მთავარი,სიახლეები

სულიკო თებიძემ ტყის პირას 3703 კვ. მეტრი მიწა დაირეგისტრირა

17.09.2022
სულიკო თებიძემ ტყის პირას 3703 კვ. მეტრი მიწა დაირეგისტრირა

ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში, ტყის მასივთან 3 703 კვ.მეტრი მიწის ფართობი 2022 წლის აპრილში დაირეგისტრირა. რეგისტრაციის საფუძვლად კი ჩუქების ხელშეკრულება მიუთითა.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ნაკვეთი სულიკო თებიძის დას, ლეილა თებიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ მიწის მფლობელი 2021 წელს გახდა.

2021 წელს სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

მიწის ნაკვეთი, რომელიც სულიკო თებიძემ დაირეგისტრირა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლეილა თებიძემ რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად, 2016 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 2021 წლის 22 იანვრით დათარიღებული ქედის მუნიციპალიტეტის წერილი და 2008 წელს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა მიუთითა [2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ აჭარაში მოქალაქეებს მიწები საკუთრებაში დაურეგისტრირეს, არჩევნების შემდეგ კი მათგან უმეტესობას რეგისტრაცია გააუქმეს – ავტ.] ბევრი მათგანი სასამართლოში დღემდე დავობს, მაგრამ მიწას საკუთრებაში მაინც არ ურეგისტრირებს სახელმწიფო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, წარდგენილი ნახაზსა და ტყის მასივის კონტურთან ზედდება ფიქსირდებოდა, რის გამოც თავდაპირველად რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა. თუმცა შემდეგ მიიღო წერილი მუნიციპალიტეტისგან, რომ ნაკვეთი ნამდვილად სოფლის საზღვრებში შედის და პრობლემაც მოგვარდა.

სულიკო თებიძის ნაკვეთი მომაღლო ადგილზეა და აქედან მდინარე კალასკურისა და მთელი ხეობის ხედი იშლება. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ამ ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობით შპს „შალე რივიერაა“ დაინტერესებული.  სულიკო თებიძემ კომპანიას უკვე გაუფორმა 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულება.

სულიკო თებიძემ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ნაკვეთი მის ოჯახს ეკუთვნოდა: „ვამუშავებდით. იქ მეც ვმუშაობდი, ოჯახის საკუთრება იყო.“

მისივე ინფორმაციით, მოიჯარე კომპანია ნაკვეთზე კოტეჯების აშენებას გეგმავს.

სულიკო თებიძის ნაკვეთის გაგრძელებაზე კიდევ ერთი ნაკვეთის დარეგისტრირებას ალექსანდრე თებიძე ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტებით მან რეესტრს მიმართა. ამ ნაკვეთის რეგისტრაცია რეესტრს გარკვეული გარემოებების  დაზუსტების მიზნით აქვს შეჩერებული. ალექსანდრე თებიძის ნაკვეთში შენობაც ფიქსირდება. სულიკო თებიძემ გვითხრა, რომ ალექსანდრე თებიძე მისი ნათესავი არ არის.

სულიკო თებიძე ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში „ოცნების“ სიით მოხვდა, ის სიის პირველი ნომერი, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ ის განათლების ფონდის დირექტორად დანიშნეს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: