მთავარი,სიახლეები

ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

19.09.2021 •
ბათუმში უკანონოდ აშენებული 7 კორპუსის საკითხის გაშუქებისას ჟურნალისტზე იძალადეს

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ უკანონოდ ააშენა 7 კორპუსი, TV 12-ის გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ ხვიჩა მამულაძეს ობიექტის დაცვამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა მიმდებარე ტერიტორია.

შემთხვევა 17 სექტემბერს, პარასკევს მოხდა.

როგორც ჟურნალისტმა ხვიჩა მამულაძემ უთხრა „ბათუმელებს“, იგი გოგოლის ქუჩაზე კადრების გადასაღებად და პირდაპირი ჩართვის მოსამზადებლად მივიდა.

„უშუალოდ მათ ტერიტორიაზე არც შევსულვარ, გარედან ვიღებდით კადრებს, ამის მიუხედავად არ მოგვეცა მუშაობის საშუალება და მეტიც – დაცვამ ძალის გამოყენებით გამოგვიყვანა ტერიტორიიდან,“ – გვითხრა ხვიჩა მამულაძემ.

ვიდეოკადრებში, რომელიც TV 12-მა გაავრცელა, ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი ხელით ეხება ჟურნალისტს და იძულებით გაჰყავს ის.

ხვიჩა მამულაძის თქმით, ტელეკომპანია აპირებს შს სამინისტროს მიმართოს აღნიშნულ შემთხვევაზე.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

ბათუმში 7 კორპუსი უკანონოდ კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ააშენა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში ადასტურებენ, რომ მშენებლობა უკანონოა და მშენებლობის შეჩერებაზე დადგენილება გამოსცეს.
____________

ფოტოზე: კადრი TV 12-ის ვიდეომასალიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: