ნეტგაზეთი • RU

აბიტურიენტი, რომელიც კოვიდის გამო გამოცდაზე ვერ გავა, საგანს მოგვიანებით ჩააბარებს

2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე ის აბიტურიენტები, რომლებიც კორონავირუსის დადასტურების გამო ვერ მოახერხებენ გამოცდაზე დასწრებას, გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ. მათთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაბამის საგანში გამოცდას დამატებით დანიშნავს.

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია.

„ცენტრი ასეთ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე.

გამოცდების ცენტრი ასევე უფლებამოსილია, დაცული ფორმით მიიღოს ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია იმ აბიტურიენტების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. გამოცდების ცენტრსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით“, – ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

ორი თვის წინ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიცვალა გამოცდებისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციებით სავალდებულო რჩებოდა პირბადის გამოყენება, თუმცა გამოცდების ცენტრში დღეს, 3 ივლისს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა.

„პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარაა, თუმცა გამოცდაზე ინდივიდუალურად, ნებისმიერს, როგორც აბიტურიენტს, ასევე მეთვალყურეს, თუ სურვილი აქვს, შეუძლია გაიკეთოს პირბადე,“ – გვითხრეს გამოცდების ცენტრში.

განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, „გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ასევე იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო“.

აქ მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით.

„აღნიშნული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ მითითებული დოკუმენტაციის წაროდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია“.

მინისტრის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება“.

აბიტურიენტების შესახებ მიღებული ზემოთ აღნიშნული ინფორმაციები „ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის; ეს მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება“.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი, „ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 7-დღიანი ვადის გასვლამდე.“


4 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.

ნახეთ ფისიქოლოგის რეკომენდაციები, თუ რას ურჩევს აბიტურიენტებს წინასაგამოცდო შფოთვის დასაძლევად:

5 რჩევა აბიტურიენტებს გამოცდების წინ – ფსიქოლოგის რეკომენდაცია

 

მთავარი ფოტო: ეროვნული გამოცდები/ფოტო არქივიდან

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com