მთავარი,სიახლეები

როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი

17.09.2022 • 2517
როგორ მოატყუა ღარიბაშვილმა ფოთში მცხოვრები 100 ოჯახი

„100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა. სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას,“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დაპირება წინასაარჩევნოდ ფოთში მცხოვრებ დევნილებს მისცა.

დაპირების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც მთავრობა და არც პრემიერი მის შესრულებას არ აპირებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 2021 წლის 27 აგვისტოს ჩავიდა. ზუსტად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. პრემიერს ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებლები შეხვდნენ და დახმარება სთხოვეს. ღარიბაშვილმა მათ უთხრა, რომ „მათი გადაყვანა არ იქნებოდა პრობლემა“.

საქმე ის არის, რომ ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში, ორი ხუთსართულიანი კორპუსი დგას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 100 ოჯახი ცხოვრობს. ამ კორპუსების მოპირდაპირე მხარეს ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალი „ტრანსფორდია“. მოსახლეობა 3 წელია ამტკიცებს, რომ „ტრანსფორდი“ სახიფათო ტვირთების ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სამუშაოების ასრულებს და გარემოს აბინძურებს. დაბინძურებული გარემო კი, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

სწორედ ამიტომ თხოვეს ფოთელებმა დახმარება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილი კი მათ დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა.

რა მოხდა არჩევნების შემდეგ   

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. „ქართულმა ოცნების“ კანდიდატი გახდა ფოთის მერიც და „ქართული ოცნებაა“ ფოთის საკრებულოს უმრავლესობაშიც.

დაპირების გაცემიდან კი ზუსტად ერთი წელი და 20 დღე გავიდა.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, დანაპირების შესრულებას არ გეგმავს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავრობიდან წერილობით მივიღეთ.

„ბათუმელებმა“ 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„ბათუმელები“ ითხოვდა მთავრობას მოეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ფოთელებისთვის მიცემული დაპირების შესრულება, როგორ აპირებდა საქართველოს მთავრობა 100 ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებდა თითოეული ოჯახი და როდის.

საქართველოს მთავრობამ რედაქციის მიერ 15 აგვისტოს გაგზავნილი წერილი 24 აგვისტოს გადაუგზავნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს.

სააგენტომ კი 14 სექტემბერს „ბათუმელებს“ მოწერა:

„ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქ. N30-ში მდებარე შენობა წარმოადგენს დევნილთა კომპაქტური განსახლების, პრივატიზებულ ობიექტს, სადაც მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში აქვთ გადაცემული. ზემოხსენებული გარემოებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებზე, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გასცეს ფულადი კომპენსაცია“.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პასუხი

პასუხი, რომელიც სააგენტოდან მივიღეთ, ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ან შეგნებულად არ გვცემს პასუხს კითხვაზე და მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ფორმალური პასუხით ცდილობს თავის არიდებას, ან პასუხისმგებელი პირები ვერ ხვდებიან „ბათუმელების“ მიერ დასმული კითხვების შინაარს.

ჯავახიშვილის #30-ში მცხოვრებნი ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართობი, რომელიც წლების წინ ნამდვილად გადასცა სახელმწიფომ მათ საკუთრებაში, სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაშია. ისინი ითხოვენ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ითხოვენ ფულად კომპენსაციას.

„ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ისინი ამბობენ, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, თავად მოძებნიან ალტერნატიულ ბინებს და საცხოვრებლად უსაფრთხო ზონაში გადავლენ. ხოლო მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი მთავრობას შეუძლია გამოიყენოს. ადგილობრივების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საცხოვრებელი კორპუსი ეკონომიკურად აქტიურ ზონაში დგას, შენობის საბაზრო ღირებულება საკმაოდ მაღალი იქნება.

სწორედ ამ მოთხოვნის შესრულებას დაჰპირდა მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როცა თქვა, რომ „100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა“.

ამასთან, საქართველოს მთავრობის და დევნილთა სააგენტოს პასუხი წინააღმდეგობაში მოდის ფოთის მერიის მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კომენტართან, რომლის თანახმადაც „პრემიერი დაჰპირდა მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას“.

  • რას დაჰპირდა პრემიერი ჯავახიშვილის N30-ში მცხოვრებთ

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე დღემდეა განთავსებული 2021 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული ვიდეო, რომელშიც ღარიბაშვილის ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები ვეფხია გულედანი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ხვდება და დახმარებას სთხოვს. კადრებში მკაფიოდ ისმის ყველა დაპირება, რომელსაც პრემიერი მოსახლეობას აძლევს.

ვიდეო, რომელიც 2 წუთსა და 8 წამს გრძელდება, იწყება იმით, რომ მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აჩვენებენ თავიანთ საცხოვრებელ კორპუსს.

ღარიბაშვილი: რამდენი ხანია მანდ ცხოვრობთ?

მოქალაქე: აფხაზეთის მერე

ღარიბაშვილი: რა შეიძლება გაკეთდეს? ამიხსენით კარგად რა პრობლემაა?

მოქალაქე: ხალხი უნდა გადავასახლოთ. შესაბამისი მკურნალობა იქნება [საჭირო], კომპენსაცია იქნება, ბავშვები უნდა გადავარჩინოთ, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, მეტი არაფერი.

ღარიბაშვილი: ჰაერია ცუდი ხო?

მოქალაქე: ჰაერია ცუდი. კვლევები ჩატარებულია – ჰაერში ალუმინი, გოგირდი, მტვერი ნორმას აღემატება. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ რა…

ღარიბაშვილი: რამდენი ოჯახი ხართ?

მოქალაქე: 100 ოჯახი

ღარიბაშვილი: 100 ოჯახის გადაყვანა არ იქნება პრობლემა

პრემიერისა და მოქალაქეების დიალოგში ჩაერთო იქვე მყოფი მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნათია თურნავა: არ იქნება, არა. მიწას ჩვენ განვკარგავთ, ერთად უნდა შევარჩიოთ სად შენდება, რომ არც თქვენ შეგეშალოთ ხელი და არც პროექტებს შეეშალოს.

მოქალაქე: ქალბატონო ნათია, ჩვენ აქ ბავშვები გვყავს და ის ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვითხოვდით, რომ რაღაც თანხა მოეცათ და ჩვენ თვითონ ვნახავდით იმ სახლს. ბავშვებს ჩვენ თვითონ განვკურნავდით და დავანებებდით თავს ყველას. ანგელოზივით ბავშვები გვყავს და…

ღარიბაშვილი: გავიგე! სასწრაფოდ… გპირდებით, რომ გავაკეთებთ მაგას.

ნათია თურნავა: კი, პრემიერმა დავალება მოგვცა, სხვა გზა არ გვაქვს.

ღარიბაშვილი: 100 ოჯახი უნდა  გადავიყვანოთ!

„ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან ერთი თვე გავიდა და ყოველგვარი ვადა დაირღვა, ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი არ მოგვაწოდა.

ეკონომიკის სამინისტროს ვკითხეთ, რა ეტაპზე იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესრულება?

ასევე გვაინტერესებდა, როგორ აპირებს საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნული 100 ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებს თითოეული ოჯახი და როდის.

„ბათუმელები“ ისევ ელის ამ კითხვებზე პასუხს შესაბამისი უწყებებიდან.

ამავე თემაზე:

100 ოჯახის ბრძოლა ფოთში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: