მთავარი,სიახლეები

დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინა ხერსონს მომავალ კვირებში გაათავისუფლებს – FT

14.10.2022
დასავლეთში ფიქრობენ, რომ უკრაინა ხერსონს მომავალ კვირებში გაათავისუფლებს – FT

დასავლეთის სამხედრო ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ უკრაინის არმიამ შესაძლოა ხერსონი უკვე ოქტომბრის მეორე ნახევარში გაათავისუფლოს – წერს „უკრაინსკა პრავდა“ Financial Times-ზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის ძალებმა ხერსონის ოლქში რუსეთის თავდაცვის ხაზი ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გაარღვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის უწყებამაც აღიარა. ეს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, სამხრეთში უკრაინის წინსვლის უდიდეს მაგალითად იქცა. მას შემდეგ კიევმა დნეპრის დასავლეთით მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა.

უკრაინის სარდლობა „სამხრეთმა“ გუშინ განაცხადა, რომ კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა ხერსონის ოლქში რუსეთის კონტროლისგან და რუსეთის სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი გაანადგურა.

დასავლეთის სამხედროების შეფასებით, უკრაინამ შესაძლოა ხერსონის ოლქი უკვე მომავალ კვირაშიც კი გაათავისუფლოს, თუმცა გამოცემა წყაროებს კონფიდენციალურად ტოვებს.

FT-ი აღნიშნავს, რომ ხერსონში სიტუაციის სირთულეს ადასტურებს კრემლის დანიშნული ადმინისტრაციის წევრების – ვლადიმირ სალდოსა და კირილ სტრემოუსოვის განცხადებებიც მათი ოჯახების ევაკუაციის შესახებ.

გამოცემა ასევე ახსენებს ახლა უკვე პუტინის კრიტიკოსისა და კრემლის ყოფილი ექსპერტის სტანისლავ ბელკოვსკის პოსტს ტელეგრამზე, რომელშიც ის წერს, რომ რუსეთი ხერსონში „გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება“.

„რუსეთი ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის ხერსონში და მანამდე გეგმავს ოლქის მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაციას. როგორც ჩანს, კრემლი და სამხედრო სარდლობა გადამეტებულად არ აფასებენ საკუთარ შანსებს, შეინარჩუნონ კონტროლი ამ ანექსირებულ რეგიონზე,“ – წერს ბელკოვსკი.

როგორც ორი დღის წინ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც წერდა, რუსები სავარაუდოდ, ელიან, რომ ბრძოლა უშუალოდ ქალაქ ხერსონში გადაინაცვლებს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში უკვე გათავისუფლებული იყო 2 400 კმ2-ზე მეტი ტერიტორია, დეოკუპირებული იყო 6 დასახლებული პუნქტი ხერსონის რაიონში და კიდევ 61 – ბერისლავსკის რაიონში.

უკრაინის წინააღმდეგობის ნაციონალური ცენტრის ცნობით, ამ დღეებში ეფეესბეს უფროს ოფიცრებს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთისკენ ევაკუაციის მარშრუტები გადასცეს. 13 ოქტომბერს კი კოლაბორაციონისტებმა ევაკუაციაში დახმარება კრემლს სთხოვეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: