მთავარი,სიახლეები

რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე

23.08.2021
რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტიტე აროშიძე, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მოსყიდვისა და შანტაჟთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდს პასუხობს. ამის შესახებ გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა.

„დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ დატოვონ პარტია. მათთვის მნიშვნელოვანია გადააბრალონ ხელისუფლებას ის, რაც ბუნებრივად ხდება“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მისი განცხადებით, გახარიას პარტიას მას შემდეგ ტოვებენ ადამიანები, როცა დაპირებულ თანხებს ვერ იღებენ. „ის ადამიანები, რომლებიც მიხვდნენ ამ პარტიის ტყუილებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივად ტოვებენ აღნიშნულ პარტიას და ხელისუფლებას არანაირი შემხებლობა გახარიას პარტიასთან არ გააჩნია“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გახარიას პარტია ფულს სთავაზობს ადამიანებს საჯარო სამსახურების დატოვების სანაცვლოდ, ტიტე აროშიძე  გაურკვევლად პასუხობს.

„როდესაც ტოვებს ადამიანი საჯარო სამსახურს და მიდის პოლიტიკურ საქმიანობაში და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერ იღებს იმ საფასურს, რომელსაც დაჰპირდა პარტია, ეს არის ფაქტი. შემდეგ სწორედ ასეთი ადამიანები ტოვებენ მათ პარტიას“, – ამბობს ის.

„ქართული ოცნების“ გუნდს არანაირი მიზეზი არ გააჩნია იმისთვის, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ერთ პროცენტამდე რეიტინგის პარტიასთან. ნურავინ იფიქრებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩრდილოვან თამაშებს თამაშობს იმისათვის, რომ ვინმე გადმოიბიროს. არავის გადმობირებას არ ვაპირებთ, ჩვენ გვყავს ძლიერი და მყარი გუნდი წარმოდგენილი, როგორც ქალაქის მაჟორიტარებად, ასევე მერის კანდიდატებად“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

20 აგვისტოს „ქართული ოცნება“ დატოვა ყაზბეგის მერობის კანდიდატმა თავის გუნდთან ერთად.

დღეს, 23 აგვისტოს კი, პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებს აშანტაჟებს ან ცდილობს მოისყიდოს.

___________________________

ამ თემაზე:

კანდიდატების შანტაჟი და მოსყიდვა – ბათუმში გახარიას გუნდის ბრალდებები ხელისუფლებას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: