მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

12.10.2022 • 2268
რა იწვევს ტიკებს და როგორია მკურნალობის მეთოდები – ექიმის რჩევები

ნერვული ტიკი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის კუნთების გარკვეული ნაწილი მოძრაობს განმეორებით, სწრაფად, მოულოდნელად და უკონტროლოდ.

ტიკები და ამ სპექტრის სხვა დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ნევროლოგი შორენა კუნჭულია განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ტიკები უვნებელია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარევის გარეშეც გაივლის, მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ დიფერენცირებას სხვა დაავადებებისგან.

  • ქალბატონო შორენა, რა სახის ტიკები არსებობს?

ტიკები, ე.წ. ნერვული ტიკი, არის კუნთების ცალკეული ჯგუფების სწრაფი, უნებლიე, განმეორებითი, არარიტმული მოძრაობები ან ბგერების წარმოთქმა. არსებობს მოტორული და ვოკალური, ანუ ხმოვანი ტიკები.

მოტორული ტიკები, თავის მხრივ, კლასიფიცირდება მარტივ და რთულ ტიკებად.

მარტივი მოტორული ტიკები მოიცავს ერთი ჯგუფის კუნთების მოძრაობებს. მარტივ მოტორულ ტიკებს მიეკუთვნება: თვალის ხამხამი, მხრების აჩეჩვა, თავის ტრიალი ან გაქნევა, ენის ტრიალი, მუცლის კუნთის დაჭიმვა, თითების მოხრა. ხოლო რთულ ტიკებში კუნთების ერთზე მეტი ჯგუფი მონაწილეობს, ამ დროს მოძრაობა უფრო ნელია, კოორდინირებული და მიზანდასახული.

რთული ტიკების მაგალითია: რაიმე ნივთის დაყნოსვა, ხტუნვა, ჩაკუზვა, სახის სხვადასხვა გრიმასა, კოცნა, ტაშის დაკვრა, ღერძის ირგვლივ შემოტრიალება. რთულ ტიკებს მიეკუთვნება აგრეთვე სხვისი მოძრაობის გამეორება, იგივე ექოპრაქსია და კოპროპრაქსია – ე.წ. უწმაწური ჟესტები.

ვოკალური ანუ ხმოვანი ტიკებიც შეიძლება იყოს მარტივი და რთული. მარტივი ვოკალური ტიკების მაგალითებია: ჩახველება, ცხვირის ქშუტუნი, წოვა, სულის შებერვა, ყნოსვა; რთული ვოკალური ტიკების მაგალითებია: ექოლალია – სხვისი ნათქვამი სიტყვებისა და ფრაზების გამეორება, ან საკუთარი სიტყვების გამეორება – პალილალია ან კოპროლალია – უწმაწური სიტყვების გამეორება.

mayoclinic: მოტორული ან ვოკალური ტიკების დაწყებამდე თქვენ სავარაუდოდ განიცდით ისეთ არასასიამოვნო სხეულებრივ შეგრძნებას, როგორიცაა: ქავილი, ჩხვლეტა ან დაძაბულობა. ტიკის გამოხატვას შვება მოაქვს.

  • რატომ ჩნდება ტიკები? 

წარმოშობის მიხედვით ტიკები იყოფა პირველად ანუ იდეოპათიურ ტიკებად და სიმპტომურ, ანუ ორგანული ხასიათის ტიკებად. პირველადი ტიკების წარმოშობის უშუალო მიზეზები არ არის ცნობილი, ის  ფსიქოგენური ხასიათისაა და უნდა აღვნიშნოთ, რომ ძირითადად ასეთ ტიკს სტრესული გარემოება ამწვავებს.

პირველად ტიკებს მიეკუთვნება: 1. ტრანზიტორული (გარდამავალი) მოტორული ან/და ვოკალური ტიკები; 2. ქრონიკული მოტორული ან ვოკალური ტიკები და 3. ტურეტის სინდრომი, რომლის დროსაც ადგილი აქვს გენერალიზებული მოტორული და ვოკალური ტიკების კომბინაციას.

გარდამავალი ტიკები გრძელდება დაახლოებით ერთ წლამდე და თავისით უკუგანვითარდება ერთი წლის ფარგლებში. ქრონიკული ტიკები, გახანგრძლივებული რემისიების გარეშე, ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება. 

სიმპტომური ანუ ორგანული ხასიათის ტიკები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად: ინსულტით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით, ქალა-ტვინის ტრავმით, დაუნის სინდრომით, ჰიპერგლიკემიით, თავის ტვინის სიმსივნით, სხვადასხვა ტიპის ინტოქსიკაციით, ენცეფალიტებით (თავის ტვინის ანთება), ობსესიურ-კომპულსიური სინდრომით (აკვიატებული აზრები, ფიქრები და ქმედებები) და ა.შ.

გარდა ამისა, ტიკები შეიძლება შეგვხვდეს ისეთი პრეპარატების გვერდითი მოვლენის სახით, როგორიცაა: ნეიროლეპტიკები, ფსიქოსტიმულატორები, ლევოდოპას (პარკინსონიზმის სამკურნალო მედიკამენტი) შემცველი პრეპარატები და ამიტომ ტიკების დიაგნოსტირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ყველა ეს ფაქტორი, ანუ დეტალურად უნდა განვიხილოთ ყველა ეს მიზეზი.

სკოლამდელი და განსაკუთრებით ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვებში ტიკები არაიშვიათად აღმოცენდება სტრესის ფონზე ან სპონტანურად. მდგომარეობას შეიძლება ახასიათებდეს პერიოდული გამწვავება და შემთხვევათა უმრავლესობა გაივლის თავისთავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

mayoclinic: ტიკები, როგორც წესი, ჩნდება 2-დან 15 წლამდე ასაკში, საშუალოდ 6 წლის ასაკში. მამაკაცებში ტურეტის სინდრომის განვითარების ალბათობა 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში.

  • როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ტიკების დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან ზუსტი ინფორმაციის მიტანა, პაციენტის ანამნეზის შეკრება და ნევროლოგიური სტატუსის შეფასება ანუ გასინჯვა. 

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ მოტორული ტიკი არის მარტივი ხასიათის, რომელიც დროში გარდამავალია და აქვს ხანმოკლე მიმდინარეობა, ეს ტიკი ძირითადად არ ასოცირდება სხვა დაავადებასთან, უწყინარია და რაიმე სერიოზულ კვლევას ამ დროს პაციენტს არ ვთავაზობთ.

თუ ვხედავთ, რომ ტიკები ვრცელდება, ძლიერდება, ქრონიკულ სახეს იღებს, ხელს უშლის პაციენტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს ორგანული ანუ სიმპტომური ხასიათის ტიკზე გვაფიქრებინებს და ამ დროს აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკვლევა (თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია), რათა დადგინდეს პირველადი მიზეზი და შეირჩეს მკურნალობის სწორი კურსი. 

ზოგჯერ მნიშვნელოვანია ტიკების დიფერენცირება ქორეისგან და მიოკლონიებისგან.

  • როგორია მკურნალობა და ქცევითი რეკომენდაციები ტიკების დროს?

ტიკების მკურნალობისას აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის, მაგალითად, გარდამავალ ტიკებს არ მკურნალობენ.

სხვა შემთხვევებში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ქცევითი თერაპია, მედიკამენტები ან ამ ორის კომბინაცია.

ქცევითი თერაპია ეხმარება ადამიანებს, ისწავლონ ტიკის სიმპტომების მართვა და ტიკების სიხშირის შემცირება. 

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკი, ამ დროს არ უნდა გავამახვილოთ ტიკებზე ყურადღება შენიშვნის მიცემით, პირიქით, მშობლების მხრიდან ყურადღების გამახვილებით და ბავშვზე ტიკების გამო შენიშვნის მიცემით შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს და ტიკი უფრო გახანგრძლივდეს. 

ამ დროს ბავშვს ყურადღება უნდა გადავატანინოთ სხვა აქტივობებზე, შევუქმნათ არასტრესული გარემო და მოვარიდოთ ყველა გამაღიზიანებელ ფაქტორს, რაც ახდენს მათზე უარყოფით გავლენას.

თუ არამედიკამენტური მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა, ტიკი გრძელდება ერთ წელზე მეტ ხანს და მისი თანმხლები ემოციური და ქცევითი დარღვევები ხელს უშლის პაციენტს საქმიანობასა და სხვებთან ურთიერთობაში, ან ტიკი ორგანული ხასიათისაა – მივმართავთ მედიკამენტურ თერაპიას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტიკი მედიკამენტით არ იკურნება, მედიკამენტები მხოლოდ აუმჯობესებენ მდგომარეობას [ამცირებენ ტიკების სიხშირეს] და ასევე, ბავშვობაში ჩატარებული მედიკამენტური თერაპია, ზრდასრულ ასაკში რეციდივს თავიდან არ აგვარიდებს.

მკურნალობის დაწყების დროს საჭიროა პრეპარატების ეფექტური მინიმალური დოზის შერჩევა და დინამიკაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დოზების კორექცია.

ტიკების შესამცირებლად ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა დოფამინური რეცეპტორების ბლოკატორები – ნეიროლეპტიკები, მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ეფექტური იყოს ბენზოდიაზეპინები და კალციუმის ანტაგონისტები. თანმხლები ობსესიურ-კომპულსიური სინდრომის კორექციისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტურია ანტიდეპრესანტები. 

ტიკების მკურნალობისთვის შეიძლება გამოიყენებოდეს ბოტულოტოქსინი, იგი მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს კუნთების მოდუნებას, რის შედეგადაც კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: