განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნი, როგორც იარაღი | ხათუნა ცხადაძე

19.08.2021 • 1927
წიგნი, როგორც იარაღი | ხათუნა ცხადაძე

ავტორი: ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი

___

ამ პროექტის მხარდასაჭერად ზაალ ანდრონიკაშვილმა მომიწვია. ზაალის წერილი, „ლიტერატურა ეხმარება ადამიანს, დარჩეს ადამიანად“ ზრუნვაზეა, იმაზე, რომ ადამიანს ზრუნვა აქცევს ადამიანად, მეორე ადამიანზე ზრუნვა. ვეთანხმები ზაალს და იმ კარგ მეცნიერს, მარგარეტ მიდს: ზრუნვაა ადამიანობის მთავარი მახასიათებელი; ის, რაც ადამიანთა ერთობას ცივილიზებულ, მოაზროვნე და მომავლის მქონე საზოგადოებად აქცევს.

ამიტომ ვიფიქრე, მეც ზრუნვაზე დამეწერა და ასე გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ პროექტის, “მოგზაური ბიბლიოთეკისათვის”, რომლის მიზანია აჭარის მაღალმთიან სოფლებში ბიბლიოთეკების შექმნა.

* * *

1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არამომგებიანი ორგანიზაცია დაფუძნდა, „წიგნის საბჭო ომის წლებში“, სლოგანით „წიგნი იარაღია იდეების ბრძოლაში“. ორგანიზაციის მიზანი იყო ამერიკელი ხალხის განათლების, ცოდნის, ინფორმირების ხელშეწყობა, ომით დათრგუნული ადამიანების შთაგონება, განტვირთვა, კითხვით სიამოვნების მიღების სწავლება, ლიტერატურის გზით მასებისათვის ამერიკული კულტურის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, აერთიანებდა გამომცემლებს, წიგნით მოვაჭრეებს, ბიბლიოთეკებსა და ბიბლიოთეკარებს, ავტორებს, ლიტერატორებს, სტამბებს, ქაღალდის მწარმოებლებს. 1943 წლის გაზაფხულზე ამ ორგანიზაციამ წამოიწყო პროგრამა „წიგნები შეიარაღებული ძალებისათვის“ (Armed Services Editions), რომელმაც 1947 წლამდე 123 მილიონი წიგნი დაბეჭდა და თითოეული დაახლოებით 6 ცენტად მიჰყიდა მთავრობას შეიარაღებულ ძალებში წიგნიერების გასავრცელებლად.

ამ იდეას წინ უსწრებდა წამოწყება „წიგნის კამპანია გამარჯვებისთვის“, რომელმაც რამდენიმე თვეში მილიონამდე წიგნი შეაგროვა ჯარისკაცებისთვის დონაციების სახით. მაგრამ ბევრი გამოცემა მოუხერხებელი იყო სამხედროებისთვის წიგნის ზომის, წონის, მაგარი ყდისა თუ სხვა მახასიათებლის გამო, ამიტომ სამხედრო ძალებს ხშირად ნაჩუქარ წიგნებზე უარის თქმა უწევდა. ასე დაიბადა „წიგნები შეიარაღებული ძალებისათვის“ – მცირე ფორმატის, რბილყდიანი, იაფი გამოცემები, რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა 1300-ზე მეტი დასახელების წიგნი. წიგნების ზომა საგანგებოდ იყო გათვლილი: ის ამერიკული სამხედრო ფორმის ჯიბეში უნდა ჩატეულიყო. პროექტში ჩართული იყო სამოცდაათზე მეტი გამომცემელი და ათობით სტამბა, ავტორიტეტულ ლიტერატორთა საგანგებო ჯგუფი კი, მოხალისეობრივ საწყისებზე, არჩევდა კლასიკას, ბესტსელერებს, იუმორისტულ წიგნებსა და პოეზიას, ცდილობდა, შეძლებისდაგვარად ყველანაირი გემოვნებისა და კულტურული დონის მკითხველი დაეკმაყოფილებინა და შეერჩია როგორც მხატვრული, ასევე არამხატვრული ლიტერატურა. შემთხვევითი არაა, რომ სერიის პირველი წიგნი იუმორისტული ყოფილა: ლეო როსტენის „ჰაიმან კაპლანის განათლება“.

წიგნები შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყველა დანაყოფში ვრცელდებოდა, ქვეყნის ტერიტორიაზეც და საზღვარგარეთ მყოფ ნაწილებშიც, მათ შორის სამხედრო ჰოსპიტლებსა და სატრანსპორტო საშუალებებში, შორეულ და მიუწვდომელ ადგილებში განთავსებულ ნაწილებს კი თვითმფრინავებით უყრიდნენ წიგნების შეკვრებს, სხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარაგთან ერთად. „ოვერლორდის ოპერაციისთვის“ ნორმანდიაში სამხედრო ძალების გამგზავრების წინ, სამხრეთ ინგლისში მყოფი ნაწილების თითოეული ჯარისკაცისთვის თითო წიგნი მიუციათ ჩასხდომის წინ.

ამ პროექტში შერჩეულ ავტორებს შორის იყვნენ უილიამ ფოლკნერი, სკოტ ფიცჯერალდი, სომერსეტ მოემი, ჯოზეფ კონრადი, ჯეკ ლონდონი, ედგარ პო, მარკ ტვენი და სხვა უამრავი. სკოტ ფიცჯერალდის მკვლევარი, მორინ კორიგანი წერს, რომ ამ პროექტმა არა მხოლოდ ჯარისკაცებს მისცა საოცარი შანსი, არამედ ავტორებსაც, რომელთაგან ბევრი სრულიად მივიწყებული და დაუფასებელი იყო.

სკოტ ფიცჯერალდი ისე მოკვდა, პოპულარობას ვერ მოესწრო, მისი თანაშემწე იხსენებს, რომ „დიდი გეთსბის“ გაყიდვებიდან ავტორის ბოლო ჰონორარი 13 დოლარი ყოფილა და გულმოკლულ ფიცჯერალდს გაუმხელია მისთვის, ის რამდენიმე ასლიც მე ვიყიდე მეგობრებისთვის საჩუქრადო. რომანის გამოსვლიდან 25 და ავტორის გარდაცვალებიდან 10 წლის წლის შემდეგ, უეცრად მოპოვებულ მასობრივ პოპულარობას, ხელახლა დაბადებასა და 50-იანი წლებში სასკოლო პროგრამაში შესვლას „დიდი გეთსბი“ უმეტესწილად სწორედ ამ პროექტს უნდა უმადლოდესო, წერს კორიგანი (მხოლოდ „დიდი გეთსბის“ ასოცი ათასი“ ეგზემპლარი დაბეჭდილა შეიარაღებული ძალებისთვის რამდენიმე წელიწადში).

ეჭვი არაა, რომ ფიცჯერალდის მსგავსად, სხვა ბევრი ავტორი გააცოცხლა და დაუბრუნა მკითხველს ამ პროგრამამ. ყველაფერი კი ერთი კაცის, შეერთებული ძალების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, რეიმონდ ტრაუტმანის იდეით დაიწყო, რომელმაც თანამოაზრეთა მთელი არმია შემოიკრიბა გარშემო, ლიტერატორების, ბიზნესმენებისა თუ მთავრობის წარმომადგენელთა ჩათვლით. ზრუნვით დაიწყო ეს ყველაფერი, გონიერი ადამიანების გემოვნებით, მგრძნობელობით, ავტორებსა და მკითხველზე ფიქრითა, იმაზე ფიქრით, რომ ადამიანებს საკვების, ტანსაცმლის, ხელფასის გარდა გონებრივი საზრდოც სჭირდება, რომ ეს საზრდო შეიძლება თავისით არ მოძებნოს, მაგრამ თუ მიაწვდი, შეიძლება, შვებად, ნუგეშად, იმედად, ბედნიერებად ექცეს.

წარმოვიდგენ ხოლმე სამხედრო ნაწილებში, სანგრებში, ჰოსპიტლებში მყოფ ჯარისკაცებს იმ ყვითელყდიანი წიგნებით ხელში; წარმოვიდგენ, როგორ კითხულობდნენ, დღისით თუ ღამით, შეშინებულები თუ იმედიანები, იმ წიგნების სამყაროში ცხოვრობდნენ, მათზე ფიქრობდნენ; ალბათ, ლაპარაკობდნენ კიდეც, უყვებოდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს, ალბათ ცვლიდნენ კიდეც წიგნებს, ერთმანეთისას კითხულობდნენ. ვინ იცის, რამხელა შვება იყო ჯარისკაცებისთვის მხატვრული ლიტერატურა იმ დღეებში, იმ თვეებსა თუ წლებში, ბრძოლებამდე თუ ბრძოლების შემდეგ, ვინ იცის, რამდენი მათგანი დაიღუპა იმ პატარა ყვითელი წიგნით ჯიბეში; საგანგებოდ მისი ჯიბისთვის დაბეჭდილი, სხვა სამყაროს ნაგლეჯით ჯიბეში; ვინ იცის, რამდენისთვის წინა დღითა თუ ღამით წაკითხული და წარმოდგენილი იყო სიკვდილის წინ ბოლო ფიქრიცა და ხილვაც.

* * *

დასაწყისში ზრუნვა ვახსენე. იმ ადამიანებზეც ვფიქრობ, რომლებმაც ეს ყველაფერი მოიფიქრეს და საკვებთან, წყალთან, წამლებსა თუ ტანსაცმელთან ერთად თვითმფრინავებით უყრიდნენ ამ სხვა სამყაროს ყვითელ ბარათებს ჯარისკაცებს, ისეთსავე მაცოცხლებელსა და ძვირფასს, როგორიც იმ შეკვრებით ჩაყრილი წამლები, საკვები, წყალი თუ ტანსაცმელი იყო.

ვწერ „სამხედროებს“ და ვფიქრობ ყველაზე, ცხადია. ყველაზე, აქ და ახლა. ვგულისხმობ ბავშვებს, მოზარდებს, უფროსებსა თუ პენსიონერებს, განსაკუთრებით – მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებლებს. მინდა, მათ განათლებასა და ინფორმირებაზეც ზრუნავდეს მათივე დაქირავებული სახელმწიფო მანქანა, მათთვის ცოდნის გზით ბედნიერების შესაძლებლობის მიცემაზე ფიქრობდეს. ორმოციანი წლების ამერიკის იმ საოცარი წამოწყების სულისჩამდგმელებს ბევრ სხვასთან ერთად ეს მიზეზიც ეწერათ თავიანთ პროექტში: ადამიანების გახალისება, მათი „მოწყენილობისა და დარდის გაქარვება“ წიგნებით. მაგრამ, ეს რომ დაგეგმო, უნდა გესმოდეს, როგორც მათ ესმოდათ, რომ წიგნი იარაღია.

მგონი, ახლა უკვე ყველას გვესმის, სოფელშიც და ქალაქშიც, რომ როცა სოფლისა თუ ქალაქის გამოცოცხლებაზე ლაპარაკობს ხელისუფლება, მხოლოდ ბრჭყვიალა კაზინოებსა და რესტორნებს არ უნდა ჰპირდებოდეს მოსახლეობას; იქამდე კი, სანამ ხელისუფლება მიხვდება ზრუნვა რას ნიშნავს, ერთმანეთზე თუ ვიზრუნებთ, ისევ ერთმანეთის, მოქალაქეების გონივრული, კეთილი ინიციატივების იმედად თუ ვიქნებით და მათ დავუჭერთ მხარს, რომ არ დავკარგოთ ადამიანურობა – ის, რაც მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვით მიიღწევა – და შევინარჩუნოთ ცოცხალ არსებათა იმ ერთობის სახელი, რომელსაც ადამიანთა საზოგადოება ჰქვია.

 

* * *

ზაალმა ბავშვობის მეგობარს მიუძღვნა თავისი წერილი. მე – ჩემს მოსწავლეებს ვუძღვნი, რომლებიც სტიმულს მაძლევენ, მეტი ვიკითხო, მეტი ვიცოდე.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: