მთავარი,სიახლეები

ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი

06.08.2022 • 2104
ჩვენთან ომი ტყვიის გასროლის გარეშე დაიწყო – აგვისტოს ომის ვეტერანი ოფიცერი

ნათია გუმბერიძე აგვისტოს ომის ვეტერანია. უფროსი ლეიტენანტი, ახლა სახლში უმუშევრად ზის და იმ ტკივილზე გვიყვება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის გამო გადაიტანა. „ჩემთვის დიდი ტრავმა იყო, როცა ფორმის გახდა მომიწია,“ – ამბობს ნათია „ბათუმელებთან“. ის აკრიტიკებს ხელისუფლებას რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ომში დაღუპული გმირების მსხვერპლს ფასს უკარგავს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან, ანუ რუსეთის არმიის საქართველოში ბოლო შემოჭრის შემდეგ, უკვე 14 წელი გავიდა. ამ ომმა ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.

  • ქალბატონო ნათია, რატომ აღარ ხართ დღეს ქართულ შეიარაღებულ ძალებში და რას საქმიანობთ?

ვარ უმუშევარი, დაუცველი, მიუხედავად იმისა, რომ ომის ვეტერანი ვარ – ათი წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვიმუშავე. ჩემთვის ტრავმა იყო სამხედრო ფორმის გახდა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურებოდი. ვიბრძოლე 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

  • შეგიძლიათ გაიხსენოთ აგვისტოს ომის დღეები, სად იყავით ბოლოს, სად იბრძოდით?

ბოლოს ცხინვალის შესასვლელთან ვიბრძოდი. დაბომბვის დროს კონტუზია მივიღე და საარტილერიო მეთაურმა კაჭარავამ და მისმა მძღოლმა გამომიყვანეს. რამდენიმე წუთში კი ჩვენს ბატალიონს თავს დაესხნენ რუსები და თითქმის მთელი ბატალიონი დაიღუპა, მათ  შორის, ჩვენი მეთაური შალვა დოლიძეც.

საშინელი მდგომარეობა იყო იმ 5-6 დღის განმავლობაში, როცა ომი მიდიოდა… მე ამაყი ვარ იმით, რომ იმ ადამიანების გვერდით ვიყავი და მათთან ერთად მომიწია ბრძოლა ჩემი ქვეყნის დასაცავად.

ენით ვერ აღვწერ რამდენად ძლიერი, პატრიოტული სულისკვეთებით იყვნენ სამხედროები, ჯარისკაცები და ეს ყველაფერი რომ დავივიწყოთ, შეურაცხყოფა იქნება მათი მსხვერპლის. ეს ალბათ ჩვენი დასასრული იქნება, ყველაფერს ჩალის ფასი ექნება, რაც დღემდე მოვიტანეთ, ხაზის გადასმა იმ ყველაფერზე, რაც აქამდე მოვიტანეთ. სირცხვილია, რომ ამ ყველაფერს ჩვენ პატივი არ ვცეთ და არ დავიცვათ.

  • არსებობს ამის საფრთხე, რომ ომის გმირების მსხვერპლი დავივიწყოთ?

თავიდანვე მივხვდი, რომ ჯარს დიდი პრობლემები შეექმნებოდა და ვხედავთ კიდეც ხომ რა მდგომარეობაშია ჯარი. ფაქტობრივად, აღარც გვყავს ჯარი, ხალხი გამოქცევაზეა, ვერ უძლებენ რეპრესიებს, რადგან ხმას ვინც იღებს, ვინც მართლა სამხედროა, იმათ პრობლემებს უქმნიან. ჰყავთ მხოლოდ ისინი, ვინც ჩუმადაა და ვინც აწყობთ. ანაზღაურებაც დაბალია, მარტო გზაში არ გეყოფა  ხელფასი.

90-იანებში რომ ჯარი გვყავდა, ის მახსენდება, ცოცხების ჯარს ვეძახდით, რადგან ეზოების დაგვისა და ბალახების თიბვის მეტს არაფერს აკეთებდნენ. იგივე ხდება ახლაც. რუსულ „პაიოკზე“ არიან ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ვეღარ უძლებენ ამ ყველაფერს.

ეს იცის ხელისუფლებამაც, ამიტომაც ამბობენ, რუსები ორ საათში აგვიღებენო. იციან, რა მდგომარეობაშიც ჰყავთ. ძლიერი, მომზადებული ჯარი გვყავდა მებრძოლი სულისკვეთებით, ისეთი, ვისაც მართლა შესტკიოდა ქვეყანაზე გული, ყველა გაუშვეს ან გააქციეს ჯარიდან, ახლა კი ასეთი განცხადებებით უკეთებენ დემორალიზებას.

  • თქვენს თანამებრძოლებს თუ ხვდებით, მათ, ვინც გადარჩა, ან იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა ომში?

ძალიან მიმძიმს მათთან საუბარი. იმდენად მიმძიმს, რომ თვალებში შეხედვაც მერიდება. ჩემთვის ძალიან ტრაგიკული მომენტი იყო, როცა მათთან იმის თქმა მიწევდა, რომ მათი ძმა, მამა ან ოჯახის რომელიმე წევრი დაიღუპა.

ძალიან უჭირთ ამ ოჯახებსაც, თუმცა მათი შვილები პატრიოტებად იზრდებიან და იციან, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ ჩვენი გმირების საქმეს.

  • როგორია ომგამოვლილი ადამიანების თვალით დანახული დღევანდელი საქართველო, პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში?

როცა „ქართული ოცნების“ წევრები ჩვენი გმირების საფლავებზე მიდიან, მრცხვენია, რომ ისინი იქ დგანან. ისინი არ არიან ჩვენი გმირების ღირსების დამცველი მთავრობა – მაშინაც კი, რუსეთს უსვამენ თავზე ხელს, არ აღიარებენ, რომ რუსეთი მტერია და დღემდე გვიქმნის პრობლემას, დღემდე გვებრძვის.

არც ერთხელ არ ჩასულან საოკუპაციო ხაზთან, დღემდე გატაცებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, რუსების ტყვეობაში არიან და იმათი დახსნის საკითხს ვერ აგვარებენ, არ აგვარებენ, ამიტომ ამათი იქ დგომაც სამარცხვინოა. სამარცხვინოა ისიც, რომ უკრაინიდან ჩამოსვენებულ ჩვენს გმირებს არ ხვდებოდნენ.

დღევანდელი გადმოსახედიდან, დღევანდელი მთავრობის, ხელისუფლების მოქმედება უპატიებელია, ის რიტორიკა, – „აბა, ომი გინდათ?“, შერბილებული ტონი რუსეთთან მიმართებაში არის რუსული პოლიტიკა, რომ თითქოს ქვეყანას იცავენ და ამ დროს, თვითონ არიან ამ ომის, პროვოკაციებისა და პრობლემების ხელშემწყობი. თვითონვე ატარებენ რუსულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი დავალებაა – შერბილებულად, ადვილად, ომის გარეშე ქვეყნის დაპყრობა. ნელ-ნელა ძირის გამოთხრით, ხალხის გაჩუმებით, რომ ადვილად გადასცენ ქვეყანა მტერს. აი, ასეთი პოლიტიკა აქვთ ამათ.

ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი სიტუაციაა. ძალიან გაბრაზებული ვარ და ვერ ვმალავ უკვე ამ სიბრაზეს იმის გამო, რაც ხდება ჩვენს თავს. ფაქტობრივად, ქვეყანას ვკარგავთ. მაშინ, როცა აგვისტოს ომი გადავიტანეთ, როცა ვნახეთ, როგორ ხოცავდა და აწამებდა რუსეთი ჩვენს ბიჭებს, დღეს კიდევ აქეთ შემოჰყავთ რუსები და კიდევ ჩვენ გველაპარაკებიან აგრესიულად. რაღაც ძალიან ცუდად ემთხვევა ეს „დიდი რუსობა“ აგვისტოს ომის დღეებს.

პროვოკაციულიც არის და ძალიან საშიშიც ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ტყვიის გარეშე დაწყებული ომია ჩვენთან. არც კი ვიცით, ვინ არიან შემოსული ქვეყანაში. მსგავსი პროვოკაციები დაიწყო 6 თვით ადრე უკრაინაშიც და გვაფრთხილებდა ეს ხალხი.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთს გაურიგდა ჩვენი ხელისუფლება. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რატომ დაიწყებს რუსეთი ომს?

რუსებმა იციან ქართველი ხალხის ხასიათი, იციან, რომ ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობის უნარი და ამ ყველაფრისთვის სჭირდებათ პროვოკაციები. რუსებს ქართველების გარეშე უნდათ საქართველო, ეს ასე იყო ყოველთვის. ამაზე მეტყველებს გუშინდელი ამბები, აგვისტოს ომს მოგანატრებთო რომ გვწერდნენ, რომ უკრაინის შემდეგ ჩვენ ვართ, მედვედევის პოსტი გავიხსენოთ, რომ საქართველო რუსეთის ნაწილია თურმე.

რაც ჩვენ აქამდე გავაკეთეთ, რასაც ჩვენი ბიჭები შეეწირნენ, რასაც ჩვენი წინაპრები შეეწირნენ, იმ ყველაფრის შემდეგ, ისევ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფოებრიობა ისევ დავკარგოთ ერთი ხელის მოსმით.

ამიტომ ნამდვილად არ უნდა ვიყოთ მშვიდად და წყნარად, ამას უნდა მოჰყვეს რეაქციებიც და პროტესტიც. საჭიროა ხალხის ძალა და ერთობა. სხვა შემთხვევაში, ქვეყანას დავკარგავთ. რუსები არასდროს დაგვინდობენ და არც უნდა ველოდეთ კარგს არაფერს მათგან.

ხელისუფლება ცდილობს ხალხისკენ მიმართოს ისრები და ხალხს დააბრალოს ის, რაც თვითონაა.

ქსენოფობია არ არის იმაზე კითხვების დასმა, რა საფრთხეების წინაც ვდგავართ რუსეთის ამდენი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლით. აბა, თვითონ ხომ არ იტყვის, რომ ქვეყანას რუსეთს ვაბარებთო. ამათი სტრატეგია არის მტრის ენით ბრძოლა და რასაც თვითონ აფუჭებს, იმას ჩვენ გვაბრალებს.

„ომი გინდათ“ ნიშნავს, რომ თვითონ არიან რუსული პოლიტიკის ხელშემწყობები და აქეთ გვემუქრებიან, თუ ამის წინააღმდეგ ხმას ამოვიღებთ. „ქართული ოცნება“ თვითონ გამოგვიცხადებს ომს. ჩვენ თუ წავალთ, ომი გექნებათ, რუსს შემოგიყვანთო და შემოგვიყვანეს კიდეც. იმიტომ, რომ გაგვაჩუმონ, შეგვზღუდონ. ქართველებს აიძულებენ ქვეყნიდან წავიდნენ, არ ჰქონდეთ საარსებო წყარო და რაც უფრო ნაკლები ქართველი იქნება სამართავი, მათთვის უკეთესია.

ივანიშვილმა თქვა, რომ „თუ არ მოგწონთ, წადითო“. ივანიშვილი რუსი ოლიგარქია. ჩემი აზრით, თავიდანვე ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ივანიშვილი თავიდანვე იყო ჩანერგილი რუსეთის მიერ, რადგან რაც მან ვერ შეძლო თუნდაც წინა ხელისუფლების პირობებში, ახლა აკეთებს, დასვა თავისი მთავრობა, თავისი მარიონეტული ხალხით და აკეთებს იმას, რაც უნდა.

ამას არ აქვს სხვა ლოგიკა და ახსნა, რადგან მართლა დამამცირებელია, როცა საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება რუსული რიტორიკით გელაპარაკება. მაშინ, როცა ქართველი ხალხის და ქვეყნის ღირსება უნდა დაიცვან, აკეთებენ პირიქით.

სამწუხაროდ, ისტორიულად ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვიყავით, როცა შიდა მტრების ხელით სულ რაღაც ფუჭდებოდა ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა ამ საფრთხესაც გადაურჩება, რადგან ჯერ კიდევ გვყავს პატრიოტები, გმირები, არსებობენ მებრძოლები, რომლებსაც დღემდე შესტკივათ ქვეყნისთვის გული და ისევ დაიცავენ საქართველოს კბილებით, ამის იმედი მაქვს.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ერთგვარი დუმილის შენარჩუნებით ცდილობს აარიდოს ქვეყანას რუსეთის აგრესია?

გაჩუმება-გაჩუმებაში ვკარგავთ სწორედ ქვეყანას. გაჩუმება არ არის დაცვა, საჭიროა ხმის ამაღლება, საჭიროა ძალა, რაც ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავა. არ ვფიქრობ, რომ გაჩუმებით მტერს შევაჩერებთ. საჭიროა ყველაფრისთვის ბრძოლა.

არავის გვინდა ომი, არავის უნდა სისხლი, ტყვიებისა და ბომბების ჩამოყრა, რადგან ვიცით, რომ ეს საშინელებაა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, არ უნდა დავთმოთ ჩვენი ქვეყანა.

როცა რუსები აქ დამკვიდრდებიან, ააწყობენ ბიზნესებს, ექნებათ მეტი პრივილეგია, მეტი მოთხოვნები, აი, ეს შეგვიქმნის საფრთხეს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიაც ისაა, რომ ეს ყველაფერი უკან შემოგვიბრუნდეს. ამიტომ უნდა გაკონტროლდეს რუსეთის ყველა მოქალაქის შემოსვლა, ვინ არიან და რას წარმოადგენენ.

  • თქვენ ამბობთ, რომ ხალხშია ძალა, დღეს ამ ყველაფერზე კითხვებს სვამს კიდეც ხალხი, ქუჩაშიც გამოვიდა, როცა ქვეყნის ევროპული არჩევანი გახდა დასაცავი. კიდევ საითკენ უნდა მიმართოს ეს ძალა საზოგადოებამ?

აუცილებელია უწყვეტი აქციები, საჭიროა უფრო მკაცრი ტონი ხელისუფლების ქმედებებზე, არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. რაღაც სიტუაცია შეიძლება შევაჩეროთ, მაგრამ მიზნის მიღწევაა საჭირო. ეს მთავრობა კი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ეს ყველაფერი უნდა შეძლოს ხალხმა. მართალია, ამ გზაზეც კონკრეტული ლიდერი არ გვყავს, მაგრამ არც ესაა პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა უნდა ვიყოთ ლიდერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: