფასში ვერ გაყიდი. ხბოებს ვყიდით და მხოლოდ ძროხებს ვიტოვებთ. ზარალია, მთელი ზამთარი უარე, რამდენი თანხის საჭმელსაც შეაჭმევ გამოსაზამთრებლად, შემდეგ ჯამში ის თანხა დაგრჩება, რა ფასადაც ჯერ კიდევ ხბოს გაყიდვა შეგეძლო.

აქ ძალიან დიდი ზამთარია, 6 თვე გრძელდება. ნოემბრიდან ბაგაზე კვება სჭირდება პირუტყვს და მაისის ბოლომდე უნდა აჭამო. ერთ სულ პირუტყვს გამოსაზამთრად დაახლოებით 80-90 შეკვრა თივა სჭირდება. სადაც რთული ზამთარი არ იცის, იქ გაამრავლებ მსხვილფეხა პირუტყვს, მაგრამ აქ აღარ ღირს.

სოფელში მსხალია, ვაშლია… ტყუილად ხომ არ გადაყრი? სოფელში რომ ცხოვრობ, აუცილებლად უნდა გყავდეს საქონელი, მაგრამ ცოტა. მეც მაქსიმუმ 5-6 სულს თუ შევინახავ სამომავლოდ“, – გვეუბნება რუსლანი.

მისი თქმით, ნამჯისა და ბალახის ფასი ყოველ წელიწადს განსხვავებულია და მის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გასულ წელს არსად იყო ბალახი, არც ახალქალაქში და არც ჩვენთან, სოფლებშიო. ახალქალაქში ერთი შეკვრა ნამჯა – 10, თივა კი 15 ლარი ღირებულა და ფასი ზამთარში კიდევ უფრო გაიზარდაო.

„წელს ახალქალაქში ნამჯა ბლომად იყო. ერთი შეკვრა ადგილზე ჩამოტანილი 7 ლარი ღირდა, თივა კი – 10-20 ლარი.

მე ძირითადად ბალახს ვცელავ. ბევრი რომ გაიბარგა სოფლიდან, მათ მინდვრებზეც ვცელავ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. წავედი ახალქალაქში და იქიდან ჩამოვიტანე. 10-11 სული პირუტყვის შენახვისთვის 700-800 შეკვრა თივა და ნამჯა უნდა ივარაუდო, ანუ დაახლოებით 3 000 ლარის. მაგდენს აქ, სოფელში, ვერაფრით მოცელავ. მეორე მხრივ, აქ 1.50 ლარი ერთი ტუკის დაპრესვა ჯდება.

სათიბებიდან თივა [სახლში] რომ მოიტანო, ბენზინი გჭირდება. ბენზინი გაძვირდა. ეს ყველაფერი ხარჯია, რომელსაც ზარალთან მივყავართ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფრო ამცირებს მოსახლეობა პირუტყვს“, – ამბობს რუსლანი.

თივის ზვინი. სოფელ რიყეთში თივის მოგროვების პროცესი უკვე დაასრულეს

მისი თქმით, ამ მხრივ რიყეთის მეზობელ სოფლებშიც იგივე მდგომარეობაა.

საუბრის ბოლოს რუსლანი ისევ უბრუნდება სოფლის დაცარიელების საკითხს: ახალგაზრდობა სოფლებიდან ძირითადად წავიდა, სოფლებში მოხუცები დარჩნენ, მათ კი ფიზიკურად არ შეუძლიათ ბევრი პირუტყვის მოვლა, რაც მსხვილფეხა პირუტყვის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ:

„მეცხოველეობის დარგის განვითარების ტენდენციის შეფასებამ გვიჩვენა, რომ აჭარის რეგიონში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, მათ შორის, ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობა, 2013 წლის შემდეგ კლებით ხასიათდება. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, რეგიონში 11%-ით ნაკლები პირუტყვია.

თვისებრივი კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტენდენცია გამოწვეულია პირუტყვის მოვლასა და შენახვაზე გაწეული დანახარჯების ზრდით. ასევე, ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ბაზარი გაჯერებულია რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტებით, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს რძისა და რძის პროდუქტების დაბალ სარეალიზაციო ფასებს. რესპონდენტების გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ ხარისხიანი ნედლი რძის წარმოების შემთხვევაში ფერმერისთვის ნატურალური პროდუქტების წარმოება არამომგებიანია.

უდავოა, რომ აჭარაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში (განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლებში), შინამეურნეობების უმეტესობა დამოკიდებულია მესაქონლეობიდან მიღებულ შემოსავალზე.

აჭარის რეგიონში ყველაზე მაღალი სულადობის მაჩვენებლით გამოირჩევა ხულოს მუნიციპალიტეტი, სადაც სულ რეგიონში ძროხების 37%-ია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 21%-ია, შუახევის მუნიციპალიტეტში – 20%. ყველაზე ნაკლები სულადობა დაფიქსირდა ქედაში, ხელვაჩაურსა და ბათუმში, რაც ლოგიკურიცაა და ძირითადად გამოწვეულია საძოვრებისა და დარგის განვითარებისთვის საჭირო შესაბამისი პირობების ნაკლებობით“.

____________________________

ამავე თემაზე:

აჭარაში პირუტყვის რაოდენობა 1/3-ით შემცირდა, მიზეზი – თურქეთში მუშაობა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: