მთავარი,სიახლეები

აჭარაში 5 მაჟორიტარს და 2 მერს ირჩევენ – მეორე ტურისგან ქობულეთსა და შუახევში ისვენებენ

18.10.2021 • 2242
აჭარაში 5 მაჟორიტარს და 2 მერს ირჩევენ – მეორე ტურისგან ქობულეთსა და შუახევში ისვენებენ

არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, ბათუმელები მხოლოდ მერს აირჩევენ, ხელვაჩაურში – მერს და კიდევ ორ მაჟორიტარს საკრებულოში. საკრებულოს წევრების ასარჩევად არჩევნებზე მისვლა მოუწევთ ხულოშიც ორ მაჟორიტარულ ოლქში, ქედაში ერთი დეპუტატი დარჩა ასარჩევი. ქობულეთსა და შუახევში არჩევნების მეორე ტურისგან ისვენებენ.

არჩევნების მეორე ტურზე იმ სამაჟორიტარო ოლქებში გაიმართება მეორე ტური, სადაც საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, კანდიდატებს შორის ვერავინ შეძლო  40 პროცენტზე მეტი ხმის მოგროვება. წინა არჩევნებზე ხმების უბრალო უმრავლესობაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადამიანი საკრებულოს წევრი გამხდარიყო. ამ შემთხვევაში კი, არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადადის მეორე ტურში.

ასეთი სულ 42 მაჟორიტარული ოლქია საქართველოში, მათ შორის 5 აჭარაში.

ძირითადად მეორე ტურში ამომრჩეველს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, გამონაკლისია ხულო, სადაც პირველ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. ამ ოლქში ორი კანდიდატია ასარჩევი: ირაკლი ბოლქვაძე პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ლევან მახარაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ხულოში მეორე ტურზე ამომრჩეველი მივა მეორე მაჟორიტარულ ოლქშიც. აქ კანდიდატები არიან ნადიმ დეკანაძე „ქართული ოცნებიდან“ და თენგიზ შანთაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქედაში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ მე-2 სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატები: ევგენი ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთარ ხარაძე „ქართული ოცნებიდან“.

ხელვაჩაურში მე-5 და მე-6 სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური. მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მამუკა ჯევაიში „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ელიზბარ ზოიძე „ქართული ოცნებიდან“, ხოლო მე-6 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია შოთა ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – დავით დუმბაძე.

ყველაზე მეტად მაჟორიტარების შერჩევა გურიაში გაუჭირდათ – ოზურგეთში 4 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით მეორე ტური სულ 42 მაჟორიტარული ოლქში იმართება და ამ ოლქებს შორის ოზურგეთის მე-11 მაჟორიტარული ოლქი ერთადერთია, სადაც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი – დათა მიქელაშვილი დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს – ნინო მახარაძეს.

არჩევნების მეორე ტურზე 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში აირჩევენ მერებს. აჭარის რეგიონში თვითმმართველი თემებიდან არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ხელვაჩაურში გაიმართება. აქ მერობისთვის ოპოზიციური ერთობიდან მიშა ბოლქვაძე იბრძვის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი, ზაზა დიასამიძეა.

არჩევნების მეორე ტურში ბათუმელებს ბიულეტენში ორი კანდიდატი დახვდებათ: არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე – ოპოზიციური ერთობიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: