მთავარი,სიახლეები

შეძლებული ადამიანიც შეიძლება გაღარიბდეს – როგორ გვეხმარება სახელმწიფო სიღარიბის დაძლევაში

22.04.2022 • 1359
შეძლებული ადამიანიც შეიძლება გაღარიბდეს – როგორ გვეხმარება სახელმწიფო სიღარიბის დაძლევაში

ავტორი: ესმა გუმბერიძე, იურისტი 

__________________________

ონლაინკურსი გავიარე ინკლუზიურ სოციალურ დაცვაში, რომელიც განკუთვნილია განვითარებადი, ღარიბი ქვეყნებისთვის. კურსს წლების განმავლობაში ატარებს ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია Development Pathways/განვითარების გზები.

კურსის სულისკვეთება იყო, რომ სიღარიბის დაძლევის მიზნობრივ პროგრამებს (მაგ. მატერიალური კეთილდღეობის ქულებით შეფასებას) სჯობს ქვეყანაში უნივერსალური შემწეობების დამკვიდრება, ისეთის, როგორებიცაა: ასაკობრივი პენსია, ბავშვთა შემწეობა და შშმ პირთა ფინანსური კომპენსაცია. ასევე, ცხოვრების მანძილზე მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებული შემწეობები – უმუშევართა, მარჩენალდაკარგულთა, დევნილთა, მარტოხელა მშობელთა, ოჯახური პასუხისმგებლობებითა თუ ავადობით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება.

გამიკვირდა, რომ ჩვენნაირი შემოსავლის მქონე ბევრ ქვეყანას არ აქვს უნივერსალური ასაკობრივი პენსია და შშმ პირთა ფინანსური კომპენსაცია. ბევრ ქვეყანაში ახლა ფიქრობენ, როგორ მოსთხოვონ ეს მთავრობებს, ჩვენ კი ამ შემწეობებს როგორც მოცემულობას, ისე შევეჩვიეთ. თუმცა ეს არაევროპული ქვეყნებია და არც ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე არ აქვთ განცხადებები შეტანილი.

და მაინც, რატომ უნივერსალური და არა მიზნობრივი სოციალური დაცვა?

უნივერსალური სოციალური დახმარებები შეეხება ყველას, მათ შორის, ღარიბებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ღარიბ ქვეყნებში კი ასეთია მოსახლეობის უმრავლესობა. სიღარიბის ზუსტი გამოვლენა და ქულებით გაზომვა ობიექტურად ყოველთვის ჭირს. მაგალითად, ადამიანი მუშაობდა, ჰქონდა შემოსავალი და დააგო სახლში პარკეტი. შევიდა ასაკში, დაკარგა სამსახური. გაუჭირდა, პარკეტი კი ისევ აქვს. სოციალურ ქულებზე ამ პარკეტის არსებობა აისახება.

უამრავი ადამიანი, ვისაც სოციალური შემწეობა სჭირდება, ქულებს ვერ იღებს ბიუროკრატიული და ნაკლებად მისაწვდომი პროცედურების გამო. სოციალური აგენტის მოსვლასა და მდგომარეობის შეფასებას დროც სჭირდება.

უნივერსალური შემწეობები უფრო შეესაბამება ადამიანის ღირსებას. ის განიხილება როგორც ადამიანის უფლება, მაშინ, როდესაც სიღარიბის ხარისხის დასადგენად ადამიანი სახელმწიფოსთან დგება ერთგვარი მათხოვრის პოზიციაში. უწევს მტკიცება, რომ ღარიბია და შემოსავლის გამომუშავების შეუძლებლობის გამო თავის მართლება, რაც მის ღირსებას ლახავს.

უნივერსალური შემწეობებით ისარგებლებენ ის მოწყვლადი ადამიანებიც, რომლებიც, მართალია, ცხოვრობენ შედარებით შეძლებულ ოჯახებში, მაგრამ შესაძლოა, შიდა ოჯახური დისკრიმინაციისა და ეკონომიკური ძალადობის გამო ვერ სარგებლობენ ოჯახის კეთილდღეობით დანარჩენებთან თანაბრად (მაგალითად: შშმ პირები, ქალები).

სიღარიბე არ არის ქვაში ნაკვეთი. ნებისმიერი, თუნდაც საკმაოდ შეძლებული ადამიანი შეიძლება გაღარიბდეს ცხოვრებისეულ გარემოებათა გამო. მათ შორისაა: დაბერება, სამსახურის დაკარგვა, ავადობა, შვილის გაჩენა. შესაბამისად, ამ რისკების დაზღვევა და შერბილება სჭირდება ყველას, სიღარიბის მიზნობრივი პროგრამები კი ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს მოითხოვს (სოციალური აგენტები, ვინც ადამიანები მუდმივად უნდა შეაფასონ).

evelopment Pathway-ს აზრით, რაც ორგანიზიაციას კვლევებით აქვს გამყარებული, სახელმწიფოსადმი ნდობა გაცილებით მაღალია ქვეყნებში, სადაც უნივერსალური ბენეფიტები არსებობს სიღარიბის აღმოფხვრის მიზნობრივი პროგრამებით გამორჩეულ ქვეყნებთან შედარებით. უნივერსალური სოციალური დაცვა ზრდის სოციალურ თანასწორობას და ხელს უწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, ამცირებს შიდასახელმწიფოებრივი ძალადობრივი კონფლიქტების, გადატრიალებების, სამოქალაქო ომებისა და არეულობის რისკებს.

ბევრ ქვეყანაზე დაკვირვებით, საყოველთაო ინკლუზიური სოციალური დაცვის პროგრამებს  აქვს უფრო დიდი სამოქალაქო მხარდაჭერა, ვიდრე მიზნობრივ პროგრამებს. საშუალო კლასმა, რომელიც პოლიტიკურად ყველაზე აქტიურია, იცის, რომ უნივერსალური ინკლუზიური გასაცემლები მასაც ეკუთვნის, ამიტომაც დაუჭერს მხარს.

სახელმწიფოები მიზნობრივი პროგრამების დასაცავად ხშირად ამბობენ, რომ ურჩევნიათ, მეტი თანხა გამოუყონ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვიდრე სიმბოლური თანხა მისცენ ყველას. თუმცა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად შექმნილი მიზნობრივი პროგრამები ბენეფიციარებს გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე უნივერსალური ასაკობრივი პენსია თუ შშმ პირთა სოციალური კომპენსაცია. თუ დავაკვირდებით, საქართველოშიც ასეა.

არგუმენტი, რომ ღარიბ ქვეყნებს ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისთვის ფული არ აქვთ, თურმე არასწორია. იმიტომ, რომ იგივე სკანდინავიურმა ქვეყნებმა, რომლებიც დღეს სოციალური დაცვის მიმართულებით ჩემპიონები არიან, ასეთი პროგრამების დამკვიდრება დაიწყეს, როცა მათი ეკონომიკები გაცილებით უფრო მცირე მოცულობისა იყო, ვიდრე დღევანდელი ღარიბი ქვეყნებისა.

ქართული და, ალბათ, ზოგადად, პოსტსაბჭოთა რეალობიდან გამომდინარე, სწორედ ობიექტურ კრიტერიუმზე (ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა, უმუშევრობა, მარჩენალდაკარგულობა, მარტოხელა მშობლობა) დაყრდნობით სოციალური შემწეობის გაცემა მოქალაქეებს პოლიტიკურად უფრო დამოუკიდებლებს გახდის. ქართულ რეალობაში ხომ ჩვეულებრივი ამბავია სოციალურად დაუცველთა მოწოდება, ხმა მისცენ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. არის მუქარა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალურს მოუხსნიან, გადააფასებენ. არსებული კრიტერიუმებით ძალიან მარტივია ადამიანისთვის სოციალური შემწეობის მოხსნის საბაბის მოძებნა, მაშინ, როდესაც ასაკობრივ პენსიას ვერავის წაართმევენ. ხარ საპენსიო ასაკის? ე.ი გეკუთვნის. არანაირი გადაფასება. გყავს ბავშვები? გეკუთვნის, ყოველგვარი გადაფასების გარეშე.

უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და შემსუბუქებას ხელს უწყობს სწორედ  სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ შეიძლება „ნეოლიბერალური“ ვუწოდოთ ძალიან ბევრ სახელმწიფოსა და სისტემას, მაგრამ ამ სისტემებშიც აქტიურად გამოიყენება სოციალური პროგრამები. მათ შორის, როგორც კონკრეტულად სოციალურად დაუცველებისთვის, ასევე, სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე მისაღები სარჩოების სახითაც (მაგალითად: მარჩენალდაკარგული ბავშვებისთვის, ზოგადად, არასრულწლოვნებისთვის, ასაკობრივი პენსია, უმუშევართა შემწეობა, შშმ პირთა სოციალური პაკეტი და სხვა უამრავი).

ასევე, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრმა „მე-3 სამყაროს“ ქვეყანამ დაიწყო ასეთი შემწეობების დამკვიდრება, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ასეთი შემწეობები ამსუბუქებს და არბილებს სიღარიბის დამანგრეველ ეფექტებს. თუმცა ამ პროგრამების ასამუშავებლად საჭიროა მეტი გადასახადის მოგროვება. ბევრ ქვეყანაში საგადასახადო სისტემაც ამის კვალობაზე რეფორმირდება. ამიტომაც სიმდიდრის გადანაწილება აუცილებელია. გასაგებია, რომ ყველას ვერ „გაათანასწორებ“, ეს არ იქნება ბუნებრივი, მაგრამ ვინც მეტს შოულობს, დიახ, ბევრად მეტს უნდა იხდიდეს.

ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვენთვის სიტყვიერ, დეკლარაციულ დონეზე მაინც „მისაბაძია“, საქართველოში პროგრესული კი არა, რეგრესული საგადასახადო პოლიტიკა და სისტემაა. მსხვილი კომპანიები ხშირად თავისუფლდებიან გადასახადებისგან ვითომდა „ეკონომიკის ხელშესაწყობად“, მდიდარი ადამიანები გაურბიან ქონების დეკლარირებასა და სახელმწიფო გადასახადებს. იმდენად ხშირია მსხვილი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების მინიჭება, დავალიანებების ჩამოწერა, რომ უფრო წესია, ვიდრე – გამონაკლისი. სამაგიეროდ, საშუალო კლასს ძმრად ადენენ ცხვირში, თუ რამე არ გადაიხადე. არადა, დასავლურ განვითარებულ სამყაროში პირიქითაა: რაც უფრო მდიდარი ხარ, პროცენტულად და პროპორციულად მით უფრო მეტს იხდი.

საქართველო ბევრი პარამეტრითაა პარადოქსული ქვეყანა, სოციალური კეთილდღეობის განმაპირობებელ მაჩვენებლებს თუ დავუკვირდებით. მაგალითად, საქართველოში სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია სხვა მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით. უფრო მეტიც, უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე დასავლურ საშუალო მაჩვენებლებსაც კი აღემატება. მაგრამ როდესაც შევხედავთ ახალგაზრდების კომპეტენციის დონეს, მაგალითად, მათემატიკურ, წაკითხული ტექსტის გააზრების უნარებს, აღმოჩნდება, რომ აფრიკულ საშუალო მაჩვენებლებზე გავდივართ. ანუ დიპლომები, სკოლებსა და უნივერსიტეტში გატარებული დრო, ნომინალური ფასეულობისაა. რაოდენობა არაფერს ცვლის ხარისხის გარეშე. როცა მე ვსწავლობდი, ძალიან ბევრი საგანი იყო, რომელსაც სიმბოლურად გავდიოდით. მაგალითად, საგანგებო სიტუაციაში მოქცევის წესებს. მასალა უსინათლოთა საჭიროებებსა და რეალობაზე არ იყო მორგებული.

და ბოლოს, გახდა რა დასაქმება საქართველოში სოციალური შემწეობის მიღების წინაპირობა მიმღებთა გარკვეული კატეგორიებისთვის, მინდა გაგიზიაროთ Development Pathway-ს ხედვა. თუ მსგავსი საზოგადოებრივი სამუშაო ქმნის რამე სიკეთეს, ღირებულს, სასარგებლოს, მაგალითად, დასაქმებულთა შრომა გამოიყენება სახელმწიფო მნიშვნელობის გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, შშმ პირთათვის სერვისების მისაწოდებლად, ეს მისასალმებელია. თუმცა დასაქმების კომპონენტი არ უნდა იყოს უბრალოდ შრომა შრომისთვის. მისი ერთადერთი მიზანი არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ეს ადამიანები მუქთად არ ჭამენ პურს.

______________

ავტორის შესახებ: იურისტი ესმა გუმბერიძე მუშაობს შშმ პირების უფლებების გაუმჯობესებაზე, არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: