განათლება,მთავარი,სიახლეები

განახლდება თუ ვერა სასწავლო პროცესი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში – დირექტორის განმარტება

19.09.2022 • 1768
განახლდება თუ ვერა სასწავლო პროცესი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში – დირექტორის განმარტება

ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ჯერ არ განახლებულა. სკოლაში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სკოლის დირექტორმა მარიზა აბაშიძემ განაცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრისთვის განახლდებოდა, თუმცა მშობლები, რომლებიც „ბათუმელებს“ უკავშირდებიან, ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესი ვერც ამ პერიოდისთვის განახლდება და ეს მათ აწუხებთ.

სკოლის სააქტო დარბაზი 19 სექტემბრის მდგომარეობით.
ბათუმის მეორე საჯარო სკოლა

დღეს, 19 სექტემბერს, „ბათუმელები“ იმყოფებოდა სკოლაში, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სკოლის ძველ კორპუსში, დღესაც აქტიურად მუშაობენ. გარკვეულ კლასებში ამ დრომდე კედლებიც კი არ არის შებათქაშებული. დერეფნების ნაწილში გამოსაცვლელია იატაკი.

სკოლის დირექტორს ამჯერადაც ვკითხეთ, როგორ აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და ნამდვილად დასრულდება თუ არა რემონტი 11 დღეში.

მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ პროგნოზი რთულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სკოლის ერთ ნაწილს, დაპირებული დროისთვის ნამდვილად გახსნის.

„ვაპირებთ ოქტომბერში დაწყებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი“, – გვეუბნება ის.

ძველი კორპუსის დერეფანი 19 სექტემბრის მდგომარეობით.  

დირექტორი ამბობს, რომ მშობლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მიმართონ მას და პასუხსაც მიიღებენ. „დამშვიდდნენ, არაფერი საგანგაშო არ არის. უბრალოდ, დაველოდოთ რამდენიმე დღე, რომ თავი მოვუყაროთ ყველაფერს. ცხრილზე ვმუშაობთ, რაღაც დატვირთვებზე ვმუშაობთ, საკლასო ოთახებზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღე გვჭირდება“, – ამბობს მარიზა აბაშიძე.

თუმცა დასძენს, რომ ყველაფრის პროგნოზირება რთულია.

„არაფერს არ ვმალავთ, არც ჩვენ და არც სამინისტრო, ან როგორ დავმალავთ, ხომ მოვა ეს პირველი ან სამი ოქტომბერი? თუმცა, მე დღეს, 19 სექტემბერს, ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვით. კვირის ბოლოს დამიკავშირდით ისევ.

დღეს, ეს შემიძლია გითხრათ – მაქსიმალურად არის მობილიზებული ძალები, რომ რემონტი მივიდეს ფინალამდე.

თუ არ მოესწრო, ალტერნატივაზეც ვიფიქრებ, მთლიანად არ დამთავრდება ცხადია, მაგრამ რაც დამთავრდება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვარწმუნებს დირექტორი.

სკოლის შიდა ეზოში 19 სექტემბერს

დირექტორს ვკითხეთ, თუკი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დასრულდება პირველი ოქტომბრისთვის სამუშაოები, როგორ გააგრძელებენ ბავშვები სწავლას? მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ამ კითხვაზეც პასუხი კვირის ბოლოს ექნება. მას ვკითხეთ, რამდენად იქნება მოსწავლეების უსაფრთხოება დაცული შენობაში, სადაც სწავლის პარალელურად, შენობის მეორე ფლიგელში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება?

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოსწავლე საფრთხის შემცველ გარემოში შემოვიდეს. თუკი მისაღები დარჩება სხვა ტიპის გადაწყვეტილება, ამას უსათუოდ გაცნობებთ“, – გვეუბნება დირექტორი.

დირექტორი დარწმუნებულია, რომ პირველი ოქტომბრისთვის თუ მთლიანად არა, სკოლის ახალ კორპუსში სამუშაოები ნამდვილად დასრულდება.

მარიზა აბაშიძე სწავლის ონლაინ ფორმატში დაწყებას გამორიცხავს. „არ განიხილება“, – გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: