მთავარი,სიახლეები

„ირანი ტერორიზმის სპონსორია“ – უკრაინელების აქცია ბათუმში ირანის საკონსულოსთან

21.10.2022 •
„ირანი ტერორიზმის სპონსორია“ – უკრაინელების აქცია ბათუმში ირანის საკონსულოსთან

„ირანი ტერორიზმის სპონსორია! ირანი ტერორიზმის სპონსორია!“ – ისმოდა შეძახილები დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში, ირანის საკონსულოს წინ, სადაც ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს რუსეთისთვის დრონების მიყიდვის წინააღმდეგ.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

„ვაპროტესტებთ იმას, რომ ირანის ხელისუფლება ყიდის რუსეთზე კამიკაძე-დრონებს, „შაჰიდებს“, ეს დრონები კი ანადგურებენ ჩვენს ქალაქებს, კლავენ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს თანამემამულეებს. გვინდა, რომ ირანი არ იყოს ტერორიზმის სპონსორი,“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ოლგა პალეტიჩმა ხერსონიდან.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

„რუსები ამ დრონების საშუალებით ჩვენს ქალაქებს ანადგურებენ, ჩვენს მოსახლეობას კლავენ. ეს დრონები ძირითადად მიმართულია არა სამხედრო ობიექტებზე, არამედ სამოქალაქო ობიექტებზე, მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. იღუპებიან ადამიანები. ბოლო დღეებში რუსებმა გააძლიერეს დარტყმა ენერგოობიექტებზე, ქალაქებს უწყვეტენ ელექტროენერგიას და წყალმომარაგებას,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ლილიან ციბანოვმა დონბასიდან, რომელიც უკვე 4 თვეა ბათუმში ცხოვრობს.

უკრაინელების აქცია ირანის საკონსულოსთან. ფოტო: „ბათუმელები“

აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოსთან უკრაინის ჰიმნი შეასრულეს და საკონსულოს შენობას ქაღალდის თვითმფრინავები ესროლეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა 17 ოქტომბერს ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებით, ე.წ. „შაჰედებით“ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქზე.

ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ირანს რუსეთისთვის უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად უპილოტო საფრენი აპარატები არ მიუწოდებია.

რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის შესახებ ცნობილი პირველად აგვისტოში გახდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა თეირანს დამატებით კიდევ 2 ათასი დრონი შეუკვეთა.

ამავე თემაზე: 

ერთ თვეში უკრაინამ 200-ზე მეტი ირანული „შაჰედი“ ჩამოაგდო – საჰაერო ძალები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: