ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

07.08.2021
სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

შს მინისტრის ბრძანებით სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი განისაზღვრა. ამავე ბრძანებით, ცვლილებები შევიდა სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესში.

ახალი წესების დარღვევა კი, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში.

„ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას“ – აცხადებს შსს.

ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებითაც. „იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა“.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით.

„ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად“ – აცხადებს შსს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი, ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს [28 აგვისტოს] გაიხსნება.

რა ვალდებულებები აქვს გადამფრენ ფრინველებზე მონადირეს, ასევე სად იკრძალება ნადირობა, ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

მთავარი ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: