ბათუმი,მთავარი,სიახლეები

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

11.01.2022
2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება.

აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.

სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება.

სკვერი „მაკდონალდსთან“ / რენდერი ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

„მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად განსაზღვრული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები მოცემულია თანდართულ დანართებში, რომელთა შესაბამისობის დაცვა სავალდებულოა მიმწოდებლისათვის“, – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 2016 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროზე სარგებლობის უფლებით იყო გადაცემული [მანამდე ეს ნაკვეთი აჭარის საკუთრება იყო].

შსს-ში 2019 წელს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავდა ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას, თუმცა, რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იყო საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.

2021 წლის ოქტომბერში, ეს ნაკვეთი, ბათუმის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უვადო სარგებლობის უფლებით გადასცა.

გასულ წელსვე, ბათუმის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოს 15 938 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადასცა ბარცხანაში, რომელიც დღეს შსს-ს სარგებლობაშია. აქ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გადასვლა იგეგმება, ხოლო აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთს, სადაც დღეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტია, საინვესტიციოდ მოამზადებენ.

ამ თემაზე ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: