მთავარი,სიახლეები

რა ხდებოდა ბათუმში, როცა ქალაქს ბრიტანელები მართავდნენ – 18 თვე ისტორიიდან

12.11.2021 • 27425
რა ხდებოდა ბათუმში, როცა ქალაქს ბრიტანელები მართავდნენ – 18 თვე ისტორიიდან

„ეს მსხვერპლი მშვიდობისთვის იყო გაღებული,“ – აღნიშნა ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავთან დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. ელჩმა, რომელიც ბათუმის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად გუშინ, 11 ნოემბერს მოინახულა მემორიალი, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატივი მიაგო თანამეგობრობის ქვეყნების დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას.

მარკ კლეიტონი – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. 11.11.2021 წელი

68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წელს აღმოაჩინეს და მემორიალიც მოაწყვეს. დადგინდა, რომ ბრიტანელების საფლავები აქ გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ვიდრე ბათუმი დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი გახდებოდა და აჭარა დაახლოებით წელიწად-ნახევარი ბრიტანული დროით ცხოვრობდა.

ბრიტანელები ბათუმის სანაპიროსთან 1918 წლის გვიან შემოდგომაზე გამოჩნდნენ. პირველი მსოფლიო ომის მიწურულს ბათუმის სანაპიროს ორი კრეისერი მოადგა – „ლივერპული“ და „ლონდონი“.

  • თავდაპირველად ბრიტანელებმა შეხვედრა ქართველებთან კრეისერზე გამართეს“ 

„1918 წლის პირველ მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებით ბათუმი ოსმალთა იმპერიას გადაეცა. 1918 წლის 30 ოქტომბერს კი, მუდროსის ნავსადგურში საზავო ხელშეკრულებით ბათუმის ოლქი გადაეცა ბრიტანელებს, დასრულდა ოსმალთა ოკუპაცია. როგორც ცნობილია, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა სამთა კავშირი თურქეთის მეთაურობით და გაიმარჯვა ანტანტამ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობით,“ – გვიყვება ისტორიკოსი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ისტორიკოსი გვაცნობს, როგორ აღმოჩნდნენ ბრიტანელები ბათუმში და რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში.

ოთარ გოგოლიშვილი მუდროსის ხელშეკრულების ჩანაწერს იხსენებს და აქცენტს ერთ სიტყვაზე ამახვილებს – „დაუყოვნებლივ“. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმის სანაპირო დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ ოსმალოელ სამხედროებს.

„ანტანტის სახელმწიფოებს შეეძლოთ აქ შემოსვლა, მაგრამ ამ დროს ინგლისს ჰქონდა ყველაზე დიდი პრეტენზია. ფრანგებსაც შეეძლოთ და ფრანგული ფლოტიც შემოვიდა აქ. ფრანგი სამხედროების საფლავიც უნდა იყოს ბათუმში, იტალიელების კიდევ, მაგრამ ჯერ კიდევ მიკვლეული არ არის,“ – აღნიშნავს ოთარ გოგოლიშვილი.

ინგლისელი მეზღვაურის პ.ო. არმსტრონგის დაკრძალვა ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია.

ისტორიული ცნობებით, 1918 წლის ბოლოს ბათუმში 1500 ინგლისელი სამხედრო იყო. მათი მიზანი ბრიტანული მმართველობის დამყარება იყო. ოთარ გოგოლიშვილი ვარაუდობს, რომ რადგანაც ბათუმის ოლქი ოსმალეთის იმპერიას ესაზღვრებოდა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, აქ საგენერალ-გუბერნატორო შეექმნა და გამოცდილი გენერალი – კუკ-კოლისი კონსტანტინოპოლიდან გამოგზავნეს.

„ეს კაცი ირლანდიელი იყო და ინდოეთის აჯანყების ჩახშობაშიც მონაწილეობდა, გამოცდილი სამხედრო მოღვაწე იყო,“ – გვიყვება ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი. – „კუკ-კოლისი ბათუმში მაშინდელი კონსტანტინოპოლიდან თავისი შტაბით ჩამოსულა, 15 კაცი ახლდა, მათ შორის, იყო ჰარისი. მას დავალებული ჰქონდა ის, რომ უნდა გაეგო, როგორი ქალაქი იყო ბათუმი, რას ფიქრობდნენ ამ ქალაქში, რა სურდათ?

ჰარისს კრეისერსზე ცალ-ცალკე მიუწვევია ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები, ასე ჩანს დოკუმენტებიდან… მაუსლიმ ქართველებთან დიდი ხანი გაგრძელებულა საუბარი. კუკ-კოლისს დავალება ჰქონდა – უნდა გაერკვია, ვისზე უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. ჰარისს თავდაპირველად არჩევანი მუსლიმ ქართველებზე გაუკეთებია, მაგრამ საბოლოოდ კუკ-კოლისს უთქვამს, რომ რუსეთს და ქრისტიან ქართველებს ეს გააღიზიანებდა.“

ისტორიკოსის თქმით, ამ დროს ერთი ამბავი ყოფილა ინგლისურის მცოდნე ადამიანების პოვნა – ინგლისური ერთეულებს სცოდნიათ.

ოთარ გოგოლიშვილი ყურადღებას ამახვილებს მასლოვის ჩანაწერებზე, რაც ბოლომდე გამოკვლეული დღემდე არ არის. მასლოვი „რუსული ნაციონალური საბჭოს“ წარმომადგენელი იყო ბათუმში. ბრიტანელი გენერალი კუკ-კოლისი მასაც შეხვედრია.

ბრიტანელი ჯარისკაცების შემოსვლა ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია

„როგორც ჩანს, ასე მოითათბირეს, რომ საწყის ეტაპზე მასლოვისთვის დაევალებინათ ქალაქის მართვა. მასლოვმა პირწავარდნილი შოვინისტები მოკრიბა და ყოფილი ჩინოვნიკები… თავის ჩანაწერებში წერს, მხოლოდ მგალობლიშვილში შევცდი, აგენტი ყოფილაო. ამ დროს ბათუმში ბრიტანელები ეხმარებოდნენ დენიკინსაც იარაღით და საწვავით, აქედან გადიოდა გემები, ასევე ცოცხალი ძალა.

მალე ბრიტანელებმა დაინახეს, რომ ასე არ გამოვიდოდა. ბათუმზე პრეტენზიას აცხადებდა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანიც. ბრიტანელებს კი, ბათუმის საქართველოსთვის დაბრუნება არ სურდათ. პირიქით, დემოკრატიული საქართველოს პირველ ხელისუფლებასთან საზღვრები გაამყარეს, მიმოსვლა შეწყდა,“ – ამბობს ოთარ გოგოლიშვილი.

რა სურდათ ბრიტანელებს ბათუმში? 

„საუბარი იყო გარკვეულწილად ცალკე სახელმწიფოზე, ე.წ. ყარსის ხელშეკრულება, რომლის დედაქალაქიც იქნებოდა ბათუმი და იქნებოდა ბუნებრივია ბრიტანული მმართველობა, ეს იქნებოდა გარკვეული ბუფერული ადგილი,“ – ამბობს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ისტორიკოსი იმ დროისთვის საქართველოს რთულ მდგომარეობას გვახსენებს, როცა დემოკრატიული საქართველოს პირველი მთავრობა არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, მათ შორის, იყო ბათუმის ოლქი, რომლის დაბრუნებასაც თურქეთის იმპერია ითხოვდა. ოთარ გოგოლიშვილი აქცენტს აკეთებს 1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზეც.

„ამ დროს სომხებმა წარმოადგინეს რუკა და თქვეს, რომ ბათუმში მოსახლეობის დიდი ნაწილი სომეხია. ბათუმზე მოთხოვნა ჰქონდა აზერბაიჯანსაც ბაქოს ნავთობის გამო. მათაც ჰქონდათ არგუმენტაცია, რომ უმჯობესი იქნებოდა ეკონომიკურადაც აზერბაიჯანს გადასცემოდა ბათუმის ოლქიო.

არსებობდა ასეთი ორგანიზაციაც – „სედაი მილეთი“, რაც ნიშნავს ხალხის ხმას. ეს ორგანიზაცია ამბობდა, რომ ბათუმის ოლქი ისევ უნდა დაჰბრუნებოდა თურქეთს, რადგან აქ ბევრი მუსლიმი ცხოვრობდა და პროთურქული ორიენტაცია არსებობსო.

მაგრამ ბრიტანელები ამ ყველაფერს ისხლეტდნენ და ნელ-ნელა ბათუმი ინგლისური ტიპის ქალაქი ხდებოდა,“ – გვიყვება ისტორიკოსი.

ინგლისელი მეზღვაური ბათუმში. ფოტო წიგნიდან „ბათომი“, შოთა გუჯაბიძის ფოტოკოლექცია

ისტორიკოსის თქმით, ბათუმში ბრიტანელების მმართველობის დროს გაჩნდა შრომის და სავალუტო ბირჟებიც, სადაც ბრიტანული გირვანქა-სტერლინგი იყო დომინანტი, გამოუშვეს ბრიტანული მარკები, ბათუმში შემოდიოდა ევროპული საქონლით დატვირთული გემები.

თუმცა პერიოდულად დემონსტრაციებიც იმართებოდა – ბათუმელები დედასამშობლოსთან დაბრუნებას ითხოვდნენ.

ბრიტანელები ძალიან დემოკრატიულად მოგვექცნენ, როგორც კი დაინახეს ჩვენი არჩევანი“  

1919 წლის 15 აპრილს ბრიტანელ კუკ-კოლისს დაუთხოვია მასლოვი და მისი „რუსული ნაციონალური საბჭო“, თუმცა ბრიტანელ სამხედრო მმართველებთან ნოე ჟორდანიას მთავრობამ საერთო ენა მაინც ვერ გამონახა.

ამ დროს აღადგინეს ნავთობსადენიც, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მცირე იყო.

ძალიან უჭირდათ ბათუმშიც.

1919 წლის 6 სექტემბრის ღამეს ბათუმის სანაპიროსთან შემოსულ ინგლისური გემს დაესხნენ თავს.

„იყო ტერორისტული ჯგუფები, 30-მდე ბანდა იყო ამ დროს ბათუმში, იყვნენ ქართველები, სხვა ეროვნების ადამიანებიც… გემზე ყოფილა ფული და საყოფაცხოვრებო საქონელიც, ატყდა სროლა და 12 ბრიტანელი მაშინ მოკვდა. ასეთი შეტაკებები სხვა დროსაც იყო,“ – გვიყვება ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი.

ამ დროს გააქტიურდა „სამუსლიმანო საქართველოც“. დემონსტრანტები დედასამშობლოსთან დაბრუნებას ითხოვდნენ. ისტორიკოსი ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულ როლს ერთ ბრიტანელ და-ძმას ანიჭებს – ოლივერ და მარჯორი უორდროპებს, რომლებიც დემოკრატიული საქართველოს პოპულარიზაციას ეწეოდნენ და ბრიტანელი სამხედროებსაც ესაუბრებოდნენ ამის შესახებ.

„ბრიტანელები ძალიან დემოკრატიულად მოგვექცნენ, როგორც კი დაინახეს ჩვენი არჩევანი, საბოლოოდ დაინახეს, რომ ბათუმის გადაცემა ისევ საქართველოსთვის აჯობებდა,“ – მიიჩნევს ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი. თუმცა ის არც იმას გამორიცხავს, რომ 1920 წლის ივნისის ბოლოს, როცა ბრიტანელმა სამხედროებმა ბათუმის სანაპირო დატოვეს, პრაქტიკულად ბოლშევიკები იმარჯვებდნენ თეთრგვარდიელებზე.

ისტორიკოსი კიდევ ერთ ისტორიულ დოკუმენტს იხსენებს, რომლის მიხედვითაც ვიდრე ბრიტანელები ბათუმს დატოვებდნენ, თებერვლის ბოლოს, ბათუმის ბულვარში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.

„უცნობია, რა აფეთქდა, მაგრამ ამას 14 ბრიტანელის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამას გამოუწვევია აღშფოთება. ზოგი ამას მენშევიკებს აბრალებდა, ზოგი დენიკინის აგენტებს, რომ ისევ რუსები დაბრუნებულიყვნენ აქ და ასე შემდეგ…“  – დასძინა ისტორიკოსმა, ოთარ გოგოლიშვილმა.

ლადო შარაშიძე, საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი და ბათუმში დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი, ბრიტანელი სამხედროების ბათუმიდან გასვლას ასე იხსენებდა:

„მე მოწმე ვიყავი ამ პროცედურისა, რაც ბათუმში ჩატარდა ინგლისელების მიერ აქედან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა გაიმართა 1920 წლის ივნისის მეორე ნახევარში, ახლანდელი სამხედრო კომისარიატის შენობის წინ, რუსთაველისა და კომკავშირის ქუჩების შესაყართან. ეს შენობა ეკავა ინგლისელების სამხედრო კომენდატურას და მის წინ აღმართულ ბოძზე ინგლისის დროშა ფრიალებდა.

დღის მეორე ნახევარში ამ შენობის წინ ქუჩის ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ჯარისკაცების ორი ოცეული იდგა – ერთი იყო ინგლისელების, მეორე კი მენშევიკური საქართველოს ჯარისკაცები. დაახლოებით 5 საათზე იქუხა ზარბაზანმა [ჩვენ შეჩვეული ვიყავით ზარბაზნების ასეთ გასროლებს, ჯერ ერთი, ყოველდღე, შუადღით, გასროლილი ზარბაზნის ხმა ეფინებოდა მთელს ქალაქს – იგი იუწყებოდა, რომ 12 საათი შესრულდა], ამის შემდეგ კი სასულე ორკესტრის მუსიკის ხმაზე ბოძიდან ნელ-ნელა ჩამოეშვა ინგლისელების დროშა და მის ადგილას აღიმართა მენშევიკური საქართველოს დროშა. ამ დროს ახლანდელი კომკავშირის ქუჩიდან მოისმა ხალხის ხმაური, რაც ხშირად ლოზუნგების წარმოთქმის ფორმას იღებდა…,“ – იხსენებდა ლადო შარაშიძე.

სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა 68 ბრიტანელი ჯარისკაცი ბათუმში? – ისტორიკოსი ოთარ გოგოლიშვილი ვარაუდობს, რომ ბრიტანელი სამხედროების ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ სხვადასხვა ადგილზე და ბათუმში დაკრძალეს, ნაწილი – ტერორისტებთან შეტაკებების დროს.

რა არის ცნობილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის დაღუპული სამხედროების შესახებ? – ბრიტანეთის საელჩოდან მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ესაა ცნობილი: ეს ჯარისკაცები ბრიტანეთის სამხედრო ძალის შემადგენლობაში იყვნენ და მათი სახელები თურქეთში ჰეიდარ ფაშას ისტორიულ სასაფლაოზე იყო ამოტვიფრული.

1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ფოტოზე საქართველოს ხელისუფლებისთვის ბათუმის გადაცემაა აღბეჭდილი. ტრანსპარანტებზე წერია: გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და სამუსლიმო საქართველოს, უკან დგას სობორი, რომელიც 1932 წელს დაანგრია მომდევნო ხელისუფლებამ.

მთავარი ფოტო: ბრიტანელი ჯარისკაცების შემოსვლა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: