მთავარი,სიახლეები

თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე

19.10.2022 • 1334
თავდგირიძე სუს-ის დაწერილი ტექსტით ლაპარაკობდა – კირთაძე ყოფილ თანაპარტიელზე

ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ თავდგირიძემ თანამდებობა და პარტია დატოვა. მან ამის მიზეზად, პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი დაასახელა.

ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერი ბათუმში, გიორგი კირთაძე პარტიის შიგნით კრიზისს გამორიცხავს და ამბობს, რომ მალხაზ თავდგირიძის განცხადებები სუს-ის მიერაა დაწერილი.

„ეს ადამიანი განცხადებას რომ აკეთებდა, ყველა ხვდებოდა, რომ სუს-ის დაწერილი ტექსტით გველაპარაკებოდა.

ახსენებდა ბათუმის საკრებულოს წევრ ლაშა კილაბერიას, კეზერაშვილს, ან ლაშა რა შუაში იყო, ან კეზერაშვილი ან თბილისიდან დავალებას ვინ რაზე აძლევს, მართლა ვერაფერი ვერ გავიგე.

ჩვეულებრივად, სუს-ის დაწერილი მესიჯბოქსით გველაპარაკებოდა, რომლითაც ტიტე აროშიძე, ლადო მგალობლიშვილი და დავით ბაციკაძე გველაპარაკებიან ხოლმე.

არანაირი კრიზისი და არანაირი პრობლემა არ არის, ამ ერთ ადამიანთან დაკავშირებით იყო ბევრი კითხვის ნიშანი და ის, რაც ბოლოს გააკეთა, ყველამ კარგად ვნახეთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

პარტიიდან და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მალხაზ თავდგირიძემ მხოლოდ აჭარის ტელევიზიისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან გააკეთა. მან თქვა, რომ პარტიის ლიდერები მისი პირადი მიმოწერითა და საუბრებით აშანტაჟებდნენ და მანდატის დათმობას სთხოვდნენ.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს გიორგი კირთაძე.

„სრული უაზრობა და სისულელეა, ხომ მოითხოვა გამოძიება და ვნახოთ აბა, რას იტყვის გამოძიება. მე მსგავსი არაფერი გამიგია.

დღეს რა მოცემულობაშიც ვართ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველამ კარგად ვიცით, რა რეჟიმში გვებრძვის „ქართული ოცნება“ და ნაცვლად იმისა, რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო, „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყო თანამშრომლობა. თავდგირიძემ „ქართული ოცნების“ თამაში რომ ითამაშა, ეს გამოჩნდა მის განცხადებებში“, – ამბობს კირთაძე.

კითხვაზე, თუ როდიდან გაჩნდა კითხვის ნიშნები პარტიაში მალხაზ თავდგირიძესთან, კონკრეტულად რა საკითხებთან მიმართებაში, ასევე როგორ მოხვდა ის თვითმმართველობის საარჩევნო სიაში, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ არჩევნების დროს, მთლიანად თავის საარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული და ამ საკითხზე არ უფიქრია.

თუმცა საუბარში დასძენს, რომ თავდგირიძის განცხადებები არ უკავშირდება პარტიულ კრიზისს და მხოლოდ „ერთი ადამიანის ამბავია“.

„ამას გიდასტურებთ, რომ ერთი ადამიანის ამბავია და მეტი არაფერი. არანაირი დაძაბულობა არ არის პარტიაში და ის სისულელეები რაც ილაპარაკა, რეალობას არ შეესაბამება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის პატარა პოლიტიკური პარტია, ბევრი ადამიანია ამ პარტიაში და, შესაბამისად, ბევრი აზრი არსებობს, კამათიც ხშირად არის ხოლმე რაღაც თემებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – ამბობს კირთაძე.

ამ საკითხზე, დღეს, 19 ოქტომბერს მედიასთან კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და თქვა, რომ „ვნახოთ, კიდევ ვინ იქნებ შემდეგი“.

გიორგი კირთაძეს ვკითხეთ, მას თუ აქვს იმის მოლოდინი, რომ მალხაზ თავდგირიძის მსგავსად შესაძლოა სხვა რომელიმე წევრმაც დატოვოს პარტია და ამაზე ხომ არ მიანიშნებს რიჟვაძის კომენტარი.

„თუ ლაშას გულისხმობენ, ლაშა კილაბერია პარტიიდან არ წასულა, მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა ბათუმის საკრებულოში. ფრაქციის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა ნოდარ დუმბაძემ“, – ამბობს ის.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ლაშა კილაბერია ქვეყნის დატოვებას, კირთაძე ამბობს: „თუ ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლებიდან არ გავუშვებთ, ლაშას კი არა, მეც, თქვენც და სხვებსაც მოუწევთ ამ ქვეყნიდან წასვლა. რაღაცები ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ წარმატებულ ადამიანებს აღარ უწევდეთ წასვლა და ამ ქვეყანაში შეძლონ რეალიზება“.

„ბათუმელებმა“ სცადა მალხაზ თავდგირიძესთან დაკავშირება. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: