მთავარი,სიახლეები

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

13.01.2022 • 1628
„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მოამზადებს საკითხებს საკრებულოს სხდომისთვის. საკრებულოს ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშაონ ასეთ ჯგუფში და დღეს მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერი არ შეხვდათ. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მერი შვებულებაში გასულა.

არჩილ ჩიქოვანის შვებულებაში გასვლას ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი არის შვებულებაში. 10 დღე ისვენებდა მერია და ახლა მერი გადის შვებულებაში, ეს არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლობა. რაში დაიღალა, რა იშრომა ამ კაცმა, რომ ასე დაიღალა. მერმა წინასწარ უნდა გვაცნობოს მოსახლეობასაც, რომ შესაძლოა მას აქვს ისეთი მდგომარეობა, თუნდაც ოჯახური, რომ სჭირდება შვებულება, მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის მიემგზავრება დასასვენებლად. თუმცა ახლა ამას ვერ დავადასტურებ ასი პროცენტით. ამიტომ ქალაქი არის უპატრონოდ. შესაბამისად, მას სჭირდება ქმედითი საკრებულო, რომელიც არ იკრიბება [საკრებულოს შენობაშიც კი არ მოდის „ოცნების“ წევრები] და ქმედითი მერი“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

სამუშაო ჯგუფის შექმნას და საკრებულოს შეკრებას ოპოზიცია „სამი ძირითადი პრობლემის“ გადასაწყვეტად ითხოვს:

  • ავარიული სახლებისთვის გამოყოფილი 18 მილიონი ლარის ხარჯვის დაკონკრეტება ბიუჯეტში;
  • სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის დარეგულირება;
  • ცვლილებები სოციალურ პროგრამებში.

პირველი: ავარიულ სახლებზე გამოყოფილი 18 მილიონი ლარი ბიუჯეტში არ არის ჩაშლილი თუ რაში უნდა დაიხარჯოს, რომელ მისამართებზე ეს თანხა. ამიტომ საჭიროა ცვლილება ბიუჯეტში და დაკონკრეტება, რასაც საკრებულოს თანხმობა სჭირდება;

მეორე: ვიცით, რომ ქალაქში მძღოლებმა სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფები, მართალია უკანონოდ, მაგრამ გააძვირეს. ამ ტარიფებთან დაკავშირებით არის სამსჯელო. საკრებულოს აქვს გადაწყვეტილება მისაღები მერიასთან ერთად, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს და გამოსავალი ინახოს – დაკმაყოფილდნენ როგორც მძღოლები, ასევე მოსახლეობაც იყოს კმაყოფილი.

და მესამე საკითხი არის კონკრეტული სოციალური პროგრამები, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი და ამ პროგრამებში შესატანია ცვლილებები.

კოვიდსიტუაციაც მძიმდება და ამ კუთხითაც აუცილებელია მერიის და საკრებულოს მეტი ჩართულობა“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა შესაბამის ცვლილებებს მხარი დაუჭირონ თუნდაც იმ ბიუჯეტში, რომელიც ახალ საკრებულოს არ მიუღია და „არ მოსწონთ, ვინაიდან არ ასახავს ბათუმელების ინტერესებს“.

ბათუმის ახალი მერი, არჩილ ჩიქოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 ნოემბერს შეუდგა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ბოლოს, 2021 წლის 30 დეკემბერს, ენმ-ს წარმომადგენლების მოთხოვნით ჩანიშნა, თუმცა სხდომა არ შედგა, ვინაიდან „ოცნების“ წევრები არ მივიდნენ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეც არ ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: