მთავარი,სიახლეები

ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე

31.01.2022
ნებისმიერს გადმოგეცემათ სასურველი ტყე – მინისტრი პრემიერის ცოლისთვის ტყის მიცემაზე

„დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებით პრესკონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, თქვენ გადმოგცენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით“, – უთხრა დღეს, 31 იანვარს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს. ჟურნალისტებმა დღეს დავითაშვილს ჰკითხეს, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემაზე.

მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ტყე კი არ აჩუქეს, არამედ ვალდებულებებით გადასცეს. „ეს ჩუქება კი არ არის, არამედ ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ სათანადო ვალდებულებებით და ამაში პლუს, სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა.

თქვენ რაზეც აპელირებთ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის ოჯახი, ან ვიღაც არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მოდით, ეს განვმარტოთ, რომ ეს იყო ღია წესით, ღია აუქციონის პირობებში და კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილი საიჯარო ხელშეკრულება.

თუ თქვენ მზად ხართ, რომ აიღოთ ის ვალდებულებები, რაც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული, თქვენც გადმოგცემთ ტყის ობიექტს. აქ არის ძირითადად ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობი ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, გასული წლის დეკემბერში გადასცეს.

სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს დაარეგისტრირა.

__________________

ამავე თემაზე:

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: