მთავარი,სიახლეები

ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე

08.07.2022 • 3137
ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მარნეულის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს „შინ ევროპისკენ“ ბუკლეტების დარიგებაში. სამირას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირმა ზარქუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია [სავარაუდოდ, მარნეულის მერიის თანამშრომელი]. ის სამირას მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსებს სოციალურ ქსელებში ისევ წერს. გუშინ კი სამირას დისკრედიტაცია მისი პირადი ცხოვრების ხელყოფით სცადა. რას ნიშნავს, როცა აქტივისტ ქალს პარტიული აქტივისტი ქალები უპირისპირდებიან და წითელ ხაზებს კვეთენ? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ სამირა ბაირამოვას.

  • სამირა, როგორც გუშინ ვნახეთ, ირმა ზარქუა თქვენს პირად ცხოვრებას შეეხო და ამ ფორმით ცდილობდა თქვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მისი პირადი ინიციატივაა თუ მას მიზანმიმართულად აქეზებენ თქვენ წინააღმდეგ?

მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ საჯარო მოხელე შეიძლება რაიმეს აპროტესტებდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ის ადამიანი, ვისგანაც მოდიოდა ყველაზე მეტი შეურაცხყოფა, არაეთიკური ქცევა, ლანძღვა, გინება, პროვოკაცია – დღემდე აგრძელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩემზე. დღეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელყოფაზეც გადავიდა და ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტი გახადა. ეს არ არის ადამიანური.

ჩემთვის ამ საქმეში არ არსებობს გამარჯვებულ-დამარცხებული – მთავარია, ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ერთად შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც კარგად ვიცხოვრებთ და არ შევჭამთ, არ დავჩაგრავთ და გავლანძღავთ ერთმანეთს.

თუ იძულებული ხარ, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ხარ და იმიტომ მიდიხარ ამაზე, რომ არ გინდა სამსახური დაკარგო, რა თქმა უნდა, მე მეცოდებიან ეს ადამიანები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში არ ჯდება.

ის, რაც ამ ადამიანებმა იმ დღეს საზოგადოებას აჩვენეს, ძალიან არაეთიკური და არაკანონიერი იყო, ფაქტობრივად, ყველა ზღვარი გადალახეს. დღემდე ვარ შოკში, როგორ შეიძლება ადამიანმა ასე დაკარგოს სახე.

  • ეს ადამიანი (ირმა ზარქუა) თავგამოდებით იცავდა პარლამენტარ დიმიტრი სამხარაძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია და რომელმაც „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს საჯაროდ აგინა. ამის პარალელურად კი შეურაცხმყოფელ სტატუსებს წერდა თქვენი და ჟურნალისტ კამილა მამედოვას მისამართით. როგორ ფიქრობთ, მისი აქტიურობის უკან „ქართული ოცნება“ დგას?  

როგორც ჩანს, ამ ადამიანს იცავს მაღალი თანამდებობის პირი, თუმცა არ ვიცი, ვის აძლევს ხელს მისი ეს ქმედებები. ვფიქრობ, მისი საქციელი, მისი საქმიანობა აზარალებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვის ინტერესებსაც იცავს ის.

ამ ადამიანს და მასთან მყოფ პირებს თავიდანვე უნდოდათ პროვოკაცია, რადგან ჩემი მისამართით ძალიან შეურაცხმყოფელი, ძალიან მძიმე ეპითეტები გამოიყენეს. ეს ალბათ ბევრ ადამიანს აიძულებდა მათთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შესულიყო იმ დღეს, თუმცა მე არ ვარ ასეთი ადამიანი. მე ძალადობის მოწინააღმდეგე ადამიანი ვარ და მირჩევნია, ვესაუბრო ოპონენტს.

ირმა ზარქუა მარნეულის ბაზარში სამირა ბაირამოვას „შინ ევროპისკენ“ ფლაერების დარიგების გამო დაუპირისპირდა.

ეს ადამიანი ჩვენთვის არის კონკრეტული სისტემის, კონკრეტული პარტიის, კონკრეტული მუნიციპალიტეტის სახე და თუ ამაზე ისინი რეაგირებას არ მოახდენენ, მათთვის იქნება ძალიან უხერხული. ჩვენ ამ ადამიანებს ხელფასებს ვუხდით ბიუჯეტიდან, ისინი კი ასეთი აგრესიით გვპასუხობენ.

  • ამ ქალს, რომელიც მარნეულის ბაზარში დაგიპირისპირდათ, შემდეგ კი ფეისბუქზე მოგაყენათ შეურაცხყოფა, მანამდე იცნობდით? ნამდვილად მერიის თანამშრომელია?

მე არ ვიცნობდი აქამდე მას. როგორც ამბობენ, დასაქმებულია მარნეულის მერიაში, თუმცა სამსახურში იშვიათად დადის. ისიც ითქვა, რომ ადრე რუსთავის მერიაში მუშაობდა და იქიდან გამოუშვეს. სხვებს, ვინც იმ დღეს მასთან ერთად იყვნენ, მერიის თანამშრომლები, ვიცნობდი, ზოგიერთი ისეთი იყო, ვისი კოლეგაც ვყოფილვარ, თანამებრძოლიც, აქციის შემდეგ ბევრმა მომწერა კიდეც და ბოდიშიც მომიხადეს. მწერდნენ, იძულებით ვიყავით მოსულიო.

მართლაც, უბრალოდ იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ, არც შეურაცხყოფა მოუყენებიათ ჩემთვის. ამბობდნენ, რომ დავკარგავთ სამსახურს, ხომ იცით, რომ რთულია სამსახურის შოვნა და ასეთ პირობებში ვმუშაობთო. დღეს ისინიც სისტემის მსხვერპლნი არიან და დაკარგეს თავიანთი ადამიანური ღირებულება.

  • ზარქუა გეუბნებოდათ, „თქვენ ჩემი ჯვარი გადაშალეთო“, ამაში გულისხმობდა იმ ფაქტს, როცა მარნეულშიალტ-ინფოს“ ოფისი გადაღებეთ. რა შეხება აქვს ზარქუას „ალტ-ინფოსთან“, მათი მხარდამჭერია?

არ ვიცი, მაგრამ იმ დღეს ერთად იყვნენ მარნეულის ბაზარში, როცა დამიპირისპირდნენ, ზარქუა, „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები, რომლებიც მარნეულის ეპარქიის ხალხია და ასევე მერიის თანამშრომლები.

  • ქალთა ოთახის“ ხელმძღვანელიც ხომ თქვენ წინააღმდეგ გამოიყვანეს. რა ახსნა აქვს ამას, როცა ქალთა უფლებადამცველი, ქალი აქტივისტის წინააღმდეგ გამოდის?

ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი უფრო მეტად უნდა იყვნენ ქალების მიმართ სოლიდარულები, რადგან „ქალთა ოთახის“ დანიშნულება სწორედ ქალების გაძლიერება და მხარდაჭერაა. მეც მაქვს რაღაც წვლილი ამ საქმეში და ბევრი პროექტი განხორციელებულა ამისთვის.

ახლა კი რა გამოდის, რომ ქალების წინააღმდეგ გამოდის მისი ხელმძღვანელი. რამდენი ტრენინგი გაიარეს ამ ადამიანებმა, რამდენი გადამზადება, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანების შინაგანი ცვლილება მაინც ვერ მოხდა. ამ საქმეში ეს ადამიანი თავის სულსა და გულს არ დებს, ვერ აცნობიერებს ბოლომდე თავის საქმიანობას და მთავარ მიზანს.

ეს არ არის რაღაც საზეპირო, რომ შემდეგ დადგე და ვიღაცას მოუყვე – მას ბუნებრივად უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს მისი საქმიანობა. გულით უნდა იგრძნოს და ისე გააკეთოს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მისთვის უბრალოდ სამსახურია, იღებს ხელფასს და მეტი არაფერი.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები, ეს ქალებიც, სისტემის მსხვერპლები არიან?

დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა მეორეცაა, შესაძლებელია ეს ადამიანის ბუნების საკითხია. შესაძლოა ეს ადამიანები სხვადასხვა ზეწოლისა თუ ძალადობის მსხვერპლები არიან, რადგან მათი ქცევა არ ჰგავს ნორმალურ გარემოში გაზრდილი ადამიანის ქცევას.

კიდევ არის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ამ დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე მარნეულის მერიას სასამართლო პროცესი მოვუგეთ, რომელიც ბიუჯეტის საკითხებს შეეხებოდა – როგორც ჩანს, გაბრაზებულები და გამწარებულები იყვნენ.

ასევე „ალტ-ინფოს“ ოფისის წარმომადგენლები, მარნეულის ეპარქიის აქტივისტები, რომლებისგანაც არაერთხელ მივიღე შეურაცხყოფა და მუქარა, ყველანი გაერთიანდა ჩემ წინააღმდეგ.

ის, რომ ქალები გამოიყვანეს ჩემ წინააღმდეგ, ესეც ალბათ თავიდანვე იყო გამიზნული, რადგან ალბათ ფიქრობდნენ, რომ კაცებს არ გამოუვიდოდათ სოციალიზაცია.

როგორც ჩანს, აქ იყვნენ ნეპოტიზმით დანიშნული ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ დადიან სამსახურში, მაგრამ ხელფასს იღებენ. ძალიან მეცოდებიან ის საჯარო მოხელეებიც, რომლებიც იძულებულნი არიან, ამ ბინძური პოლიტიკის ნაწილი გახდნენ, რადგან სხვანაირად ვერ ხედავენ მათი დაწინაურების გზას.

  • ეს ნიშნავს, რომ მათთვის პარტიული დავალება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის უფლებები, ქალის გაძლიერება და მხარდაჭერა?

ზუსტად ასეა. წლებია ვმუშაობ ამ რეგიონში ქალთა უფლებებზე და ყველაფერს ვაკეთებ მათი კეთილდღეობისთვის, მათი მდგომარეობის შესაცვლელად, თუმცა დღეს მე გავხდი ქალების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი.

  • თქვენ წერდით ფეისბუქზე იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმე იყო თქვენს პირად ტრაგედიასთან, მახინჯ ტრადიციებთან ბრძოლა. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ თუ ქალი მსხვერპლია, ეს შეიძლება მის წინააღმდეგ გამოიყენო?

ადამიანის პირადი ცხოვრება არის პირადი სივრცე, წითელი ხაზი, რომელიც არ შეიძლება გადაკვეთო. უბრალოდ, იმდენად ბინძური ადამიანები არიან ვინც ასე ფიქრობს, იმდენად შორს დგანან ადამიანობისგან, არ აქვთ მგრძნობელობა, რომ შეუძლიათ შენი ტკივილი მანიპულირებისთვის გამოიყენონ.

მათი მიზანმიმართული პროვოკაცია არ გამოვიდა, ვერ წავიდნენ ბაზრიდან გამარჯვებულები და ახლა ცდილობენ პირად სივრცეს შეეხონ და კიდევ გააგრძელონ თავდასხმა.

ეს ადამიანები გააღიზიანა ჩემ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერამ და ახლა ამ მეთოდებით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, ფიქრობენ, რომ ეს შეამცირებს ჩემ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას და ნდობას. თუმცა პირიქით მოქმედებს ეს ყველაფერი.

არ ვიცი, ეს ადამიანური დაცემის რა საფეხურია, ამ ყველაფერზე რომ მიდიან.

იმისთვის, რაც ბაზარში გააკეთა, შემდეგ კი ჩემზე დაწერა ზარქუამ სოციალურ ქსელში, მე არ ვუჩივლე მას, ქალური სოლიდარობა გამოვუცხადე კიდეც, რადგან ამ ქალს, როგორც მსხვერპლს, ისე ვხედავ და, შესაბამისად, მეცოდება. მაგრამ რაც უფრო ვაპატიე, მით უფრო გააგრძელა ჩემი შეურაცხყოფა.

არ ვიცი, რას მიაღწევს ამით, ალბათ ვერაფერს. როგორც ადრე გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და შემდეგ გააძევეს რუსთავის მერიიდან, აქაც ზუსტად იგივე მოხდება, სანამ დასჭირდებათ ასეთი ადამიანები მათივე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.

  • როცა „ალტ-ინფო“ დაგემუქრათ, ან ახლა, როცა ასეთი აგრესიის მსხვერპლი გახდით, თქვენ არაერთხელ მონიშნეთ ფეისბუქზე პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, რომელიც პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრია. რაიმე გამოხმაურება, მხარდაჭერა მიიღეთ მისგან?

ალტ-ინფოსგან“ მუქარის დროს წილოსანს ჰქონდა ჩემი მხარდამჭერი გამოსვლა პარლამენტში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

დღეს დილით, ზარქუამ ჩემი შეურაცხმყოფელი სტატუსი წაშალა და ვფიქრობ, რომ მას ამაზე მიუთითეს. სხვანაირად ის არ წაშლიდა ამ პოსტს.

მაგრამ, როცა „ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციებს ქმნის რეგიონებში და თავის სახედ ასეთი ადამიანები ჰყავს, ჩემში უარყოფითად აღიქმება. ამას მაშინ ექნება ფასი, თუ კანონდამრღვევი პასუხს აგებს თავისი საქციელის გამო პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მმართველი პარტიის მხარდაჭერა არ უნდა იყოს  სხვისი უფლების ხელყოფის ბერკეტი.

სამირა ბაირამოვამ მარნეულში პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისი გადაღება

იმის დაუსჯელობა, რაც ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა, ის აგრესია, რაც აქტივისტების წინააღმდეგ მოხდა, ახალ დანაშაულებს ახალისებს.

სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ორად ყოფს და ყველას „ნაციონალს“ ეძახის, ვინც მას არ ეთანხმება. ეს აზარალებს სამოქალაქო აქტივიზმს.

მარნეულში, სადაც ისედაც ბევრი სტერეოტიპია და ბევრი ბრძოლა გვიწევს ქალებს, აქტივისტებს უფლებების დასაცავად, ასეთი თავდასხმები უარყოფითად იმოქმედებს ქალების აქტივიზმზე.

თუმცა მე ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, ეს ჩემი ბუნებაა და ვერ გავჩერდები. გავაგრძელებ ბრძოლას იმისთვისაც კი, რომ ეს საჯარო მოხელეები გადავარჩინოთ. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ მათთანაც, რომ ეს ადამიანები აღარ იყვნენ სისტემის მსხვერპლი და იმის შიშით, რომ სამსახური არ დაკარგონ, ბინძური პოლიტიკის გამტარებლები არ უნდა გახდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: