ბათუმი,მთავარი,სიახლეები

1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

19.08.2021
1600-ით გაიზარდა უფასო სასადილოს მომხმარებელთა რაოდენობა ბათუმში – ბოლო 9 თვე

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 22 აგვისტოს უფასო სასადილოებს დახურავს და ბენეფიციარებს 1 თვის სასურსათო კალათას დაურიგებს. სასადილოების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მერიაში კოვიდპანდემიის გამო მიიღეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში „სოციალურად დაუცველი ფენის უფასო ერთჯერადი კვების“ პროგრამაში ამ დროისთვის 7 595 ბენეფიციარია ჩართული.

ამ პროგრამაში 2020 წლის დეკემბერში 6000-მდე ბენეფიციარი იყო. ანუ გასული წლის ბოლოდან დღემდე უფასო სასადილოებით მოსარგებლეთა რიცხვი თითქმის 1600-ით გაიზარდა, აქედან 540 ბენეფიციარი მარტო აგვისტოს თვეში დაემატა პროგრამას.

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორი, მამუკა შამილიშვილი, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს ის სოციალურად დაუცველი ადამიანებია, რომლებიც ითხოვდნენ უფასო სასადილოთი სარგებლობას, რიგში იდგნენ, თუმცა არასაკმარისი დაფინანსების გამო მათი პროგრამაში ჩართვა ვერ ხერხდებოდა.

„საამაყო ამაში შეიძლება არც არაფერია, როცა ამდენი სოციალურად დაუცველი ითხოვს უფასო სასადილოთი სარგებლობას, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიმართვის შემდეგ გაიზარდა სააგენტოს დაფინანსება ქალაქის ბიუჯეტიდან და თითქმის ყველა, ვინც ითხოვდა პროგრამაში ჩართვას – ჩავრთეთ. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი სოციალურად დაუცველი რიგში იმისთვის, რომ უფასო სასადილოთი ისარგებლოს, არ გვყავს“, – გვითხრა მამუკა შამილიშვილმა.

სააგენტო ბენეფიციარებისთვის 2021 წლის 28 აგვისტოს, „მარიამობის სადღესასწაულო ნობათისა და პანდემიის გამო ბენეფიციარებისათვის სექტემბრის თვის სასურსათო კალათების გაცემას“ გეგმავს.

მამუკა შამილიშვილის თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება გაიხსნება თუ არა სასადილოები ოქტომბერში: „თუ არა, მაშინ, ოქტომბრის თვის სასურსათო კალათებს წინასწარ, სექტემბრის ბოლოს გავცემთ“.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: