განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

06.01.2022 • 10550
რამდენად სწორია 1-კრედიტქულიანებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება – ინტერვიუ პედაგოგთან

როლანდ შავაძე ინგლისურ ენას ასწავლის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში. მას ვთხოვეთ 2021 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დოკუმენტში შეტანილ ცვლილების შეფასება, რომლის თანახმად უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ, როგორც ერთკრედიტქულიანი, ისე ათკრედიტქულიანი მასწავლებლები. როლანდ შავაძე ასწავლის პროგრამის ფარგლებში – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“.

  • ბატონო როლანდ, აქამდე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შეძლეს ადამიანებმა, რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რათა დაეგროვებინათ 10 კრედიტქულა. ახლა მათ გაუთანაბრდნენ ის პედაგოგები, რომლებსაც მხოლოდ 1 კრედიტქულა აქვთ. ეს ხომ არ გამოიწვევს პედაგოგების უკმაყოფილებას, რომელთაც დიდი შრომა ჩადეს კომპეტენციის ამაღლებაში? 

ეს სქემა ჩანასახშივე იმიტომ იყო პრობლემური, რომ რაღაც სახის დისკრიმინაციას იწვევდა მასწავლებლებში და დღემდე ასე გრძელდება. ერთკრედიტქულიანი მასწავლებლების შენარჩუნება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შორეულ მიზნებზე გათვლილი, რაც გააუმჯობესებდა სასკოლო პროცესის მუშაობის ხარისხს.

თითქოს გაადვილებამ, სინამდვილეში კი სისტემისთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილების მიღებამ, მასწავლებელთა ნაწილის სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრ მასწავლებელს რამდენიმე მცდელობა დასჭირდა, რათა მოეპოვებინა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რისთვისაც საკმაოდ ბევრი იწვალეს და მხოლოდ ამის ხარჯზე დააგროვეს საგანსა და პროფესიულ უნარებში 10 კრედიტი.

რეალურად, “მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” არ მოხდა ცვლილება, რომელიც რაიმე სახის ეფექტურ შედეგზეა ორიენტირებული. ამ გადაწყვეტილებამ ნეგატივი გამოიწვია მასწავლებლების მიმართ.

მასწავლებლის სტატუსის ამაღლებასთან ერთად მასწავლებელს უნდა მოეთხოვებოდეს შედეგი, ეკისრებოდეს ვალდებულებები, რათა ამ მასწავლებელმა რეალურად შეიტანოს საჭირო ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში.

  • როგორ გგონიათ, ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეების ნდობის მოპოვებას? 

სტატუსის რეაბილიტაცია შემდეგ ძალიან რთულია, თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მასწავლებლების შეფასების ასეთი მოდელი დანერგილი. ვფიქრობ ამ მოდელმა არა მარტო დაბალ კრედიტიანი მასწავლებლების, არამედ ზოგადად მასწავლებლის სტატუსი შელახა. 

მასწავლებლების სტატუსის ამაღლება არ ახდენს გავლენას საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაზე. თუ გავაკეთებთ შედარებას, როგორი სურათი გვქონდა საჯარო სკოლებში რამდენიმე წლის წინ და რა ხდება დღეს, სწავლების პროცესის გაუმჯობესების გზას ვადგავართ, მაგრამ განვითარების პროცესი იმდენად ნელა მიიწევს წინ, რომ ძალიან ჩამოვრჩებით სხვა ქვეყნების სასკოლო პროცესის გაუმჯობესების ტემპს. სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას დაახლოების ნაცვლად ვშორდებით.

მასწავლებელი იყო პრაქტიკოსი, თუმცა ახლა აღარ გვაქვს ეს სტატუსი, გახდა უფროსი, გახდა წამყვანი და გახდა მენტორი. შევხედოთ, როგორ აისახა მასწავლებლის სტატუსის ამაღლება სასკოლო პროცესზე. ამის მონიტორინგს თუ ვინმე აწარმოებს და შედეგები ამბობს, რომ მასწავლებელი, რომელიც იყო უფროსი რაღაცას ვერ აკეთებდა, გახდა წამყვანი უფრო კარგად გააკეთა და როცა მენტორი ხდება სასკოლო ცხოვრებაში ახალი იდეები და ინიციატივები შეაქვს, მშვენიერია, მაგრამ წარმოებს ასეთი მონიტორინგი?

ჩემი დაკვირვებით რეალური ცვლილება არ მომხდარა. პრაქტიკაში არ გვაქვს, რომ მასწავლებლის სტატუსის ამაღლება ისახება საგაკვეთილო პროცესსა და შედეგზე.

  • რა არის იმისათვის საჭირო, რომ რეალურად ამაღლდეს მასწავლებლების კვალიფიკაცია და შესაბამისად სწავლების ხარისხი სკოლებში

 მე, პირადად, საერთოდ ამოვაგდებდი ცენტრალური შეფასების სისტემას და მის ბერკეტებს სკოლის ადმინისტრაციას მივანიჭებდი.

სკოლის წარმატებულ მუშაობაში დიდ როლს უნდა თამაშობდეს სკოლის დირექტორი. სკოლის დირექტორი უნდა აკვირდებოდეს სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების მუშაობის ეფექტურობას, მათ წარმატებასა და წარუმატებლობას და თავად არეგულირებდეს ახალი კადრების მიღებასა და მოქმედი პედაგოგების დატოვებას. მასწავლებლის საქმიანობა უნდა ისახებოდეს მოსწავლეების გაუმჯობესებულ უნარებსა და სწავლის დონის გაუმჯობესებაში.

სკოლის ადმინისტრაცია აუცილებლად უნდა შედგებოდეს კომპეტენტური ადამიანებისგან, რომლებიც იქნებიან მაქსიმალურად ობიექტურები, რადგან სკოლებში  დირექტორების არჩევის საკითხიც გაუმჭვირვალეა – ძირითად შემთხვევაში სკოლის დირექტორებად ინიშნებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თავისუფალი ხედვა და სათანადო კომპეტენცია.

მნიშვნელოვანია რა იცვლება საკლასო სივრცეებში, მოსწავლეებისთვის რას ცვლის მასწავლებლის სტატუსის ცვლილება. მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან პირობითად 5, 10 წლის გასვლის შემდეგ რა ცვლილებები გვაქვს, რა იყო და რა მივიღეთ ჩვენ ეს სტატისტიკაც კი არ გვაქვს.

ცხადია, მასწავლებელს უნდა მქონდეს ამბიცია ავიმაღლო პროფესიული სტატუსი, რაც ჩემ ხელფასზეც აისახება. ეს უნდა მაკისრებდეს პასუხისმგებლობას, რომ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა გახდეს იმაზე ეფექტური, ვიდრე იყო, რაც, ცხადია, შესამჩნევი იქნება სასკოლო ცხოვრებაში. აი, ეს ნაწილი გვაკლია ჩვენ.

  • ერთკრედიტქულიანი პედაგოგების დატოვება ავტომატურად ხომ არ ნიშნავს, რომ ათასობით ბავშვი, რომლებიც სკოლებში სწავლობენ, ვერ იქნებიან ხარისხიან საგაკვეთილო პროცესში ჩართული?

ვფიქრობ, მასწავლებლების სერტიფიცირების მექანიზმი მახინჯია.

მასწავლებლის შეფასების მოდელი არ არის ზუსტი, თუ არ ვარგა შეფასების საზომი, ვერ განისაზღვრება მასწავლებლისთვის რომელიმე სტატუსის მინიჭების მართებულობა, რაც კითხვებს აჩენს მასწავლებლის სტატუსის ცვლილების სიზუსტესთან მიმართებაში.

თუ შეფასების საზომი ზუსტია და ამბობს, რომ ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები არ არიან შესაბამისი ცოდნის მქონე და შეფასების ინდიკატორებს ვენდობით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სისტემის  პრობლემა: ძალიან ბევრი მასწავლებელი დაიტოვა სისტემამ, ვისაც მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მხოლოდ 1 კრედიტქულა აქვს. ცხადია, ეს ფაქტი, საგაკვეთილო პროცესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

ამასთან, რთული სათქმელია, როგორ მოიპოვებენ ერთკრედიტქულიანი მასწავლებლები მოსწავლეების ნდობას.

  • მოდელის მიხედვით, რომელიც დღეს გვაქვს, რეალურად  ახალგაზრდა მასწავლებლები ვერ შემოვლენ სისტემაში. ეს ხომ არ ნიშნავს სამომავლოდ საქართველოს განათლების დონის კიდევ უფრო დაბლა დაწევას?

მასწავლებლები რომლებიც სისტემის მიღმა დარჩნენ,  სისტემური ხარვეზების მსხვერპლები არიან. ახალგაზრდა მასწავლებლების დასაქმება მძიმე სურათს გვაძლევს, ჩემი დაკვირვებით ისინი იძულებული არიან დასაქმდნენ მაღალმთიან რეგიონებში.

მნიშვნელოვანია ვიყოთ თვითკრიტიკულები. მე განსაკუთრებით იმ მასწავლებლების მიმართ ვართ კრიტიკული, რომლებსაც პირობითად 11 წელი ჰქონდათ განვითარების დრო და ნამდვილად ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, როგორმე უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ და საჭირო უნარები გამოემუშავებინათ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხეს.

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში” შეტანილი ცვლილება ფაქტობრივად ტოლობის ნიშანს სვამს ერთკრედიტქულიან და 10 კრედიტქულიან მასწავლებლებს შორის, მაგრამ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი და უნდათ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები ეუბნება, რომ ამისთვის საჭიროა  საგანს ფლობდნენ 7 კრედიტზე, სხვა შემთხვევაში ვერ გადააბარებენ გამოცდას, ცდილობს რაღაც იერარქიები დაიჭიროს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: