ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – ბათუმის მერია დაცვის პოლიციას 1000 ლარს გადაუხდის

05.12.2021 • 2359
„სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – ბათუმის მერია დაცვის პოლიციას 1000 ლარს გადაუხდის
3 დეკემბერს ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან დამატებით 1000 ლარი დაუჯდა. ეს თანხა დაცვის პოლიციას უნდა გადაუხადონ.

„არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის განაცხადში, რითაც მერია შესყიდვების სააგენტოს თხოვს თანხმობას, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას 1 000 ლარი გადაუხადოს – „გადაუდებელი აუცილებლობით“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გაიმართა ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. ვინაიდან ბათუმის მერიასა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მერიის ადმინისტრაციული შენობების დაცვას, ხოლო აღნიშნული სხდომა გაიმართა ბათუმის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, შესაბამისად, აუცილებელი გახდა აღნიშნული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

დოკუმენტების მიხედვით, უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვის თხოვნით ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ წერილით 2 დეკემბერს მიმართა.

სწორედ 2 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ახალი საკრებულოს სხდომა უნივერსიტეტში ჩატარდებოდა.

„გთხოვთ, გააფორმოთ ხელშეკრულება საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსთან 1000 ლარის ღირებულებით, რათა უზრუნველფოფილი იქნას ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის დაცვა“ – აღნიშნულია სულიკო თებიძის მიერ მერთან გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში სულიკო თებიძე არჩილ ჩიქოვანს წერს, რომ შეიტანოს შესაბამისი ცვლილება „მერის ბრძანებით დამტკიცებულ 2021 წლის შესყიდვების გეგმაში“.

„დაცვის მომსახურების გარეშე ვერ იქნებოდა უზრინველყოფილი  ბათუმის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებდა მუნიციპალიტეტის ეფექტურ ფუნქციონირებას“ – აღნიშნულია მერიის განაცხადში.

კითხვაზე – „რა რეალური საფრთხე ექმნებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას?“ – მერიის პასუხი ასეთია – „არსებობდა სხდომის ხელოვნურად ჩაშლის საფრთხე“.

საკრებულოს პირველი სხდომა ფაქტობრივად მაინც ჩაიშალა, თუმცა სულ სხვა მიზეზის გამო.

[checklist]

  • 2021 წლის განმავლობაში ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობებისა და ობიექტების დაცვის მომსახურებაზე მერიას დაცვის პოლიციასთან ხელშეკრულება 301 200 ლარზე აქვს გაფორმებული.
  • გარდა ამისა, ბათუმის მერიას დაცვის პოლიციასთან კიდევ ერთი ხელშეკრულება აქვს ცალკე გაფორმებული 57 600 ლარზე – ქობულეთში მდებარე დაუმთავრებელი შენობის [ყოფილი სასტუმრო „მეზღვაური“] დასაცავად.

[/checklist]

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: