Batumelebi | ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ბათუმის ძველმა საკრებულომ სპორტსკოლის ადგილას „ორბს“ განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა

გასულ კვირას, 26 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ შპს „ორბი ჯგუფს“ ფიროსმანის #12- ში განაშენიანების გეგმა დაუმტკიცა. ორი საკადასტრო ერთეული ჯამში ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს და ბათუმის სასპორტო სკოლა „ბასკოს“ შენობას მოიცავს. აქ კომპანია კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს და დადგენილი კ2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს.

მერია დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდით დამატებული ფართობის 5 პროცენტი ბინების სახით მას გადასცეს.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და მიწის ნაკვეთი მის მიმდებარედ, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი. ბიჯი 500 ათასი ლარი იყო.

იმავე სხდომაზე მოქმედმა საკრებულომ შპს „ალიანს სიტის“ გრგ-ში ცვლილება დაუმტკიცა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში, ბულვარის გასწვრივ, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე [ ე.წ ლუჟკოვის სახლის ტერიტორიაზე] მშენებარე სამი თაუერის სიმაღლე გაიზრდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი