მთავარი,სიახლეები

ხულოში ოჯახის ექიმები საწვავის სიმცირესა და ავტომანქანების გაუმართაობაზე საუბრობენ

14.02.2022 • 4623
ხულოში ოჯახის ექიმები საწვავის სიმცირესა და ავტომანქანების გაუმართაობაზე საუბრობენ

ხულოს მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმები ამბულატორიისთვის გამოყოფილი ავტომანქანების მუდმივ გაუმართაობასა და ყოველთვიური საწვავის სიმცირეზე საუბრობენ.

ინგა აბულაძე სოფელ რიყეთის ამბულატორიის ექიმია. ეს ამბულატორია სამ სოფელს ემსახურება. ექიმის თქმით, სოფელში ახლა კორონავირუსის ტესტირებაზე ბევრი პაციენტი მიმართავს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ტესტირების ბინაზე გასაკეთებლად მისვლა მისთვის რთულია, რადგან უკვე ერთი თვეა ამბულატორიის ავტომანქანა გაფუჭებულია, ფეხით ერთ პაციენტთან მისვლას კი დიდი დრო სჭირდება.

სახლში მისვლით ინგა აბულაძე მხოლოდ ისეთი პაციენტების კოვიდზე ტესტირებას ახერხებს და სხვა სახის მომსახურების გაწევას, რომლებიც ამბულატორიასთან ახლოს მდებარე უბნებში ცხოვრობენ, რადგან თუ კი ექიმი მთელი დღე ტესტირების ჩასატარებლად ივლის, ამბულატორიაში, ადგილზე მისული პაციენტები რჩებიან უყურადღებოდ.

როგორც ოჯახის ექიმი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, მასთან ერთად 2 ექთანი უშუალოდ ამბულატორიაში, კიდევ 2 კი – შიდა სოფლებში მუშაობენ.

„ამბულატორიებს ძველი ავტომანქანები გვაქვს და სწორედ ამიტომ მწყობრიდანაც მარტივად გამოდის. ბოლოს რომ მივმართე მერიას მანქანის შეკეთების თაობაზე, მითხრეს, რომ სამი მანქანა ჰქონდათ გასაკეთებელი და ეტაპობრივად აკეთებდნენ, ამასობაში უკვე 1 თვე გავიდა.

ყველაზედ მეტად ახლა რაც გვჭირდება, ამბულატორიის მანქანის შეკეთებაა. სოფლები, რომლებსაც რიყეთის ამბულატორია ემსახურება – ბოძაური, რიყეთი და დანისპარაული, ძალიან შორსაა მუნიციპალიტეტის ცენტრისგან. სისტემატურად არ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსებიც, რომ ოჯახები, რომლებსაც არ ჰყავთ მანქანები, გადაადგილდნენ. ერთი მანქანის იმედად ვიყავით და ისიც გაფუჭდა.

ბათუმის ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვე დამხმარებოდა და ერთხელ მისი დახმარებით შემიკეთეს მანქანა, ეს დაახლოებით 2 თვის წინ იყო.

ამ მანქანის გაუმართაობის გამო ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე, ლამის დავიმტვერით, ყველაფერი მოსწყდა მანქანას, კიდევ კარგი თოვლი იყო და მძღოლმა იმდენი მოახერხა, რომ თოვლში შეიყვანა გასაჩერებლად.

ერთი თვის განმავლობაში ყველა ამბულატორიისთვის ჯამში 80 ლიტრი საწვავია გამოყოფილი, დიდ უბნებს 2 ექიმი ემსახურება და მათაც მხოლოდ 80 ლიტრი საწვავი ხვდებათ, ანუ ერთმა ექიმმა ერთი თვე 40 ლიტრი საწვავი უნდა იმყოფინოს პაციენტებთან მისასვლელად. როგორ შეიძლება, რომ ეს საწვავი საკმარისი იყოს?! 80 ლიტრი ორი კვირაც კი არ გეყოფა. ყოველთვე ჩემი ხარჯით საწვავის დამატება მიწევს“, – ამბობს ინგა აბულაძე.

მისი თქმით, კორონავირუსზე გაზრდილი ტესტირების პირობებში ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ტესტის პასუხის მიღება პაციენტებს უგვიანდებათ, რადგან ტესტები იგზავნება ბათუმში, რაც დამატებით დროს მოითხოვს.

კიდევ ერთი თემის, დიოკნისის ამბულატორიის ოჯახის ექიმი შორენა ცინარიძე ამბობს, რომ ამბულატორია ჯამში 12 სოფელს ემსახურება, რის გამოც 2 ჯგუფად გაიყვნენ და სოფლებიც თანაბრად გადაინაწილეს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა კოვიდტესტირებაზე მოთხოვნა და ამბულატორიაში რიგებიც კი იყო, მაგრამ დიდთოვლობამ მოძრაობა შეაფერხა.

შორენას თქმით მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ კოვიდსიმპტომებს შემთხვევაში ამა თუ იმ სოფელში მცხოვრებს, რომელსაც დიოკნისის ამბულატორია მოიცავს, შეუძლია კოვიდტესტირების სახლში გაკეთების მოთხოვნა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ საჭიროების ადამიანების ბინაზე გატესტვას, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან გასული წლის მარტის შემდეგ დიოკნისის ამბულატორიას ავტომანქანა აღარ ემსახურება.

„ამბულატორიის მანქანის გაფუჭების შესახებ ყველამ იცის, მათ შორის იციან მერიაშიც. მანქანა და საწვავი გვჭირდება, რამდენჯერ მივმართე მერს, რომ საწვავი არ არის საკმარისი.

სოფლებში არ არის გზები, გვიწევს ფეხით მივიდეთ კოვიდტესტისთვის პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სიმპტომები და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გადაადგილდებიან“ – ამბობს ექიმი.

იგი იხსენებს შემთხვევას, როცა კოვიდტესტირებისთვის პაციენტებმა დაურეკეს, მაგრამ მათთან მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს დიდთოვლობისგან ჩაკეტილი გზის გამო მოხდა:

„მოხუცი ცოლ-ქმარი დაგვიკავშირდა, უნდოდათ ბინაზე გატესტილიყვნენ, მაგრამ ვერ მივედით, ცენტრალური გზიდან 6 კილომეტრით იყვნენ დაშორებული. გზა რომ გაიხსნა, სასწრაფოს გამოუძახეს, ვირუსი დაუდასტურდათ და ახლა ორივე ბათუმში მკურნალობს“.

„ბათუმელები“ ხულოს მერიას დაუკავშირდა შეკითხვებით: სოფლის ამბულატორიის რამდენი ავტომანქანაა ამჟამად შესაკეთებელი; რამდენად ხშირად გამოდის მწყობრიდან ავტომანქანები, რომლებიც ოჯახის ექიმებს სჭირდებათ; რატომ ფერხდება მათი შეკეთება და იგეგმება თუ არა საწვავზე ლიმიტის გაზრდა.

ხულოს მერიიდან, პასუხისმგებელი პირიდან ზეპირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მერიიდან მოგვწერეს, რომ ამბულატორიის ავტომანქანების შეკეთებას ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს და ამ ეტაპზე შეკეთებას მხოლოდ 1 ავტომობილი სჭირდება.

„განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში აღნიშნულ ავტომობილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა დატვირთვა, რადგან უბნის ექიმები, გარდა მათი სხვა ფუნქცია-მოვალეობისა, აქტიურად არიან ჩართული საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რომლებსაც ხშირად, არაგეგმიურად უხდებათ სხვადასხვა მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება, რაც იწვევს ავტომობილის მალე დაზიანებას.

ავტომობილების შეკეთებას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონით და ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი წესით, შესაბამის დროში.“ – წერილობით გვიპასუხეს ხულოს მერიიდან.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამბულატორიის ავტომანქანებისთვის საწვავის ლიმიტის გაზრდა არ იგეგმება და „საშუალოდ, ყოველთვიურად, ერთ ავტომობილზე გათვალისწინებულია 100 ლიტრი საწვავი“. მერიიდან ისიც მოგვწერეს, რომ ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გეგმური გასვლის ან გამოძახებისას ხდება სხვა თავისუფალი ავტომობილის გამოყენება და „თუ თავისუფალი ავტომობილი არ მოიძებნება და ყველა დაკავებულია, ამ დროს ხდება მერიის ავტოპარკით სარგებლობა“.

„ბათუმელები“ ხულოში სხვა ოჯახის ექიმებსაც ესაუბრა.

სოფელ სხალთის ამბულატორიის ექიმმა, ედნარ შამანაძემ გვითხრა, რომ მათი ავტომობილიც გამოსული იყო მწყობრიდან, თუმცა ერთი თვეა შეაკეთეს.

„როცა მანქანები ხულოში კეთდებოდა, მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყო, ახლა შორს რადგანაა პროფილაქტიკა, დროის ფაქტორია. ადრე, როცა მანქანა ახალი იყო, საწვავსაც ცოტას მოიხმარდა, ახლა უკვე საწვავს მეტს მოიხმარს და ცხადია, გვიჭირს. გვყოფნის თუ არ გვყოფნის, უნდა ვიმყოფინოთ“ – გვითხრა ედნარ შამანაძემ.

კიდევ ერთი პირველადი ჯანდაცვის ექიმი, გიზო გორგილაძე თხილვანადან, ამბობს, რომ გამოყოფილი საწვავი საკმარისი არ არის.

„მანქანა კარგად მუშაობს იმიტომ, რომ მძღოლი გვყავს იდეალური, რომელიც თავისი ხარჯებით აკეთებს, თუ რაღაც გაფუჭდება და არ ელოდება სერვისცენტრს.

საწვავი, რასაც გვაძლევენ, არ ჰყოფნის ჩვენს საქმეს. ყველაზე მაღალ ზონაში ვმუშაობთ, სადაც 2-3 მეტრი თოვლია, ხან მანქანით დავდივართ, ხან ფეხით. ხან ჩვენი ხარჯებით ვასხამთ საწვავს და ვმუშაობთ“ – ამბობს გიზო გორგილაძე.

მან კიდევ ერთი პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ჩვენთან.

„ხშირად ყინვის გამო ამბულატორიაში წყლის სისტემა ფუჭდება, რასაც ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. რამდენჯერმე მქონდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ მაინც არ გააკეთეს. ჩვენი ამბულატორია სულ 4 სოფელს ემსახურება. სოფლის გამგებელი მეხმარება ხოლმე პრობლემების მოგვარებაში”, – გვითხრა ექიმმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: