დღეს, 15 იანვარს, ბათუმის საპროტესტო აქციებს, რომელიც თითქმის ყოველდღე იმართება აჭარის მთავრობასთან, ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეებიც შეუერთდნენ.
„ჩვენ უსამართლობა შეგვეხო და 30 წელი მოგვისაჯეს არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, აქ პირადი ინტერესების გამო არ მოვსულვართ, ჩვენ ვდგავართ როგორც ქართველები.
ჩემს ძმას წაართვეს მთელი მისი ნაშრომი, სპორტული კარიერა – ორგზის მსოფლიო ჩემპიონია და ჩვენ ოჯახს რაც მაგათ დაუშავეს, ცოტა მოიძებნება, ვისაც ასეთი ამბავი გადაუტანია“, – გვითხრა რეზო წულუკიძემ.
„ჩვენ ვიწვნიეთ უსამართლობა, ვიცით რა არის უსამართლოდ ციხეში ყოფნა და ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ციხეში არიან, ასევე ქალბატონი მზია, რომელიც ციხეშია, სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში დაკავებული ბიჭები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და ზოგადად აქტივისტები, რომლებსაც აკავებენ, აჯარიმებენ, ესენი ყველა პოლიტიკური პატიმრები არიან, ისინი საქართველოს პატრიოტები არიან და ჩვენ მათ გვერდით ვართ.
თუ ჩვენ თანადგომა არ გამოვხატეთ, ერთმანეთის გვერდში არ დავდექით, ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება. ამიტომ, ჩვენი აქ დგომით ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, – ამბობს ფირუზ წულუკიძე.
რეზო წულუკიძის თქმით, პრობლემაა ის, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად რუსული ინტერესების გამტარებელია.
„საფრთხეა ის, რომ ესენი არიან რუსები. არ მოგვწონს რა გარემოც არის, გადაკიდეს ხალხი ერთმანეთს, გაზარდეს პოლარიზაცია. ამიტომ ეს რეჟიმი, ეს უბედურება რაც ჩვენს ქვეყანაშია, უნდა შეიცვალოს.
ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი, წესიერი, წესრიგზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც სამართალი და კანონი ყველასთვის იქნება ერთნაირი“, – ამბობს რეზო წულუკიძე.
ფირუზ წულუკიძეც იზიარებს ძმის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ რუსულ ინტერესებს ემსახურება.
„ესენი სამწუხაროდ ღიად მიდიან მტრის მხარეს და ეს თავიდანვე აშკარა იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ხალხი დგას ქუჩაში და აპროტესტებს ამ ყველაფერს. თუ ჩვენ მაქსიმუმი არ გავაკეთეთ, ისე არაფერი გამოვა. ამიტომ ვართ აქ ჩვენი ოჯახებით მოსული – შვილებით, მეუღლეებით, მშობლებით. თუ ასე არ მოიქცა ყველა, ისე არაფერი გვეშველება“, – ამბობს ფირუზ წულუკიძე.
რეზო და ფირუზ წულუკიძეებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ისინი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს შეიწყალა.
ძმები ღიად გამოხატავდნენ პროტესტს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ასევე თორნიკე რიჟვაძის მიმართ, 2020 წლის არჩევნების დროს კი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში წულუკიძეებმა რიჟვაძე არ შეუშვეს პროტესტის ნიშნად.
ამის შემდეგ წულუკიძეები რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წულუკიძეები მაშინ აცხადებდნენ, რომ მათ ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების გამოყენებით პროვოკაცია მოუწყო.