Batumelebi | ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსება მცირდება, ხულო-ზარზმის კი, იზრდება

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარე წელს 64 მილიონი ლარის ნაცვლად 60 მილიონი ლარით დაფინანსდება, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსება კი, 10 მილიონის ნაცვლად 14 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წლის 6 თვეში 4,5 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულდა 199 ათასი ლარის სამუშაო, რაც გეგმის 4.4 პროცენტია.

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, 6 თვეში უნდა დახარჯულიყო 23,7 მილიონი ლარი, თუმცა 5 თვის მონაცემებით შესრულებული იყო მხოლოდ 11,5 მილიონი ლარის სამუშაოები [48.6 პროცენტი].

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლითაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით 21 პროგრამის დაფინანსება იზრდება, ჯამურად 1.1 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო 4 პროგრამის დაფინანსება მცირდება, ჯამურად 40 მლნ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, 400 მლნ-ზე მეტი ლარით იზრდება პანდემიის საპასუხოდ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება.

„საყურადღებოა, რომ კანონპროექტის ფარგლებში არ მომხდარა განახლებული კაპიტალური პროექტების დანართის წარმოდგენა. ასევე, კანონპროექტს არ ახლავს სსიპ/ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესახებ განახლებული ინფორმაცია,“ – აცხადებს აუდიტი.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1.2 მილიარდი ლარით და 17.9 მილიარდ ლარს უტოლდება. იზრდება გადასახდელების გეგმური მაჩვენებელიც 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით და 19.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

„პროექტი გადასახდელების დასაფინანსებლად ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული ნაშთიდან (2.3 მლრდ ლარი) 1.6 მლრდ ლარის გამოყენებას. შედეგად, წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობა იქნება 746 მლნ ლარი, საიდანაც 594 მლნ ლარი განთავსებულია კომერციული ბანკების 10-წლიან სადეპოზიტო სერტიფიკატებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მცირდება ფისკალური ბუფერის მოცულობა და სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 152 მლნ ლარს უტოლდება,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, შემოსულობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი საკითხები - დააკლიკეთ აქ
  • ეკონომიკური ზრდის განახლებულ პროგნოზზე დაყრდნობით 720 მლნ ლარით (7%-ით) იზრდება საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი და 11.1 მლრდ ლარს შეადგენს
  • 100 მლნ ლარით (35%-ით) იზრდება გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სსიპ/ა(ა)იპ-ების ნაშთების გამოყენებასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაცია. კერძოდ, მოცემული 100 მლნ ლარიდან 90 მლნ ლარი წარმოადგენს სსიპ/ა(ა)იპ-ების მიერ წინა წლებში დაგროვილი ნაშთიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართ თანხებს
  • სხვა შემოსავლების მუხლში დივიდენდებში ასახულია სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოგებიდან ბიუჯეტში მისამართი თანხა 50 მლნ ლარის ოდენობით. 2020 წლის ბოლოს აღნიშნულ საწარმოს დაევალა 58.7 მლნ ლარის მიმართვა ბიუჯეტში 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, კანონპროექტში დივიდენდის თანხა არასრული ოდენობითაა ასახული.
  • ფინანსური აქტივების კლების სესხების კომპონენტში, ქვესასესხო ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკით, 2021 წელს დაგეგმილია გადასესხებული კრედიტებიდან 167 მლნ ლარის ძირი თანხის დაფარვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, აღნიშნული მაჩვენებელი 210 მლნ ლარს შეადგენს და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წყაროებიდან მოხდება დამატებითი თანხების მობილიზება, მოცემული არ არის
  • ასევე, აქციები და სხვა კაპიტალის კლების კომპონენტში გეგმური მაჩვენებელი განსაზღვრულია 0 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც 2021 წლის ივლისის მდგომარეობით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონის გზით გაყიდულია 4 სახელმწიფო საწარმო, ჯამური ღირებულებით 2 მლნ ლარი. სააგენტოს მიერ წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვა სახელმწიფო საწარმოების გაყიდვაც.

 

„2021 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის მოცულობა არსებულ გეგმასთან შედარებით 1.4 მლრდ ლარით მცირდება და 32.3 მლრდ ლარს უტოლდება. აღნიშნულ შემცირებაში ძირითადი წვლილი ეროვნული ვალუტის გამყარებამ შეიტანა, რომლის ეფექტი 98%-ს შეადგენს (1.4 მლრდ ლარი), ხოლო ვალის არსებული ნაშთის შემცირების ეფექტი კი 2%-ია (30.5 მლნ ლარი)“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, „საყურადღებოა, რომ კანონპროექტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში არ მომხდარა ყველა იმ პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნობრივი მაჩვენებლის დაკორექტირება, რომელსაც შეეცვალა დაფინანსება. კერძოდ, 8 პროგრამისა და 16 ქვეპროგრამის შემთხვევაში, რომელთაც მნიშვნელოვნად შეეცვალათ დაფინანსება (-74%-დან 234%-მდე) მიზნობრივი მაჩვენებლები არ განახლებულა. ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა კი ძირითადი წინაპირობაა ანგარიშგების ეტაპზე მიღწეული შედეგების სრულყოფილად შეფასებისათვის“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com