არჩევნები,მთავარი,სიახლეები

პარტიის დატოვება ოცნების ქალაქში ბინის სანაცვლოდ? – ენმ-ის განცხადება და პასუხი ბრალდებაზე

12.09.2021 • 3583
პარტიის დატოვება ოცნების ქალაქში ბინის სანაცვლოდ? – ენმ-ის განცხადება და პასუხი ბრალდებაზე

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ენმ-ის წევრის მოსყიდვაში დასდო ბრალი.

საუბარია ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრზე, მერაბ ბოლქვაძეზე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „ერთმანეთს გადაეჯაჭვნენ“ და ამის გამო მას აღარ სურს პარტიაში დარჩენა.

„სუსის დადგმული სპექტაკლი“ – ასე უწოდებს რეზო ხარაზი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის გუნდის წევრი მერაბ ბოლქვაძის ამ განცხადებას. იგი ამბობს, რომ ნამდვილი მიზეზი სხვაა:

„გუშინ, განცხადების გაკეთებამდე ლევან ბოლქვაძე მოვიდა ჩვენთან ოფისში, თუმცა მისი გადაწყვეტილების შესახებ გავიგეთ მისი განცხადებიდან.

ვფიქრობთ, ეს ადამიანი მოიყიდეს ან მოქრთამეს და არ არის გამორიცხული აშანტაჟებდნენ ბინის თემით.

ბატონ მერაბს ჰქონია უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი ოცნების ქალაქში, საუბარია კაპიტალურ ქვის სახლზე. მისთვის განუცხადებიათ, რომ თუ კი ის გააკეთებდა ამ განცხადებას და გამოვიდოდა პარტიიდან, მიიღებდა ბინას ოცნების ქალაქში.

პირდაპირ სუს-ის და ქართული ოცნების დავალებაა ეს“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ხულოს საკრებულოს წევრს რომ ოცნების ქალაქში აქვს უკანონოდ აშენებული სახლი, ენმ-ის გუნდისთვის გუშინ გახდა ცნობილი.

„ორი დღის წინ იყო აქცია ოცნების ქალაქში აქცია, სადაც ადამიანები კრიტერიუმების განსაზღვრას ითხოვდნენ, თუ ვინ მიიღებს ბინას. მერაბ ბოლქვაძეს სახლიც აქვს, კარიც და ყველაფერი ხულოს მუნიციპალიტეტში და რა კრიტერიუმით უნდა მიიღოს მან ბინა?

ვითხოვთ ხელისუფლებისგან, განსაზღვროს და გამოაქვეყნოს კრიტერიუმები, ან შეწყვიტოს მანიპულირება ოცნების ქალაქის თემით“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მერაბ ბოლქვაძის ამ განცხადებით არჩევნების წინ ცდილობს ორი პარტიის რეპუტაცია დააზიანოს:

„ნახეთ, როგორ მოიქცნენ – თითქოს გახარიასაც დაარტყეს და ნაციონალურ მოძრაობასაც. ესაა სუს-ში დაგეგმილი სპექტაკლი, ბინძური პროვოკაცია“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მერაბ ბოლქვაძე ხულოს საკრებულოში თხილვანის თემის მაჟორიტარია. „ბათუმელები“ მას კომენტარისთვის დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ პირადად მას ოცნების ქალაქში სახლი არ აქვს, თუმცა სახლი აქვს მის ძმას.

მერაბ ბოლქვაძე კატეგორიულად უარყოფს გარიგებას „ოცნებასთან“:

„მე 8 წელი ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში, როგორც ოჯახთან, ისე ვიყავი გუნდთან. მათი არასწორი მოქმედებების გამო მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე პარტია. გამოვიდნენ და იტყუებიან და მაცხადებენ მოღალატედ. უნდათ ხელისუფლებას მიაკერონ რაღაც იარლიყები, რადგან წამოვედი.

გადაამოწმონ, მე, პირადად მერაბ ბოლქვაძეს სახლი არ მაქვს ოცნების ქალაქში“.

„ბათუმელების“ კითხვას, აქვს თუ არა მისი ოჯახის რომელიმე წევრს სახლი ოცნების ქალაქში, მერაბ ბოლქვაძე ასე პასუხობს:

„ჩემ ძმას აქვს, მაგრამ ის ცალკე ცხოვრობს. დადონ მტკიცებულება, რომ მე გავურიგდი ვინმეს, ან ოცნებაში გადავედი ან სხვა, რომელიმე პარტიაში.

…2017 წლის არჩევნების შემდეგ, მე თუ ოცნების ქალაქში ბინა მინდოდა, თუ გარიგება მინდოდა, დიდი სიამოვნებით, არავის არ შევეკითხებოდი, ჩემით გავიმარჯვე არჩევნებზე, გადავიდოდი ოცნებაში, სამსახურიც მექნებოდა, თუ ბინა მჭირდებოდა – ბინაც. არ ვაპატიე მათი უზრდელობა და ამიტომ დავტოვე ნაციონალური მოძრაობა“ – გვითხრა მერაბ ბოლქვაძემ.

მერაბ ბოლქვაძე ბოლო პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აღმოაჩინა მან მსგავსება გახარიას პარტიასა და ენმ-ს შორის იგი ამბობს, რომ პერიოდულად ჩამოდიოდა და, ამასთანავე, კონტაქტები ჰქონდა რეგიონთან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.

_____________

ფოტოზე: რეზო ხარაზი, მერაბ ბოლქვაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: