მთავარი,სიახლეები

საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

09.03.2016
საია უმაღლეს საბჭოს: არ დაუჭიროთ ცვლილებათა პროექტს მხარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერილობით მიმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს და კიდევ 8 დეპუტატს. საიას განცხადება ეხება ინიციატივას, რომელის მიხედვითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევის წესის შეცვლა იგეგმება. ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 7 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში. მოქმედი კანონით, 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში ითვლება უსკოს თავმჯდომარე არჩეულად.

საიას მიერ მომზადებულ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის ინიციატივას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს არსებული საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებას.

უდავოა, რომ კანონის არსებული ჩანაწერი, რომელიც ეხება უსკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას არ არის საკმარისად გამჭვირვალე და იძლევა მისი ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში აჭარის არ უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარის არჩევის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

თავის მხრივ, მისასალმებელია საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ყველა ცვლილება, რომელიც უფრო ცხადსა და ნათელს გახდის უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის რეგულაციებს. მაგრამ შეშფოთებას იწვევს კანონპროექტის ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება უსკოს თავმჯდომარისა და  წევრების  არჩევა  უმაღლესი საბჭოს წევრთა ერთი მესამედით, ანუ 7  ხმით.

მიგვაჩნია, რომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების თანამდებობა მიეკუთვნება იმ რანგს, რომელიც მაღალი პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდეს. შესაბამისად, მისი არჩევა უნდა მოხდეს მაღალი კვორუმით და აჭარის არ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი ყველა  პოლიტიკური ჯგუფის ჩართულობით.

მიუხედავად აჭარის არ უმაღლეს საბჭოში განვითარებული პოლიტიკური კრიზისისა, რომელიც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევას  უკავშირდება, გამოსავალი ნამდვილად არ არის კანონში ცვლილების ამ სახით განხორციელება, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ანგარიშვდლებულების მაღალ სტანდარტს.

ამასთან, ეჭვს ბადებს ის გარემოება, რომ კანონპროექტი ინიცირებულ იქნა უმაღლეს საბჭოში მას შემდეგ, რაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა კანონით დადგენილი 11 ხმა ვერ მოაგროვა და საჭირო გახდა კონკურსს თავიდან გამოცხადება. აღნიშნული გარემოებები კი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ცვლილებები ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის არ უმაღლეს საბჭოს  არ დაუჭიროს წარდგენილ ცვლილებათა პროექტს მხარი, რათა ამით თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: