მთავარი,სიახლეები

შუახევში „ღამის შოუს ბენდს“ 30 612 ლარს გადაუხდიან კონცერტისთვის

21.10.2025
შუახევში „ღამის შოუს ბენდს“ 30 612 ლარს გადაუხდიან კონცერტისთვის

„შუახევობა-2025“-ში მონაწილეობისთვის „ღამის შოუს ბენდს“ აჭარის ბიუჯეტიდან 30 612 ლარს გადაუხდიან. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აჭარის კულტურის სამინისტრომ მიმართა.

რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება? – ამ კითხვაზე პასუხად აჭარის კულტურის სამინისტრო წერს, რომ „შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა თხოვნა „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევის თაობაზე“. 

რაც შეეხება შესყიდვის ღირებულებას, სამინისტრო განაცხადში აღნიშნავს, რომ ის „განისაზღვრა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვებით“ [ინვოისით].

„საკონცერტო მომსახურება [გადასახადების ჩათვლით]. კონცერტი გაგრძელდება 90 წუთის განმავლობაში. სულ შესრულდება 15 სიმღერა, მათ შორის 8 საავტორო“ – წერია ინვოისში.

აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, ნათია ბლაგიძის 10 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ „2025 წლის 26 სექტემბერს და 8 ოქტომბერს, აჭარის კულტურის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის კორესპონდენციები, რომლებიც ეხება მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწაულის – „შუახევობა-2025“- ფინანსური მხარდაჭერის საკითხს.“

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის მინისტრ ელისო ბოლქვაძეს ამავე მოხსენებითი ბარათით აცნობეს, რომ „წარმოდგენილი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა ჯამურად შეადგენს 76 ათას 62 ლარს და 24 თეთრს“. აქედან:

  • „ღამის შოუს ბენდის“ ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 30 612.24 ლარს;
  • ღონისძიების ორგანიზების უზრუნველსაყოფად კი გამოყოფილი უნდა იქნეს 45 450 ლარი.

აჭარის კულტურის სამინისტროს 2025 წელს გამარტივებული შესყიდვით რამდენიმე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გასართობი მომსახურებების შესყიდვაზე. მათ შორისაა:

  • „ღამის შოუს ბენდის“ მონაწილეობა „შუამთობაზე“, 2025 წლის აგვისტოში, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის ხეობაში [ზორტიყელში] – გადახდილია 30 729 ლარი;
  • ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობა „ხელვაჩაურის დღეებში“, 2025 წლის სექტემბერში – გადახდილია 34 000 ლარი;
  • „კახაბერი და ხანუმების“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ბეშუმში] – გადახდილია 29 500 ლარი;
  • ჯგუფ „ურსას“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ბეშუმსა და ჩირუხში] – გადახდილია 60 000 ლარი;
  • ჯგუფ „გორდელას“ მონაწილეობა 2025 წლის აგვისტოში „შუამთობაზე“ [ჩირუხში] – გადახდილია 16 000 ლარი.

ამავე თემაზე:

ფეისბუქის რეაქცია ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტზე – „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებია“

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: