მთავარი,სიახლეები

28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

11.01.2022 • 28629
28 წლის მამა თავის შვილზე – 6 წლისაა და ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება

28 წლის ცოლ-ქმარს ხულოდან ორი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი, საბა, დაბადებიდან ებრძვის მძიმე დაავადებას – ჰიდროცეფალიას. ბავშვის მამა, მერაბი ამბობს, რომ თავის პატარა ოჯახთან ერთად სოფელ ფაჩხაში, ახლობლის სახლში ცხოვრობს.

საბა ზანდარაძე 16 იანვარს გახდება ექვსი წლის. მამას სურს, შვილს თურქეთში უმკურნალოს, რისთვისაც თანხას აგროვებს. ამბობს, რომ ამისთვის დაახლოებით 50 ათასი ლარი სჭირდება. დაზუსტებულ თანხას ამ დღეებში ელის თურქული კლინიკიდან.

“ბავშვი ჯერ ძალიან პატარაა და უკვე ოთხჯერ გაუკეთდა შუნტირება. საბას ეზოში სათამაშოდ გაშვებასაც კი ვერ ვბედავთ. მეშინია არ წაიქცეს და რაიმე არ მოუვიდეს.

28 წლის მამა ვარ. აქამდე ჩვენი ძალებით ვცდილობდი და ვაკეთებდით ყველაფერს მე და ჩემი ოჯახი, რომ საბას ყველა საჭიროება დაგვეკმაყოფილებინა. მე და ჩემი 18 წლის ძმა თურქეთში ჩაის საკრეფად დავდიოდით სეზონურად და ვცდილობდით საბასთვის არაფერი მოგვეკლო. სოფლის შემოსავალი რაც გვქონდა, ყველაფერს საბას დაავადებასთან ბრძოლაში ვიყენებდით, მაგრამ ვეღარ ვწვდებით ხარჯებს.

ერთხელ აჭარის მთავრობა დაგვეხმარა 15 000 ლარით, სტამბოლში მყავდა ბავშვი, სადაც სრულად ჩაუტარდა გამოკვლევები და ოპერაცია დაგვიგეგმეს საბასთვის, მაგრამ ოპერაციისთვის ვეღარ ჩავიყვანე თურქეთში. ფული საერთოდ აღარ გვქონდა.

საბა და მერაბი

თურქეთში წასვლამდე ბავშვის მონაცემები გავაგზავნე, ანგარიშფაქტურები მივიღე და  შემდეგ წავიყვანე თურქეთში.

საბას თურქეთში ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა და გადაწყდა, რომ ოპერაცია სამ თვეში უნდა ჩატარებულიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბავშვს ისევ ჰქონდა მძიმე თავის ტკივილები. თურქეთში ვეღარ წავედით, ფინანსური რესურსი აღარ გვქონდა და მისი მკურნალობა თბილისში გავაგრძელეთ.

ასე გადის ცხოვრება. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და მისი მდგომარეობა თუნდაც სულ ცოტათი გაუმჯობესდეს, მაგრამ დახმარების გარეშე არ გამოდის”, – ამბობს საბას მამა, მერაბ ზანდარაძე.

მერაბ ზანდარაძის თქმით, ოჯახი დაახლოებით სამი წელი ქირით ცხოვრობდა თბილისში. საბა სულ ექიმებთან დაგვყავდა, რათა მისი მოულოდნელ გართულებებს სწრაფად გავმკლავებოდით, საავადმყოფოში მაშინვე რომ მიგვეყვანაო.

„ახლა სოფელ ფაჩხაში ვცხოვრობთ, ჩემი ბიძაშვილის სახლში. თვითონ არ ცხოვრობს სოფელში და სახლი დაგვითმო. როცა საბა ცუდად ხდება – ეწყება ღებინება, ძლიერი თავის ტკივილები, ისევ თბილისში მიგვყავს. თუ სატუმბის გამოცვლას საჭიროებს ვუცვლით, თუ არა დაკვირვების ქვეშ რჩება. ასე ვიქცევით ყოველ ჯერზე, როცა საბას ძლიერი ტკივილები ეწყება. სხვა გზა არ გვაქვს.

საბა

სახლში სულ ყურადღების ქვეშ გვყავს, სულ იმას ვამოწმებთ, შუნტი გამართულად მუშაობს თუ არა. ვშიშობ, სხვა ავადმყოფობებმა საბას ჯანმრთელობა არ დაამძიმოს. გაცივდება, თუ რაც იქნება, ეგრევე  საავადმყოფოშია წასაყვანი. როცა თავს შედარებით კარგად გრძნობს, ბათუმში, რეაბილიტაციის ცენტრში დამყავს”, – გვიყვება მერაბი.

ზანდარაძეების ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი საბას პენსიაა – შშმ პირის სტატუსი აქვს. დედა ბაღში მუშაობს, ოჯახი ასევე სოციალურ დახმარებასაც იღებს.

საბას დედაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის – რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. მერაბის თქმით, საბაზე მშობიარობის დროს იმდენად მძიმე იყო დედის მდგომარეობა, რომ არც მისი და არც ბავშვის გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ ექიმებს.

“ბავშვის მდგომარეობა ითხოვს მუდმივ მეთვალყურეობასა და  რეაბილიტაციურ თერაპიას. კონტროლი სჭირდება, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია თუ  რა მდგომარეობაშია შუნტი და თავის ტვინი რამდენად მუშაობს ადეკვატურად.

ჰიდროცეფალიის ერთ-ერთი სახით მკურნალობა ხდება შუნტის იმპლანტაციით. შუნტი და სატუმბი რამდენ ხანში საჭიროებს გამოცვლას, ეს ბავშვის მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, – ამბობს საბას მკურნალი ექიმი საქართველოში, ვლადიმერ მამაცაშვილია, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროქირურგი, ბავშვთა ქირურგი.

___

მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.

საბას დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – საბას მხარდაჭერა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: