მთავარი,სიახლეები

დასავლეთი უკრაინას 600 ტანკს, 400 საარტილერიო სისტემას მიაწვდის – პოდოლიაკი იარაღის მიწოდებაზე

01.07.2022 • 5978
დასავლეთი უკრაინას 600 ტანკს, 400 საარტილერიო სისტემას მიაწვდის – პოდოლიაკი იარაღის მიწოდებაზე

„რამშტეინის“ შეთანხმებით, დასავლეთი უკრაინას 600 ტანკს, 400 საარტილერიო სისტემას მიაწვდის, უკრაინა მიიღებს არა ათობით, არამედ ასობით ერთეულ სხვადასხვა შეიარაღებას – უთხრა უკრაინის 24-ე არხს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურმა ელიტებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღდეგ გამოიყენა მთელი ის შეიარაღება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დააგროვა:

„ეს არის ათასობით ერთეული მძიმე შეიარაღება: არტილერია, ზალპური ცეცხლის სისტემები, ჯავშანტექნიკა. რაც კი მოაგროვა რუსეთმა, ყველაფერს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს, ამიტომაც, დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას მეტი შეიარაღება სჭირდება“.

მიხაილო პორდოლიაკი აღნიშნავს, რომ პარტნიორები უკრაინას მიაწვდიან იმდენ შეიარაღებას, რამდენიც მას სჭირდება ეფექტიანი თავდაცვისთვის, დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად და კონტრშეტევებისა და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის.

პოდოლიაკი დასძენს, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც კარგად იცის შეიარაღების გამოყენება, ამიტომაც დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების არ ეშინია: „მათ ესმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სწორად გამოიყენებენ ამ იარაღს, რადგან ამ წესებზე უკრაინა შეთანხმებულია“.

პოდოლიაკის თქმით, ბიუროკრატიის ფაქტორების გათვალისწინებით, იარაღის მიწოდების პროცესი სწრაფად მიდის: „თუმცა აქ სხვა პრობლემაცაა. არავინ აგროვებდა იმდენ შეიარაღებას და არ ხარჯავდა იმდენ ფულს იარაღის წარმოებაზე, როგორც რუსეთი. მაგალითად, თუ რუსეთს აქვს მილიონი ერთეული – მსოფლიოს აქვს 100 ათასი, ამიტომაც დასავლეთს ამ შეიარაღების დამატება სჭირდება. ზოგი რამ დასასრულებელია, ზოგი საწყობებიდან ამოაქვთ და ეს ყველაფერი მალე უკრაინაში წამოვა – ორ სამ თვეში.“

30 ივნისს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.მასში შედის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, არტილერია, საბრძოლო მასალები, რადარები და HIMARS-ები.

მთავარი ფოტო: 24-ე არხის კოლაჟი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: