მთავარი,სიახლეები

გამარჯვების გენერლები – უკრაინული მედია ყველაზე გავლენიან სამხედროებს ასახელებს

14.10.2022 • 2324
გამარჯვების გენერლები – უკრაინული მედია ყველაზე გავლენიან სამხედროებს ასახელებს

უკრაინის დამცველთა დღისთვის გამოცემა Новое Время-მ გამოჰკითხა სამხედრო საქმის 15 ექსპერტი, რომლებმაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელი სამხედრო მეთაურები დაასახელეს.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სამხედრო მოქმედებებთან და ავტორიტეტით სარგებლობენ, როგორც არმიაში, ისე საზოგადოებასა და ხელისუფლებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ომის პირობებში, სიის გავლენიანობის მიხედვით დალაგება უადგილოდ მიაჩნია, ამიტომ ჩამონათვალს მკითხველს ანბანური თანმიმდევრობით სთავაზობს. Новое Время აუდიტორიას  გავლენიან 25 სამხედროს აცნობს, თუმცა იქვე ასახელებს იმ 4 მეთაურს, რომლებმაც მათ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

ვალერი ზალუჟნი (14 ხმა ექსპერტებისგან)

თანამდებობა: უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
სამხედრო წოდება: გენერალი
ასაკი: 49 წლის

უკრაინის ნომერ პირველმა სამხედრომ დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტი და ოსტროჟსკის ეროვნული აკადემია.

ვიდრე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგებოდა სათავეში, ზალუჟნიმ სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი გაიარა: სხვადასხვა დროს იყო ოცეულის, ბატალიონისა და ბრიგადის მეთაური; 2014 წლიდან მონაწილეობდა დონბასში სამხედრო მოქმედებებში, იყო C სექტორის მეთაურის მოადგილე და ხელმძღვანელობდა ყველა იქ შექმნილ დანაყოფს; იყო დასავლეთის ოპერატიული სარდლობის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ოპერატიული შტაბისა და ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის მეთაური.

2021 წლის ივლისში ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.

„სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ზალუჟნი ეფექტიანად მართავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მან შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაცვა და კიევის, ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქებიდან ოკუპანტების განდევნა. დღეს, ზალუჟნის მეთაურობით, უკრაინის არმია მტერს ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევს,“ – წერს გამოცემა.

სამხედრო წარმატებებმა ზალუჟნი სამშობლოშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ უკრაინელად აქცია – ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

2022 წლის მარტში მთავარსარდალმა გენერლის წოდება მიიღო, ორ თვეში კი ის თანამედროვე უკრაინის ისტორიაში გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ჯვრის კავალერის წოდება მიენიჭა.

ოლექსანდრ სირსკი (7 ხმა ექსპერტებისგან)

თანამდებობა: უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური
სამხედრო წოდება: გენერალ-პოლკოვნიკი
ასაკი: 57 წლის

ოლექსანდრ სირსკი მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის, შეიარაღებული ძალების აკადემიისა და უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულია. მეთაურობდა მოტომსროლელ ოცეულს, შემდეგ – მოტომსროლელ ბატალიონს, იყო ამავე დივიზიის პოლკის მეთაური და 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური. 2013 წელს გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სამეთაურო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და პასუხისმგებელი იყო NATO-სთან თანამშრომლობაზე.

2014 წელს, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის მეთაური გახდა – დებალცევოსა და უგლეგორსკის ბრძოლებში უკრაინის ძალებს ხელმძღვანელობდა.

2015 წლიდან სირსკი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ოპერატიულ შტაბს და მეთაურობდა ანტიტერორისტულ ოპერაციას უკრაინის აღმოსავლეთში.

2019 წლის აგვისტოდან სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურია. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოცდილი გენერალი ხელმძღვანელობდა კიევის დაცვას და უკრაინის არმიის წარმატებულ კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში.

წელს სირსკიმ მიიღო ბოგდან ხმელნიცკის მეორე ხარისხის ორდენი, ჯვარი საბრძოლო დამსახურებისთვის და უკრაინის გმირის წოდება.

კირილო ბუდანოვი (7 ხმა ექსპერტებისგან)

თანამდებობა: თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი
სამხედრო წოდება: გენერალ-მაიორი
ასაკი: 36 წლის

ქვეყნის მთავარი მზვერავი კირილო ბუდანოვი ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტში სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმში მსახურობდა.

დონბასში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ბუდანოვი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და რამდენჯერმე დაიჭრა კიდეც.

2019 წელს ბუდანოვს რუსეთის სპეცსამსახურები წარუმატებლად დაესხნენ თავს.

2020 წელს ოფიცერი შიდა დაზვერვის სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა, ძალიან მალე კი სათავეში ჩაუდგა სამხედრო დაზვერვის სამსახურს, სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბს და პრეზიდენტთან არსებულ დაზვერვის კომიტეტს.

2022 წლის სექტემბერში ბუდანოვი მონაწილეობდა უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში, რომლის შედეგადაც უკრაინამ 215 ტყვე დაიბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის 100 მებრძოლი და პოლკის მეთაურები.

2022 წელს ბუდანოვმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. ის არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელიცაა.

დენის პროკოპენკო (4 ხმა ექსპერტებისგან)

თანამდებობა: სპეციალური დანიშნულების რაზმის – „აზოვის“ მეთაური
სამხედრო წოდება: პოდპოლკოვნიკი
ასაკი: 31 წლის

დენის პროკოპენკო რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის ეროვნულ სიმბოლოდ იქცა – ის „აზოვის“ მებრძოლებთან და სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად გმირულად იცავდა მარიუპოლს.

პროკოპენკომ დაამთავრა კიევის ლინგვისტიკის უნივერსიტეტი ინგლისური ენის პედაგოგის სპეციალობით. 2014 წლიდან მონაწილეობდა დონბასის ბრძოლებში.

2017 წელს 26 წლის დენის პროკოპენკო სათავეში ჩაუდგა „აზოვს“და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეთაური გახდა.

პროკოპენკო სხვა მებრძოლებთან ერთად 86 დღის განმავლობაში იცავდა ალყაშემორტყმულ „აზოვსტალს“. 16-17 მაისს მან „აზოვსტალის“ დამცველებთან ერთად ბრძოლა შეწყვიტა და ქარხნის ტერიტორია დატოვა. 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ „აზოვის“ მეთაური იმ სამხედროებს შორის იყო, რომლებიც უკრაინამ ყველაზე მასშტაბური გაცვლის ფარგლებში დაიბრუნა.

„აზოვსტალის“ ოთხ მეთაურთან ერთად, პროკოპენკო ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება.

დენის პროკოპენკოს უკრაინის გმირის წოდება აქვს და ოქროს ვარსკვლავის მფლობელია.

Новое Время-ს გავლენიანი სამხედროების სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, მისი მოადგილე ანა მალიარი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების მეთაური იგორ ტანციურა, გენშტაბის უფროსი სერგეი შაპტალა, სერჟანტი ვალერი მარკუსი და სხვები. გამოცემამ ჯამში 25 სამხედრო დაასახელა.

მთავარ ფოტოზე: Новое Время-ს ფოტოკოლაჟი

___

ამავე თემაზე: ვინ არის სერჟანტი ვალერი მარკუსი

როგორ იბრძვის უკრაინელი ბლოგერი და მწერალი ქვეყნის დასაცავად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: