მიმდინარე წლის 8 იანვარს, ბათუმში გავრცელებული გაზის მძაფრი სუნის მიზეზებზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფაქტობრივად ვერაფერი გაარკვია. დეპარტამენტმა შესწავლა დაასრულა, მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი კი მაინც გაურკვეველი დარჩა.
დეპარტამენტის მიერ ამ ფაქტის მოკვლევის შედეგებს „ბათუმელები“ თითქმის ერთი თვე ელოდებოდა.
ბათუმში ნავთობის გაზის მძაფრი სუნის გავრცელება 8 იანვარს, დაახლოებით შვიდი საათისთვის დაიწყო. მოქალაქეები სოციალურ ქსელში იმასაც წერდნენ, რომ მძაფრი სუნის გამო თავი ასტკივდათ.
იმავე დღეს, მოგვიანებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, რომ ბათუმში, მძაფრი სუნის გავრცელების ფაქტზე საქმისწარმოება რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს – ზღვის დაბინძურების ფაქტი არ გამოვლინდა, თუმცა, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბათუმის პორტის უნაპირო ნავმისადგომზე, ნედლი ნავთობით გემის დატვირთვის ფაქტის შესწავლა დაიწყეს.
რა გაირკვა შესწავლის შედეგად? – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხს, რომელიც 5 თებერვალს მივიღეთ, უცვლელად გთავაზობთ:
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 9 და 11 იანვარს, ქალაქ ბათუმში, შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ უნაპირო ნავმისადგომისა და კაპრეშუმის უბნები შესწავლა-დათვალიერება განახორციელეს.
ინსპექტირების შედეგად, 2022 წლის 7-9 იანვარს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომზე, გემში ნედლი ნავთობის გადატვირთვის პროცესში, ჩატვირთვისათვის დადგენილი სიჩქარის გადამეტების ფაქტი არ გამოვლინდა, რასაც შეიძლებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გავრცელება გამოეწვია.“
8 იანვარს ბათუმის პორტის „სადისპეჩეროში“, „ბათუმელებს უთხრეს, რომ „პორტში უზარმაზარი გემია და ნედლი ნავთობით იტვირთება. არის შემთხვევა, როდესაც ნავთობია ძალიან სუნიანი. სატვირთო ოპერაციების დროს, ანუ როცა ტანკერში ტვირთავენ ნავთობს, გამოთავისუფლებული ჰაერი ფილტრების გავლით „გაზაატვოდიდან“ გამოდის გარეთ. ფილტრები თუ არ არის წესრიგში, სუნს უშვებს, ან თვითონ ნავთობია ასეთი ხარისხის – ზოგი არის სუნიანი ნავთობი. ქარი საითაც დაუბერავს ეს სუნიც იქეთ მიდის“.