მთავარი,სიახლეები

ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

30.10.2021 • 3780
ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა.

აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე, ყუთში, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უთხრა, რომ „აკრედიტაციები ორ-ორად დაიბეჭდა და ეს უკვე მაკულატურაა“.

აკრედიტაციის ბარათი, რომელსაც ცესკო გასცემს ორგანიზაციის დამკვირვებელზე, გაიცემა მხოლოდ ერთ ეგზემპლარად.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა ის ორგანიზაციები, რომელთა დასახელებაც იყო მითითებული საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ ქსეროასლებზე.

ცესკოს მონაცემებით, „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრს“ არჩევნებზე აკრედიტაცია აქვს. მეტიც, ამ ორგანიზაციამ არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების რაოდენობა გაზარდა. თუ პირველ ტურში ამ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა 483 პირი, მეორე ტურზე დამკვირვებლების რაოდენობაა – 702.

„ახალგაზრდა თაობას“ არჩევნების პირველ ტურზე 1052 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1172 დამკვირვებელი ჰყავს;

„ALL MEDIA“-ს პირველ ტურზე 668 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1353 დამკვირვებელი ჰყავს;

„მომავლის ნათებას“ არჩევნების პირველ ტურზე 1393 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1545 დამკვირვებელი ჰყავს.

მაგალითად, ALL MEDIA-სთან დაკავშირებით, 2016 წლის არჩევნების დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერდა: „აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მედია საშუალება „All media წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი) არ დაემთხვევა ცესკოს მიერ აღნიშნული შტრიხკოდით გაცემულ დამკვირვებლის მოწმობას. ოქმი იქნა შედგენილი მედია საშუალების წარმომადგენლის მიმართ და ამ საფუძველზე გაძევებულ იქნა უბნიდან. გამოძახებულ იქნა პატრულიც, რომელიც ჩაერთო საქმეში. დამატებით მოვიდა პოლიცია და გამოკითხეს კომისიის წევრები“.

სარჩევნო უბანზე აღმოჩენილი აკრედიტაციის ქსეროასლები ყუთში
ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

ცესკოს აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარჩევნო უბანზე აღნიშნული ფაქტის გამო საჩივარი არ დაწერილა.

41-ე საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, გვანცა ქათამაძე ამბობს, რომ უბანზე რამდენიმე დამკვირვებელი იმყოფებოდა იმ სახელის და გვარის, ვისზეც არის აკრედიტაციები გაცემული.

„მაგალითად, გოჩა ტრაპაიძე და ლეილა ჯინჭარაძე იყო უბანზე დამკვირვებლად, თუმცა თინა ჯიჯავაძე არ ყოფილა. ეს ქსეროასლები ჰქონდათ მათ უბანზე. რატომ ჰქონდათ ქსეროასლები არ ვიცი“, – გვეუბნება კომისიის მდივანი.

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით კი, „ეს საკითხი გასარკვევია“.

„ჯერ უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა ეს კონკრეტული აკრედიტაციის მოწმობები. შესაძლებელია, კონკრეტული ორგანიზაციის დამკვირვებლებს დარჩათ საუბნო საარჩევნო კომისიაში. მოსაკითხია ეს ამბავი. აუცილებლად გავარკვევთ. თუმცა კანონდარღვევასთან არ გვაქვს საქმე“, – ამბობს  ნათია იოსელიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: