მთავარი,სიახლეები

ქართველი გოგო უკრაინელ ბებიაზე: ლისიჩანსკში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით

29.08.2022 • 3791
ქართველი გოგო უკრაინელ ბებიაზე: ლისიჩანსკში გარდაიცვალა შიმშილით და უწყლობით

89 წლის უკრაინელი ელენა სვენციცკაია ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში მარტო, შიმშილითა და უწყლობით გარდაიცვალა.

მარტის მერე ლისიჩანსკს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია, ივნისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად უკრაინული შენაერთების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.

ლისიჩანსკი ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცა, რუსულმა არმიამ ქალაქი არტილერიით, ტანკებითა და თვითმფრინავებით დაბომბა.

89 წლის ქალი დაბომბვებს გადაურჩა, უწყლობას და შიმშილს კი ვეღარ გაუძლო.

„მარიუპოლის კადრები რომ ნახა დედაჩემმა, დაურეკა ბებია ელენას და სთხოვდა, ევედრებოდა, წაჰყოლოდა ევაკუირებულებს. ვთხოვდით, ახლობლებს ვურეკავდით და იყო ხალხი, ვინც მანქანით მიაკითხავდა, გამოიყვანდა, მაგრამ არ უნდოდა სახლის დატოვება. ამბობდა: მოხუცი ვარ, სახლიდან რომ წავიდე, სხვაგან მოვკვდები და ვეღარც მიპოვით. ჩემს სახლში თუ დავრჩები და აქ მომისწრებს სიკვდილი, გეცოდინებათ მაინც სად დამმარხესო“, – გვეუბნება ელენა სვენციცკაიას ქართველი შვილიშვილი, ქრისტინე კიკაბიძე.

ქრისტინე კიკაბიძის ნაამბობი

ელენა ბებო დედაჩემის დეიდა იყო. დედაჩემი უკრაინელია. მამაზე დაქორწინდა და საქართველოში გამოჰყვა საცხოვრელად. დედას უკრაინაში ჰყავდა მხოლოდ დედ-მამა და მარტოხელა დეიდა ელენა. ელენა ბებო ჩვენი უკანასკნელი უკრაინელი ნათესავი იყო.

მარტიდან გაითიშა ლისიჩანსკში ელექტროენერგია, ვეღარ ვუკავშირდებოდით ერთმანეთს. ძალიან აქტიური ბებო იყო: იცოდა სმარტფონის გამოყენება, კამერით ვსაუბრობდით, ესემესებსაც ხშირად მწერდა.

ელენა ბებოს ვყავდით მხოლოდ ჩვენ: მე, ჩემი ძმა და დედაჩემი.

მე უკრაინაში, დონეცკში ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დიდხანს იყო ჩემთან და მივლიდა, მიფრთხილდებოდა. მერე მე ჩავდიოდი ხოლმე მასთან, ლისიჩანსკში ყოველ მეორე შაბათ-კვირას სტუდენტობისას.

მწირი პენსიის მიუხედავად, ჩემთვის ყოველთვის ჰქონდა გადანახული გზის ფული. დონეცკის უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, საქართველოში წამოსვლამდე ჩავაკითხე, 300 დოლარი მაჩუქა, ძალიან დიდი ფული იყო მაშინ და მითხრა: შენებმა საქართველოდან უკრაინაში ჩამოსასვლელი ფული თუ ვერ მოგცეს, ეს შეინახე თვითმფრინავის ბილეთისთვის და იცოდე, სულ დაგელოდებიო.

ამის შემდეგ უკრაინაში დიდ ხანს აღარ ვყოფილვარ. ჩავაკითხე 2009 წელს, მერე კი – 2012 წელს.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, ლისიჩანსკი არ დაუბომბავთ, ამ ომს ბებია გადაურჩა. წელს კი, 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა ბებიაჩემის სიცოცხლე წაიღო.

ომი რომ დაიწყო, ერთ კვირაში დავურეკე. მანამდე ვერ ვბედავდი მისი ნომრის აკრეფას. არ ვიცოდი რა მეთქვა, რით მენუგეშებინა. მის ქალაქს ბომბავდნენ და მე ვიყავი შორს, საფრანგეთში, სადაც საბუთებს ველოდებოდი და ქვეყანას ვერ ვტოვებდი. უძლური ვიყავი, ვერაფრით ვეხმარებოდი. ვერც უკრაინიდან გამომყავდა. ვერც დედაჩემი ჩადიოდა ომის ცხელ წერტილში.

მარტიდან შუქი და წყალი აღარ ჰქონდა ლისიჩანსკს. მაისში ერთი კვირით ჩაურთეს შუქი ქალაქს, ტელეფონი დამუხტა და დედას ელაპარაკა, ცოტა მშვიდად იყო, ეგონა, შუქს აღარ გათიშავდნენ, მაგრამ 17 მაისიდან ისევ ჩაბნელდა ქალაქი. კავშირი გაწყდა…

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში დიდი ბრძოლები მიდიოდა, ტელეგრამით ვადევნებდი თვალს ლისიჩანსკის ამბებს, სოცქსელებში ატვირთული დაბომბილი სახლების ფოტოებს შორის მის სახლს ვეძებდი.

იქაურ პოლიციას ვწერდით, რომ დაგვხმარებოდნენ, გაეგოთ როგორ იყო, იყო თუ არა ცოცხალი… პოლიცია გვპასუხობდა, რომ ამის დრო არ ჰქონდათ…

ერთხელ მეზობელმა მოგვაწვდინა ხმა და გაგვამხნევა საშინელი დაბომბვების მერე: გადარჩა ბებია და მისი სახლი, მეზობლები შუაცეცხლზე გაკეთებულ წვნიანს ვუნაწილებთო.

ოთხი თვე, აპრილის მერე ელენა ბებოს არ ჰქონდა წყალი, გაზი და შუქი, საჭმელს მხოლოდ ხანდახან ჭამდა: გადანახულ მურაბებს, მწნილებს, რაც წინა წელს შეინახა. ვერ გადიოდა სახლიდან, ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ იღებდა.

მისი მეზობლები ხანდახან გვატყობინებდნენ ამბავს, რომ მშრალ სპირტს ანთებდა ჩაის დასალევად. კატები ჰყავდა ბებოს, რამდენიმე კატა ჰყავდა შვილივით. კონსერვები რომ გამოელია და ვეღარაფერს აჭმევდა კატებს, გაუშვა გარეთ ყველა თურმე…

ელენა სვენციცკაია

სასწაულებრივად, ერთი მეზობელი, როგორღაც მუხტავდა ტელეფონს და ბებოს სიკვდილამდე დავუკავშირდით. გვითხრა, რომ გონება უკვე გათიშული ჰქონდა. საწოლიდან გადმოვარდა და იატაკიდან ვეღარ დგებოდა. სიკვდილამდე ბოლო ორი კვირა იატაკზე იწვა უძლურებისგან. ვდარდობ იმას, რომ ასეთ მარტოობაში გარდაიცვალა, ვოცნებობ იმაზე, რომ ნეტა მისი 14 წლის კატა მაინც ყოფილიყო ბებოს გვერდით სიკვდილის წუთებში, ნეტა ვინმე ყოფილიყო, ვინც სიკვდილის წინ მას ეტყოდა, რომ ჩვენ ვნერვიულობდით, რომ მე და დედას გვიყვარს, რომ მის გამო ვდარდობთ… ამის მთქმელიც კი არავინ გამოჩნდა.

არც ერთი ცოცხალი არსება მის გვერდით არ იყო სიკვდილის წუთებში. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ სიკვდილს. სჯობს ბომბი დაგეცეს, სჯობს უცებ აფეთქდე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: