მთავარი,სიახლეები

დავაკავეთ რუსეთის 4 აგენტი – უკრაინის უშიშროება

01.07.2022
დავაკავეთ რუსეთის 4 აგენტი – უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროება მორიგი წარმატებული ოპერაციისა და 4 დაკავებული ჯაშუშის შესახებ იუწყება. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ გაანეიტრალეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც კიევში მოქმედებდა და რომელიც ქალაქის დაცვისა და უკრაინელი სამხედროების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

უწყების პრესსპიკერის, არტიომ დიხტიარენკოს თქმით, „აგენტები აგროვებდნენ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და სტრატეგიული ობიექტების გეოლოკაციების შესახებ; ასევე, ცდილობდნენ უკრაინელების გადაბირებას, მხარი დაეჭირათ რუსი ოკუპანტებისთვის“.

უშიშროების სამსახურის ცნობით, აგენტურული ჯგუფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელმა, პოლკოვნიკმა ვლადისლავ დონეცმა შექმნა. ის რუსების საოკუპაციო დაჯგუფების წევრი იყო კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში და კოორდინაციას უწევდა რუსი აგენტების საქმიანობას უკრაინაში.

„ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი, ვალენტინ ტილილიმი. რუსეთის აგენტები თავიანთ უფროსობასთან მანამდე შეთანხმებული დახურული არხებით კონტაქტობდნენ“, – აღნიშნავს უკრაინის უშიშროება.

გამოძიების ინფორმაციით, აგენტურული ჯგუფი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე გააქტიურდა. ჯგუფის წევრებს შორის მკაცრად იყო განაწილებული პასუხისმგებლობის სფეროები და დივერსიული დავალებები.

4 დაკავებულიდან 3 კიევის მცხოვრებია. გამოძიების მტკიცებით, უშუალოდ ორ მათგანს ევალებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, სამხედროებისა და სამართალდამცველების შესახებ ინფორმაციის მოგროვება.

კიევის კიდევ ერთ მცხოვრები, რომელიც წარსულში დონეცკის სამართალდამცველ ორგანოებში მუშაობდა, უწყების მტკიცებით, კრემლის პროპაგანდას ავრცელებდა და ამისთვის სპეციალიზებულ ინტერნეტ-პლატფორმებს იყენებდა.

მეოთხე დაკავებული ჰოსტომელში დაარსებული IT კომპანიის დამფუძნებელია, რომელიც გამოძიების ცნობით, აგენტურულ ჯგუფს ტექნიკურად ეხმარებოდა.

ოთხივე დაკავებულს ბრალს სამშობლოს ღალატისთვის წარუდგენენ.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის უშიშროებამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის აგენტურული ქსელის მხილებასა თუ აგენტების დაკავებაზე.

21 ივნისს უკრაინის უშიშროებამ სამშობლოს ღალატის ბრალდება წარუდგინა ორ თანამდებობის პირს. კიევში დააკავეს მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს უფროსი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით „მტერს აწვდიდნენ სხვადასხვა ინფორმაციას: თავდაცვის შესაძლებლობებზე, საზღვრების მდგომარეობაზე, ცნობებს უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებზე.“

26 ივნისს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატი ანდრეი დერკაჩიც შედიოდა. ქსელის მიზანი იყო, რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დახმარებოდა.

გამოძიების მტკიცებით, დერკაჩი კურირებდა დაცვის კერძო კომპანიების შექმნას უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ეს სტრუქტურები უკრაინის სწრაფი ოკუპაციისთვის უნდა გამოეყენებინათ.

მთავარი ფოტო: არტიომ დიხტიარენკო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: